საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშების სათემო საბჭო ითხოვს, თუშური ენისთვის ბაცბურის დარქმევა არალეგიტიმურად გამოცხადდეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:58 - 08 მარტი 2019 hits 10698

თუშების სათემო საბჭომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას მიმართა და ითხოვს, არალეგიტიმურად გამოცხადდეს თუშური ენისთვის ბაცბურის დარქმევა.

„საუკუნეების განმავლობაში, ჩვენს სამეტყველო ენას, სამეცნიერო წყაროებში თუშური ენა ეწოდებოდა (იოჰან გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში 1962-1964 წლები; პ. უსლარის კავკასიის ეთნოგრაფია, ენები. 1887 წ; მ. ბროსე, 1966 წ; ა შიფნერი 1856 წ; ნ. მარი 1926 წ. და სხვა). მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელი მოსაზრებით, მანამდე სრული ლეგიტიმაციის მქონე ტერმინი - თუშური ენა, მეცნიერული ახსნა-განმარტების, დასაბუთების გარეშე შეცვლილ იქნა არალეგიტიმური, არასწორი ტერმინით - ბაცბური ენა, რასაც შედეგად მოჰყვა დამახინჯებული ტერმინების მთელი ჯაჭვი.

ჩვენი თემი ამ სახელწოდებას ნახევარ საუკუნეზე მეტია არასწორად მიიჩნევს. ამიტომ, თუშების სათემო საბჭო, რომელიც წარმოდგენილია 118 გვარით 8 საგვარეულოდან, გთხოვთ:

მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე ოფიციალურად არსებული ტერმინის - თუშური ენის შეცვლა ტერმინით - ბაცბური ენა, რასაც არ ახლავს არანაირი წერილობითი დასაბუთება, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დაუსაბუთებლად და არალეგიტიმურად სცნოს;

სხვა შემთხვევაში, მეცნიერებათა აკადემიამ განგვიმარტოს და დაგვისაბუთოს, რის საფუძველზე და რა არგუმენტებზე დაყრდნობით მოხდა აღნიშნული ტერმინოლოგიური ცვლილება, რომელიც ჩვენი თემის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ შეფასებულია უარყოფითად, რომლის შედეგებიც სცილდება ჩვენს თემს და ზიანს აყენებს მას“, - ნათქვამია თუშების სათემო საბჭოს მიმართვაში.

უახლეს სამეცნიერო ნაშრომებში ეს ენა დამკვიდრებულია როგორც წოვათუშური (ზოგიერთი წყარო მას ბაცბურად მოიხსენიებს), თუმცა თუშების სათემო საბჭო, რომელიც წოვათის ხეობის თუშების სათემო ორგანიზაციაა, ენას თუშურს უწოდებს და ენათმეცნიერებისგან, ასევე ჟურნალისტებისგან ითხოვს, თუშური ენის სახელით მოიხსენიონ.

წოვათა თუშეთის ერთ-ერთი ისტორიული თემია, ალაზნის სათავეში. ხეობაში შვიდი სოფელი იყო: წარო, ინდურთა, ეთელთა, საგირთა, შავწყალა, მოზართა და ნადირთა. მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, 1886 წლისთვის, წოვათის ხეობის მხოლოდ 4 სოფელი ყოფილა დასახლებული - წარო, ინდურთა, ეთელთა და საგირთა. სულ 1533 ადამიანს უცხოვრია (337 ოჯახი). ამჟამად წოვათის ხეობის ყველა სოფელი დაცლილია.

წოვათიდან ჩამოსახლებულთა შთამომავლები ამჟამად სოფელ ზემო ალვანში ცხოვრობენ, დაახლოებით 1600-1700 ადამიანი. წოვათის ხეობის თუშების სასაუბრო ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა. ამ ენაზე რამდენიმე ათეული ადამიანიღა საუბრობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში