საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა პრობლემების გადაწყვეტას ითხოვს თუშების სათემო საბჭო წოვათის ხეობის გასაცოცხლებლად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:16 - 13 აპრილი 2019 hits 9287

გზის მშენებლობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია და ტურისტული მარშრუტების მარკირება - თუშების სათემო საბჭო, რომელიც თუშეთის წოვათის ხეობის მოსახლეობის სათემო ორგანიზაციაა, ხეობის გასაცოცხლებლად და განვითარებისთვის, ამ პრობლემების მოგვარებას ითხოვს.

წოვათა თუშეთის ერთ-ერთი ისტორიული თემია, ალაზნის სათავეში. ხეობაში შვიდი სოფელი იყო: წარო, ინდურთა, ეთელთა, საგირთა, შავწყალა, მოზართა და ნადირთა.  

წოვათის ყველა სოფელი დაცლილია. ამის ძირითადი მიზეზი უგზოობაა. ხეობაში დაბრუნების მსურველები არიან, თუმცა ვერ ახერხებენ სახლებისა და საცხვრე ბინების აღდგენას, მოვლა-პატრონობას. გომეწრის ხეობიდან წოვათისკენ მიმავალი სამანქანო გზა რამდენიმე წელია დამეწყრილია.

დაზიანებულია და განადგურების პირასაა სოფლები ეთელთა, ინდურთა და წარო. 2018 წელს, წაროსა და ინდურთას ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

წოვათაში ვერც ტურიზმი ვითარდება. ბილიკები არ არის მარკირებული, მდინარეებზე გადასასვლელად საფეხმავლო ხიდებიც კი არ არსებობს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ მთავრობა თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას აპირებდა, წოვათის ხეობის მოსახლეობა დააიმედა. ახალი გზა პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით უნდა გაჭრილიყო და თუშეთს, ნასოფლარ შავწყალასთან მიერთებოდა. 2019 წლის თებერვალში, „მთის ამბებთან“ ინტერვიუში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ თქვა, რომ პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტი ჩავარდა.

თუშების სათემო საბჭო ამ გზის მშენებლობის საჭიროებას არაერთი არგუმენტით ასაბუთებს:

თუშეთის არსებულ გზას არ აქვს საავტომობილო გზის რომელიმე კატეგორია, საცხვრე გზაა და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურად მიიჩნევა. თითქმის ყოველწლიურად არის მსხვერპლი;

  • ხადორის უღელტეხილი, რომელზეც პანკის-თუშეთის ახალმა გზამ უნდა გაიაროს, ზღვის დონიდან 2600 მეტრზეა, არსებული გზა გადის აბანოს უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზეა;
  • თუშეთის არსებული გზა მაისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; შატილის გზა, რომელიც იგივე სიმაღლის უღელტეხილზე გადის, რა სიმაღლეზეც პანკისი-თუშეთის გზამ უნდა გაიაროს, აპრილში იხსნება და ნოემბერში იკეტება;
  • ფშაველიდან ომალომდე მანძილი 72 კილომეტრია, ხადორიდან (სადამდეც გზა ხეობაში ვაკეზე გადის) ომალომდე თითქმის ნახევარია, წოვათამდე კიდევ უფრო ნაკლები;
  • არსებული გზით ფშაველიდან ომალოში ასვლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება, ახალი გზით დრო 1.5 – 2 საათით მაინც მცირდება;
  • ხორვატიული კომპანიის მიერ მომზადებულ ანგარიშში დასკვნის სახით მოცემულია, რომ არსებული გზა გამოუსადეგარია სატვირთო მანქანებისთვის, რომელთა ტვირთი 5 ტონას აღემატება. ამგვარი გზის რეკონსტრუქცია კი უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ახალი გზის მშენებლობა.
  • თუშეთის არსებულ გზაზე, სოფელ ხისოსთან განვითარებულია ძლიერი მეწყერი, რომელიც ერთი მხრივ აფერხებს/აგვიანებს გზის გახსნას და მეორე მხრივ სეზონზე მუდმივად ქმნის პრობლემებს გადაადგილების დროს და ზრდის ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის რისკებს. უკვე მოხდა რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა.
  • თუშეთის წოვათის ხეობის 7-ვე სოფელი გაუკაცრიელებულია, აღარავინ ცხოვრობს. წლებია წოვათის ხეობასთან დამაკავშირებელი გზა მეწყერს აქვს დაზიანებული. უგზოობის გამო ვერ ხერხდება წაროს და ინდურთას რეაბილიტაცია და გადარჩენა.
  • თუშეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ეროზია, რომელსაც ცხვრის ძოვება კიდევ უფრო ამძაფრებს, აზიანებს სოფლებს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. წოვათის ხეობის ზემოთ ალაზნისთავის დიდი ტერიტორიაა, რომელსაც თუშები ტრადიციულად საძოვრებად იყენებდნენ. ახლა ეს ადგილები აუთვისებელია, რადგან გზა არ უკავშირდება და იქიდან პროდუქტის (რძის ნაწარმი, მატყლი და ა.შ.) ბარში ტრანსპორტირება შეუძლებელია; თუშეთის სოფლებში კი საძოვრების სიმცირის გამო რეგიონში მესაქონლეობის განვითარებაც ფერხდება; ახალი გზის მშენებლობა განტვირთავდა თუშეთის რამდენიმე ხეობას;
  • ახმეტის მუნიცაპალიტეტის სოფელ ზემო ალვნიდან მაღალია საზღვარგარეთ, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიგრაცია. უგზოობის გამო წოვათის ხეობის თემი ვერ ახერხებს ტურიზმში ჩართვას.
  • თუშეთი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის, საზღვრისპირა რეგიონია. გვესაზღვრება რუსეთის ფედერაცია. დაღესტნის მხრიდან რუსეთის ფედერაციას თუშეთთან ახლოს რამდენიმე სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული.
  • ხშირია შემთხვევები, როცა ზამთრის პერიოდში ცუდი ამინდის გამო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თუშეთში გაფრენას ვერ ახერხებს, ადგილზე კი არ არის ხელმისაწვდომი არანაირი სამედიცინო სერვისი და მომსახურება.

პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით თუშეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ითხოვს პანკისის უხუცესთა კავშირიც. ჩიხური სიტუაციიდან ხეობის გამოყვანა მიაჩნიათ ყველაზე რეალურ გამოსავლად, ხეობაში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე: ახალგაზრდების რეკრუტირება სირიაში; ძალადობრივი ექსტრემიზმის რისკები; ხეობის სოფლებიდან ახალგაზრდების მასობრივი მიგრაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ; დასაქმების დაბალი მაჩვენებელი; ხეობის ჩაკეტილობა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემები განსაკუთრებით ახალგაზრდებში; სამოქალაქო ინტეგრაციის შეფერხება და ა.შ.

11 აპრილს, ზემო ალვანში გამართულ შეხვედრაზე თუშების სათემო საბჭოს წარმომადგენლებმა წოვათის ხეობის თუშების ენის გადასარჩენად სხვა ღონისძიებების განხორციელებაზეც ისაუბრეს. აპრილიდან, ზემო ალვნის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ბავშვებისთვის ამ ენის სწავლება უკვე დაიწყო. თუშების სათემო საბჭოს მიაჩნია, რომ ენა სკოლაშიც უნდა ისწავლებოდეს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაჭრის ხელშეწყობაა „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ პროექტის მიზანი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით ხორციელდება.

პანკისის და ხადორის ხეობების გავლით თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის წინააღმდეგია რამდენიმე გარემოსდაცვითი ორგანიზაცია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში