„გავწამდით. ჰესი შეიძლება დილით ჩართონ 2-ჯერ, 10 ან 15 წუთით და საღამოსაც 2-ჯერ ან უკეთეს შემთხვევაში 3-ჯერ. წყალი არ ჰყოფნისო, მაგრამ დაზიანებულია წყალშემკრები, მილებიც, ჰესიც. გაუსაძლისია უკვე აქ ყოფნა, ძალიან გართულდა“;
„მთელი ზამთარი, დეკემბრიდან ამ დრომდე ფაქტობრივად უშუქოდ ვართ. ტელეფონების დატვირთვას ძლივს ვასწრებთ და ზოგჯერ ამასაც ვერ ვახერხებთ“.
„მთელ საქართველოში ჰესებს აშენებენ და რა გახდა ერთი პატარა ჰესის რეაბილიტაცია? ამასაც თუ ვერ ახერხებენ, დიზელი მაინც გამოეგზავნათ, აგრეგატი რომ ჩაგვერთო“.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ სეხნიაშვილის განცხადებით, შატილში აგრეგატისთვის საწვავი თუ სჭირდებოდათ, სოფელში მერის წარმომადგენელს მერიისთვის წერილობით უნდა მიემართა და დიზელის გამოყოფა მოეთხოვა, ასეთი წერილით კი მერიისთვის არავის მიუმართავს.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე კი აცხადებს, რომ შატილს დილით და საღამოს 3 საათით მაინც აქვს ელექტროენერგია. გუბერნატორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შატილში მუდმივად მცხოვრებლებთან კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ:
„რაიონის გამგებელმაც იცის, გუბერნატორმაც, მაგრამ არაფერი შეცვლილა. შუქი 1 ან 1.5 საათი გვაქვს მაქსიმუმ, ისიც 4 ან 6 წყვეტით, დილით და საღამოს. წელს პირველად ხომ არ მოხდა. ზედიზედ რამდენიმე დღე ან კვირა შესაძლოა საერთოდ უშუქოდ ვიყოთ. მესამე წელია ასეთ რთულ პირობებში ვართ. თვითონ იქნებიან ასე? თავის შვილებს ასეთ პირობებში აცხოვრებენ?“
შატილში წელს 30-მდე ადამიანმა გამოიზამთრა, მათ შორის არიან ბავშვები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შატილში სკოლაში სამუშაოდ ჩასული მასწავლებლები.
შატილთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა, დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების მიზეზით, ყოველი წლის ნოემბრის შუა რიცხვებში იკეტება და აპრილის ბოლოს ან მაისში იხსნება. 6 თვიანი უგზოობის პერიოდში პირიქითა ხევსურეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. შატილის მიმართულებით სამოქალაქო ფრენები არ სრულდება და მოსახლეობა სასაზღვრო პოლიციის რეისებზეა დამოკიდებული.