საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რას სთხოვს ხევსურეთში დაბრუნებული ერთადერთი ახალგაზრდა მთავრობას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:28 - 09 აპრილი 2019 hits 21050

- როგორ გამოიზამთრე?

- გაჭირდა, მთელი ზამთარი უშუქოდ ვიყავით. ძალიან რთული იყო. ვერ გაჩერდები სახლში, მითუმეტეს კოშკში, ბნელა. მთელი დღე გასული ვარ. რაღაც თუ არ აკეთე აქ, ვერ გაძლებ მთელი ზამთარი.

შატილის კოშკებში მარტო ცხოვრობს, მთელ ციხე კომპლექსში არავინაა მის გარდა.

25 წლის გიორგი ჭინჭარაული მეოთხე წელია რაც თბილისიდან პირიქითა ხევსურეთში დაბრუნდა: „აქ უფრო მეტი შანსია, რაღაც საქმე დაიწყო, რამეს მიაღწიო. ტურიზმის მხრივ დიდი შესაძლებლობებია. ქვემოთ, მდინარის პირას ადგილი მაქვს, თან კოშკებს უყურებს. სასტუმროს გაკეთება მინდა“.

იმის გამო, რომ მიწა საკუთრებაში არ აქვს, ვერც სესხს იღებს, 8-10 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო სახლის მშენებლობას კი დაახლოებით 25 ათასი ლარი სჭირდება.

„ეს პრობლემა მხოლოდ შატილს კი არა, მთელ ხევსურეთს აქვს - მიწას რომ არ გვიფორმებენ, ძალიან მაფერხებს. საკუთრებაში რომ მოგვცენ, შევძლებდი იპოთეკით დამეტვირთა, ბიზნესგეგმა დამეწერა, სესხი ამეღო და რაღაც დამეწყო.

გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხები საქმეში წინ წაგვწევდა და ხევსურებს თავის ადგილას დააბრუნებდა. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რაც ტურიზმს სჭირდება. აბა, ძალიან რთულია აქ საქონლის მოვლა, თიბვა, მოგროვება, ჩამოტანა, გამოზამთრება. ხევსურეთი ისედაც კლდოვანია და ვიწრო ხეობებით. სახნავად და მიწათმოქმედებისთვის ადგილები არცაა. ტურიზმმა ჩაანაცვლა ეს, მაგრამ მოსახლეობას ხელშეწყობა სჭირდება - მესაქონლეობას რომ გაანებებენ თავს, აქაურობა არ დატოვონ და ბარში არ წავიდნენ. შეღავათიანი და გრძელვადიანი სესხები მოგვცენ, რასაც მთავრობაში მოსვლამდე გვპირდებოდნენ კიდეც“.

ხევსურეთში დაბრუნებას და მცირე ბიზნესის დაწყებას სხვა ახალგაზრდებიც ცდილობენ. „გიორგიწმინდაშიც უნდა ერთ ახალგაზრდას დაბრუნება, სასტუმროს გაკეთებას ფიქრობს, მაგრამ მიწას ვერც ის იფორმებს. მერიაშიც იყო, როგორც ვიცი გუბერნატორსაც შეხვდა, რეაგირება არაფერი.

თუ აქაური ვარ, ჩემები თუ აქ ცხოვრობდნენ, გადმოცემით როცა ვიცი, რომ ეს ადგილი მე მეკუთვნის, რატომ ვერ უნდა ვიფორმებდე? ჩვენი მიწები ასეა მიგდებული.

რამდენჯერაც დაისვა საკითხი, ამ კითხვას თითქოს ატარებდნენ, ნორმალური პასუხი ვერ მივიღეთ“.

მთის კანონის სიკეთეები არც გიორგის შეხებია. მეოთხე წელი კი არის, რაც ხევსურეთში ცხოვრობს, მაგრამ რადგან არაფერი აქვს საკუთრებაში, ვერც შატილში ჩაეწერა: „თითქოს მთაში დაბრუნებას ცდილობენ ხალხისას, მაგრამ მე არაფერი მიგრძვნია, არაფერს აკეთებენ ამ პრობლემების მოსაგვარებლად“.

იხსენებს, რომ გასულ წელს მხარდაჭერა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასაც სთხოვა: „დუშეთში ჩავედი, მერის მოადგილეს შევხვდი. ავუხსენი, რომ სამი წელია დავბრუნდი, ჯერ არაფერი მაქვს იქ, რაც შემოსავალს მომცემს და იქნებ რამეში ჩამრთოთ მეთქი. ისე გხვდებიან, რომ თავიდან მოგიშორონ. არადა, საჯაროდ ამბობენ, რომ მთაში ხალხის დაბრუნებას ხელს უწყობენ. ბოლოს ნიკოლოზ ანთიძე დამეხმარა, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი. შატილის კოშკების მომვლელად დამასაქმა. მევალება რომ კოშკებს ვუპატრონო. ტურისტები როცა შემოდიან, ხშირად ბანზე დარბიან ან ხტუნაობენ, რაც აზიანებს. კოშკებს შორის ბილიკებს მივხედავ, გავასუფთავებ. ალბათ ინვენტარსაც გამომიგზავნიან, გზა რომ გაიხსნება“.

შატილთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა ნოემბრიდან აპრილის ბოლომდე ჩაკეტილია, დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავების გამო. ექვსი თვის განმავლობაში შატილში მოხვედრა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენითაა შესაძლებელი, რომელიც მესაზღვრეების გადასაყვანად ორ კვირაში ერთხელ დაფრინავს. სასაზღვრო პოლიციას ემადლიერებიან, ეგენი რომ არა, ხევსურეთში ის რამდენიმე ადამიანიც აღარ იქნებოდა, ვინც ამ დრომდე შემორჩაო.

ზამთარში, პირიქითა ხევსურეთში - მუცოში, არდოტში, ანდაქსა და ხონეშიც რჩება ხალხი. ბოლო სოფელი, ხონე შატილიდან 20 კილომეტრშია, საქართველო-ჩეჩნეთის საზღვართან. რამდენიმე წელია შატილის თემში მცხოვრებნი ერთ ტრაქტორს ითხოვენ, უღელტეხილს იქით სოფლებს შორის მიმოსვლა რომ არ შეწყდეს.

„ერთ ტრაქტორს ვითხოვთ, ბევრს ხომ არაფერს, რომელსაც აქ დაგვიტოვებენ და ზამთარში გზებს ზვავებისა და თოვლისგან გაასუფთავებს. გიორგიწმინდიდან მოყოლებული ხონემდე გზაზე მოძრაობა რომ შეიძლებოდეს. სოფლებს შორის არც სატელეფონო კავშირია, არც ინტერნეტია. მიღმახევის სოფელში ვინმეს დაბრუნება და დარჩენა რომ უნდოდეს ოჯახით, ვერ წამოვა იმიტომ, რომ იქიდან ბავშვები ფეხით უნდა ატაროს შატილში. სად რომ სოფლიდან სოფელში მიმოსვლაა, უფრო აღდგება ურთიერთობები, უფრო მეტი ხალისი გექნება, რომ ჩასვლა შეგიძლია, იმათ ჩამოსვლა, სტუმრობა და ა.შ. შენ სოფელში რომ ხარ ოქტომბრიდან აპრილის ბოლომდე დამწყვდეული, ვერსად გადიხარ და ოჯახი ვერ გაგყავს, ძალიან რთულია ეს“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში