თამაზ მეჭიაური: სადმე წერია, რომ ასაკი პრივილეგიაა? ან სადმე, ერთ რომელიმე საჯარო სამსახურში უმუშავია ლევან წიკლაურს? მუნიციპალიტეტის მართვა ქვეყნის მართვის შედარებით შემცირებული ვარიანტია. კომპეტენციაზე და ნიჭიერებაზე, რომელზეც პრემიერი საუბრობდა, ახალგაზრდა და ნიჭიერიო ხომ, საიდან განსაზღვრა, რომ ის ნიჭიერია და მე უნიჭო?
- ბატონო თამაზ, თიანეთში ვიზიტისას ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ გასული 4 წელი იყო, ანუ მერად თქვენი არჩევის შემდეგ, არასტაბილურობის 4 წელი იყო - „არასწორი კოორდინაცია, მუდმივი დაძაბულობა საკრებულოსთან, მუშაობაში იყო ბევრი სირთულე და ეს საბოლოო ჯამში აისახა თიანეთის მოსახლეობაზე. ათჯერ მეტი საქმის გაკეთება შეგვეძლო, შეეძლო მასაც, საკრებულოს, ჩვენს გუნდს, სამხარეო ადმინისტრაციას, ცენტრალურ მთავრობას, მაგრამ ვინაიდან მერი არ იყო პარტიის კანდიდატი, ეს იყო მუდმივი დაძაბულობის კერა და მიზეზი. მუდმივი საბოტაჟის და დავარქვათ ასე ვთქვათ, არასწორი და უფრო სწორად კოორდინაციის არარსებობა“. რას უპასუხებთ პრემიერს?
- საბოტაჟი საკრებულოს მხრიდან იყო ყოველთვის. ორი მესამედი ჰყავდა „ქართულ ოცნებას“. 2017 წელს, როცა მერის არჩევნები მოვიგე, მხოლოდ 13 ნოემბრის შემდეგ შევძელი მერის უფლებამოსილების მიღება, რადგან მანამდე სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. მერიას საკრებულოში 15 ნოემბრამდე უნდა წარედგინა 2018 წლის ბიუჯეტი. დოკუმენტი მომზადებული იყო წინა ხელმძღვანელის პერიოდში, ვინც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. ერთი დღე მქონდა შუალედში, რომ რაღაც კორექტივები შემეტანა, მაგრამ ვიცოდი რა მათი განწყობა, მაქსიმალურად შეეცდებოდნენ ხელის შეშლას, საბაბი რომ არ მიმეცა, წერტილი და მძიმეც კი არ გადავანაცვლეთ. სამჯერ ჩამიგდეს თავისივე დაწერილი ბიუჯეტი.
კოორდინაცია მათი მხრიდან არ იყო, თორემ ჩვენ ყველა პროექტს კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით ვუგზავნიდით. დიდი ძალისხმევის შემდეგ რაღაცას ვაღწევდით. მთლიანობაში თუ მოსახლეობა ზარალდებოდა, ისევ მათ გამო ხდებოდა ეს ყველაფერი.
რაც შეეხება პრემიერის განცხადების იმ ნაწილს, სადაც თქვა, რომ ცენტრალურ მთავრობაში ისინი არიან და ვერავინ ნაბიჯს ვერ გადადგამს მათ გარეშე, ბიუჯეტი არ არის რომელიმე პარტიის კერძო საკუთრება, ეს შედგება იმ შემოსავლებიდან, რომელსაც თითოეული ჩვენგანი, გადამხდელი ვიხდით. ასევე, შედგება იმ სესხებისგან, რომელსაც საკმაოდ ხელგაშლილად ვიღებთ ამ ბოლო წლებში, ასტრონომიულ ნიშნულს მიაღწია და აქედან ხდება მერე სხვადასხვა პროექტების დაფინანსება. ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ზუსტად საარჩევნო ხმების მისაღებად. ასე პირდაპირი განცხადება, რომ დაგსჯით, თუ ამ ხმას არ მოგვცემთ, არ აირჩევთო ჩვენს მერს, ეს მინიმუმ არაკორექტულია და ამავე დროს, არც მთლად კანონიერია. უნდათ ყველა მერი იყოს „ქართული ოცნების“, ეს ყოველგვარი დემოკრატიის მიღმაა.
ადგილობრივი თვითმმართველობა უნდათ წარმოაჩინონ, როგორც მთავრობის დანამატი. დამხმარე ეზო ჰქონია მთავრობას მთლიანად, მხოლოდ პრემიერს არა, ძალიან ბევრს. მაგალითად, როცა მოდიან და იძახიან, ჩვენთვის მისაღები მერი უნდა ავირჩიოთო. პრემიერიც იგივეს ამბობდა, ვიცე პრემიერიც, როცა ჩამოვიდა, უნდა ავირჩიოთ მერი, რომელთანაც კომფორტულად იგრძნობენ თავს.
თუ უნდათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, მერი იყოს ფაქტობრივად მთავრობის პირდაპირი დანამატი, იყო ასეთი დრო ადრე, პრეზიდენტი ნიშნავდა გუბერნატორსაც და გამგებელსაც. არ ტარდებოდა თვითმმართველობის არჩევნები და იყვნენ ბედნიერად.
ყველამ იცოდა, რომ იქ ფულიც აღარ უნდა დახარჯულიყო და ის თუ არ მოიქცეოდა ისე, როგორც პრეზიდენტს უნდოდა, გადააყენებდნენ და დამთავრდებოდა საქმე.
რადგანაც ახლა დეცენტრალიზაციაზე გადავდივართ თანდათან, ევროკავშირში რომ მიდიხარ, ქარტიას ხელს აწერ და ვალდებულებებს იღებ, რისთვის აწერ ამას ხელს? თუ მოაწერე ხელი, თვითმმართველობის უფრო მეტი დამოუკიდებლობა უნდა გვქონდეს და არა ის, რომ გინდა სრულ კონტროლზე გყავდეს. ამისთვის გაქვს გუბერნატორის სამსახური.
- ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სადაც მერად მათი კანდიდატი არ იქნება არჩეული, ცენტრალურ მთავრობას ნაკლები მოტივაცია ექნება იმ მუნიციპალიტეტში პროექტების განსახორციელებლად.
- ცენტრალურ ხელისუფლებას რაც შეეძლო და უნდა გაეკეთებინა, იყო ახმეტა-თიანეთის გზის რეაბილიტაცია, რომელიც 2018 წელს დაიწყო და ამ დრომდე ვერ დასრულდა 28 კილომეტრის აღდგენა. სამუსაოები ერთ წელზე მეტია შეწყვეტილია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მუნიციპალიტეტის ტენდერი არ იყო და გზების დეპარტამენტი კურირებდა, ჩემი ბერკეტებით ყველაფერს ვცდილობდი, რომ როგორმე ეს საქმე წინ წაგვეწია. თიანეთის მხარეს ასე თუ ისე რეაბილიტირებულია, მაგრამ ახმეტის მხარეს არა და არ დასრულდა. ჯობდა ამისთვის მიეხედათ, რაც ზუსტად მათი პრეროგატივა იყო და არავინ უშლიდათ ხელს ამის გაკეთებაში. თუ არ გაივლიან იქ, როგორ უნდა სცოდნოდათ, მაგრამ შვეულმფრენით ჩამოვიდა და იქიდან არ გამოჩნდებოდა ეს მდგომარეობა.
- როგორც ვიცით, თქვენ და თიანეთში მესამე ადგილზე გასული ილია არჩემაშვილი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, თანამშრომლობაზე შეთანხმდით. ის მეორე ტურში მხარს დაგიჭერთ და აქეთკენ მოუწოდებს თავის ამომრჩეველსაც. რის სანაცვლოდ?
- ილია არჩემაშვილმა პირველ ტურში დაახლოებით 19 % დააგროვა. შესაძლოა მისი ამომრჩევლების ხმა გადამწყვეტი გახდეს მეორე ტურის დროს.
„ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობდა მასთან მოლაპარაკებას. ახლა რომ ლაპარაკობენ, ვითომ მე შევეკარი ვიღაცას. დიდი სიამოვნებით შეეკვრებოდნენ, რომ მოეხერხებინათ მასთან მოლაპარაკება, მაგრამ ვერ შეძლეს.
კონსულტაციები პოეტ ტარიელ ხარხელაურის მედიაციით წარიმართა. ჩვენ შევჯერდით რაზე, მზად ვიყავი მეთანამშრომლა ყველასთან, ვისთვისაც მუნიციპალიტეტის, თიანეთის ინტერესი იდგა უფრო მაღლა, ვიდრე პარტიული. ამისათვის მე დამიჭერენ მხარს ისინი, ყველა პარტია. მე შევთავაზე ილიას, რომ ყოფილიყო მერის პირველი მოადგილე, ან მოადგილის ადგილი შემეძლო დამეთმო მისი რომელიმე თანაგუნდელისთვის. მან პირველ ეტაპზე თავი შეიკავა ამისგან, თუმცა მზად არის, უკვე არჩევნების შემდეგ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ.
30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში გაიმართება.