საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ალვნის საბავშვო ბაღში წოვათის ხეობის თუშების ენის სწავლება დაიწყო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:44 - 15 აპრილი 2019 hits 10438

წოვათის ხეობის თუშების ენის გადასარჩენად, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ ზემო ალვნის საბავშვო ბაღში ენის სწავლება დაიწყო.  

„გვეგონა რომ რთული იქნებოდა, დაკარგულ ენად ითვლება. ენაც თვითონ რთულია, ასოებიც ძალიან განსხვავებული. მშობლებსაც აღარ აქვთ ის ბაზა, რაც უფროს თაობას ჰქონდა. კარგად მოგვყვებიან პატარები. არ გვეგონა თუ ასეთ შედეგებს მივიღებდით“, - გვეუბნება ნანა უშარაული, რომელიც 4-6 წლის ასაკის 50-მდე ბავშვს წოვათის ხეობის თუშების ენას ასწავლის.

ზემო ალვნის საბავშვო ბაღსა და სკოლაში ენის სწავლება თუშების სათემო საბჭოს ინიციატივაა.

„ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ საუბრობენ თუშურ ენაზე, 40-50 წელს ზემოთ არიან. სამწუხაროდ, ახალგაზრდები თითქმის აღარ ფლობენ ენას და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ ასაკის ბავშვების ჩართვა“, - უთხრა „მთის ამბებს“ ლევან დურმიშხანიძემ, თუშების სათემო საბჭოს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი ზემო ალვნის სკოლაში ენის სწავლების დანერგვაა, რაზედაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მუშაობას გეგმავენ.

„სკოლაშიც თუ გაგრძელდება, ამას ძალიან დიდი შედეგები ექნება სამომავლოდ, რომ მომავალმა თაობამ ცოტა მაინც შეინარჩუნოს ეს ენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ რა შრომასაც ჩავდებთ, ფუჭი აღმოჩნდება“, - ამბობს ნანა უშარაული.

წოვათა თუშეთის ერთ-ერთი ისტორიული თემია, ალაზნის სათავეში. ხეობაში შვიდი სოფელი იყო: წარო, ინდურთა, ეთელთა, საგირთა, შავწყალა, მოზართა და ნადირთა. მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, 1886 წლისთვის, წოვათის ხეობის მხოლოდ 4 სოფელი ყოფილა დასახლებული - წარო, ინდურთა, ეთელთა და საგირთა. სულ 1533 ადამიანს უცხოვრია (337 ოჯახი).

მე-19 საუკუნის დასაწყისში, წოვათიდან თუშები ბარში, ალაზნის ველზე ჩამოსახლებულან. ისტორიულ წყაროებში მოსახლეობის აყრის რამდენიმე მიზეზია დასახელებული: 1830 წელს სოფელი საგირთა მეწყერმა წალეკა; მოსახლეობის ნაწილი შავმა ჭირმა იმსხვერპლა; თუშები მეცხვარეობის გამო მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ; ჩეჩნები ესხმოდნენ თავს.

ჩამოსახლებულთა შთამომავლები ამჟამად სოფელ ზემო ალვანში ცხოვრობენ, დაახლოებით 1600-1700 ადამიანი. წოვათაში საზაფხულო საძოვრები აქვთ. ხეობის სოფლებამდე მისასვლელი ერთადერთი სამანქანო გზა დამეწყრილია და გადაადგილება ხშირად ზაფხულშიც შეუძლებელია. ნასოფლარი წარო, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, განადგურების პირას არის.

თუშეთის დანარჩენი ოთხი ხეობის მცხოვრებთაგან, წოვათის ხეობის თუშებს ენა განასხვავებთ. თუ ჭანჭახოვნის, გომეწრის, ჩაღმის და პირიქითის ხეობების თუშები ქართული ენის თუშურ დიალექტზე საუბრობენ, წოვათის თუშებში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი საკუთარი ენა.

სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ენა დამკვიდრებულია როგორც წოვათუშური (ზოგიერთი წყარო მას ბაცბურადაც მოიხსენიებს), თუმცა თუშების სათემო საბჭო, რომელიც წოვათის ხეობის თუშების სათემო ორგანიზაციაა, ენას თუშურს უწოდებს და ენათმეცნიერებისგანაც ითხოვს, თუშური ენის სახელით მოიხსენიონ.

წოვათის თუშების ენა კავკასიურ ენათა ნახურ ჯგუფს მიეკუთვნება. ამ ენაზე წოვათის თუშები ძირითადად თემში საუბრობენ, ახალგაზრდების უმრავლესობამ კი ენა არ იცის

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში