საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მათ რაგბი მიაქვთ მთაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:39 - 27 ივლისი 2017 hits 24376

ნელ-ნელა გროვდებიან. თვალებში უყურებენ, გაფაციცებით უსმენენ, ქალაქიდან ხომ მათთან ერთად სავარჯიშოდ და სათამაშოდ ჩავიდნენ! თან ბურთიც ჩაუტანეს საჩუქრად. ბურთი ოვალურია და ინტერესს სწორედ მისი განსხვავებული ფორმა იწვევს. ზოგიერთს თითქოს არც აინტერესებს, უცხოა და არ უნდა რომ ჩაერთოს, თუმცა ადვილად უღებენ ალღოს. სულ ცოტა ხანში წრე იკვრება, ბავშვები ერთად დარბიან და რაგბის თამაშობენ.

ორი წლის წინ, ენთუზიაზმით სავსე 4 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ექსპედიციაში წავიდა. მოყვარულ, თუ პროფესიონალ მორაგბეებს, რაგბის მოყვარულებს, ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი და რაჭა, ანუ ის ადგილები და სოფლები უნდა მოევლოთ, სადაც რაგბის კერები არ არსებობდა. საერთო მიზანი ჰქონდათ - ადგილობრივი ბავშვებისთვის თამაშის წესები და ღირებულებები აეხსნათ, ევარჯიშებინათ და ოვალური ბურთიც დაეტოვებინათ საჩუქრად.

ლევან ჯობავა მოყვარული მორაგბე და პროექტ „რაგბი აქაურობას“ ავტორია. თანამოაზრეებთან ერთად, ამ ეტაპზე, საქართველოს 75 სოფელი აქვს მოვლილი. ჯამში 2000-მდე გოგო-ბიჭი ავარჯიშა, რამდენიმე სარაგბო ფესტივალი ჩაატარა და მეგობრებთან ერთად, რეგიონში მცხოვრებ 3 ბავშვს სტიპენდიის მიღებასა და პროფესიული რაგბის გზაზე დადგომაში დაეხმარა. სამივე მოზარდი დღეს გორის „ჯიქის“ ასაკობრივი გუნდის წევრია.   

„ჩვენი ამოცანა ჩემპიონების პოვნა არაა! უბრალოდ, გვსურს, რომ რაგბი და სარაგბო ღირებულებები ბავშვებამდე მივიტანოთ. მინიმუმ კარგი ქომაგის ჩამოყალიბებას მაინც შევუწყობთ ხელს, ქომაგის, რომელიც მეტოქის ჰიმნის გაჟღერებისას არ დაუსტვენს“, - ამბობს ლევან ჯობავა.

მცდარი წარმოდგენების გამო, რომ რაგბი აუცილებლად ტრავმებთან არის დაკავშირებული, საწყის ეტაპზე, გარკვეულ წინააღმდეგობასაც აწყდება. თუმცა, სპეციალურად შემუშავებული მეთოდითა და სახალისო ვარჯიშებით სირთულეების დაძლევა მალევე ხერხდება. ვარჯიში და სახალისო თამაშები, რომლებშიც ბიჭებთან ერთად გოგონებიც არიან ჩართულნი, მაქსიმუმ ერთ საათს გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მთაში მცხოვრები ბავშვები ფიზიკურად კარგად არიან განვითარებული, მათი ზედმეტად დატვირთვა არ შეიძლება!

„ნიჭიერი ბავშვები ყველგან არიან. მადლობა ღმერთს, რომ სოფლებში ასფალტი და ბეტონი არ ჭამს სიმწვანეს და სათამაშო ადგილის პოვნა მარტივია. წესებს ვუხსნით, ვასწავლით, რა არის პასი, ბოჭვა... აქცენტს გუნდურად თამაშის მნიშვნელობაზე ვაკეთებთ. აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები ბავშვები საოცარ ბოჭვებს ასრულებენ, მათი ბევრ პროფესიონალსაც შეშურდებოდა. დასავლეთში კი ისეთი საოცარი სისხარტით პოულობენ გასაძრომ-გამოსაძრომ სივრცეს, გვიჭირს კიდეც დაჯერება! მთაში გამორჩეული ბავშვები გვხვდებიან. ბრძოლისუნარიანი და ჟინიანები არიან. თუკი რაღაც არ გამოსდით, ბოლომდე იბრძვიან და ცდილობენ, დაგიმტკიცონ, რომ შეუძლიათ!“

თითოეული სოფლიდან წამოსვლისას გული წყდება, არ იცის როდის დაუბრუნდება მოსწავლეებს, თუმცა ერთი პირობა უცვლელია - „კიდევ შევხვდებით!“ ამ შეხვედრების ორგანიზება კი ზოგჯერ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მატჩებზე ხდება.

„ვერც აღვწერ ბავშვების ემოციებს. წარმოიდგინეთ, სკოლაში შეიძლება სულ თხუთმეტნი იყვნენ, უცებ კი 55 ათასიან „დინამო არენაზე“ ხვდებიან! უკანაფშაველ ბავშვებს ისე გაუხარდათ, წერილებიც კი დაგვიწერეს.“

მიღწეულ შედეგზე შეჩერებას არ აპირებს და სურს, რომ რაგბი უფრო მეტ სოფელში ჩაიტანოს, სარაგბო ღირებულებები კი უფრო მეტ ბავშვს გააცნოს. 1-დან 5 აგვისტოს ჩათვლით, თანამოაზრეებთან ერთად თუშეთში წავა, მოზარდებისთვის სარაგბო ფესტივალი უნდა ჩაატაროს.

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში