საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ახალი გზა თბილისიდან თუშეთამდე მგზავრობის დროს 3-ჯერ შეამცირებს – პრემიერი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:13 - 25 მარტი 2018 hits 12770

„თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თბილისიდან თუშეთის მიმართულებით საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობა სამჯერ შევამციროთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახაშენში, სადაც ახალი სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნა.

„თუშეთი და კახეთი არ შეიძლება ცალ-ცალკე განვიხილოთ. მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით, მათ შორის თუშეთის ახალი გზის მშენებლობა. ეს ყველაფერი ერთიანობაში მოიტანს გაცილებით უფრო მაღალ დინამიკას და რა თქმა უნდა, ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ამ რეგიონში“, – აღნიშმა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია: „ძალიან სასიხარულოა, რომ კახეთში ტურიზმი გადადის თვისობრივად ახალ განზომილებაში. მოთხოვნა ასეთი ტიპის სასტუმრო კომპლექსებზე ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება.

გასული წლის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა ტურისტების რიცხვი. ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა საქართველოში. მხედველობაში მყავს ტურისტები, რომლებიც ტურიზმის მიზნით ჩამოდიან და შეგვიძლია ასეთი რიცხვი 10 მილიონამდე გავზარდოთ“.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი და აუცილებლად უნდა აღდგეს კახეთის რკინიგზა.

ამჟამად თუშეთთან ერთადერთი საავტომობილო გზა გვაქვს, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და მდინარე სტორის ხეობის გავლით, აბანოს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე გადის. გზის სიგრძე 72 კილომეტრია, თუმცა ამ გზის გავლას მაღალი გამავლობის მანქანით, ფშაველიდან დაახლოებით 4 საათი სჭირდება. თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. ამასთან, აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო, გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე დაკეტილია.

თუშეთის ახალი გზა, რომლის აშენებასაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2020 წლის ბოლომდე გეგმავს, პანკისიდან დაიწყება და ხადორის ხეობის გავლით, თუშეთის გომეწრის ხეობაში, სოფელ ვერხოვანთან შევა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხადორის ხეობა - თუშეთის გზის მშენებლობის პროექტი ჯერ არ არსებობს, თუმცა ახალი, უსაფრთხო გზის გასაყვანად ეს მარშრუტია შერჩეული. დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, საპროექტო კომპანია ხადორი-თუშეთის გზის პროექტს მიმდინარე წელს წარმოადგენს.

თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხი თუშებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა. ქვემო ალვანის მოსახლეობა პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით ახალი გზის მშენებლობის წინააღმდეგია. ისინი არსებული გზის რეაბილიტაციას ითხოვენ, ზემო ალვანის მცხოვრებლები კი მთავრობის ინიციატივას მხარს უჭერენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში