საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რომელ სოფლებს დაფარავს ინტერნეტი ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:49 - 16 მარტი 2019 hits 17773

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება. ინტერნეტით დაიფარება 76 სოფელი - 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მცხოვრებით, მათ შორის საზღვრისპირა და ისეთი სოფლებიც, ერთი ადამიანიღა რომ შემორჩა. იმ დასახლებებში, სადაც სატელეფონო კავშირი ამ დრომდე არ არის, ტელეფონით დარეკვა პირველად გახდება შესაძლებელი. Wi-fi ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება დათვიჯვრის და არხოტის უღელტეხილებზეც.

სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი 25 ათასი დოლარით ამერიკულმა ორგანიზაცია „ინტერნეტსაზოგადოებამ“ დააფინანსა, 246 805 ლარით კი საქართველოს მთავრობამ. ამ თანხით, ჟინვალიდან სხვადასხვა ხეობების მიმართულებით, ინტერნეტის რადიოქსელი მოეწყობა. 15 ათასი ევრო გამოყო საქართველოში ჩეხეთის საელჩომ, რომლის გრანტითაც ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყრის სოფლებში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისთვის ინტერნეტის ინსტალაცია უფასო იქნება.  

wi-fi ინტერნეტით ფშავში 17, უკანაფშავში 10, პირაქეთა ხევსურეთში 18, პირიქითა ხევსურეთში 8, არხოტში 3 და გუდამაყრის ხეობაში 13 სოფელი დაიფარება.

ფშავი - გუდრუხი, თვალივი, სწროფავი, ხარტიშო, ქვემო შარახევი, შარახევი, წიფრანი, მაღაროსკარი, კუჭეჭა, ქალილო, ჩარგალი, კაწალხევი, გუდარახი, ხომი.

უკანაფშავი - უძილაურთა, თხილიანა, შუაფხო, გოგოლაურთა, ხოშარა, მათურა, მუქო, უკანაფშავი (ვაკისოფელი), ელიაგზა, ახადი.

ხევსურეთი - გველეთი, მოწმაო, დათვისი, ბარისახო, ქობულო, კორშა, ბოჩქვილო, უკანახო, ბუჩუკურთა, ჩირდილი, გუდანი, ღელისვაკე, ხახმატი, ბისო, როშკა, წინხადუ, ატაბე, ბაცალიგო.

შატილის თემი - ხახაბო, ბახაო, ანდაქი, არდოტი, ხონისჭალა, ხონე, მუცო, შატილი.

არხოტი - ჭიმღა, ამღა, ახიელი.

გუდამაყარი - დიდებანი, ჩოხი, კიტოხი, გამსი, ქავთარაანი, ზანდუკი, თორელაანი, მაქართა, წინახმარი, ბახანი, ლუთხუბი, თოთიაურნი, ბაკურხევი.

პროექტს ააიპ „მთის სათემო ქსელი“ განახორციელებს, რომელიც ფშავ-ხევსურეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, „მთის ამბების“ მხარდაჭერით, 2018 წელს, მას შემდეგ დააფუძნეს, რაც ინტერნეტიზაციის მიზნით, ადვოკატირების კამპანია დაიწყო.

ამ კამპანიის ნაწილი იყო „ქვებთან მოლაპარაკე“ ნიკო არდოტელის, ლია შეთეკაურის, მარიამ მინდიკაურის, პაატა ხახიაურის და სხვების ვიდეომიმართვები, რომელიც „მთის ამბებმა“ მოამზადა.

„მთის სათემო ქსელს“ მხარდაჭერას საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია უწევს, რომლის აქტიური ჩართულობითაც გახდა შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება. ინტერნეტიზაციის პროექტი ასოციაციის დირექტორმა უჩა სეთურმა მოამზადა.

„ტექნიკური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება და სექტემბერში დასრულდება, თუ ამინდი ხანგრძლივად არ გაცუდდა და ჯგუფს მუშაობაში ხელი არ შეუშალა. რომ არა „ბილაინი საქართველოს“, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, შპს „ინტელკომ ჯგუფის“, „დიგიტალ ტექნოლოგის“ („ქემბიუმ ნეთვორქს ჯეორჯია“), შპს „სქაიტელი“ და შპს „ენბი ნეტის“ მხარდაჭერა, სხვა საკითხებიც გვექნებოდა გადასაწყვეტი. მათმა მზაობამ, მონაწილეობა მიეღოთ ამ მნიშვნელოვან პროექტში, ბევრი პრობლემა მოაგვარა“, - ამბობს უჩა სეთური.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ლაშა მიქავას თქმით, ეს პროექტი არის სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორსა და დონორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი.

რას შეცვლის ინტერნეტი ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში

რაჭა-ლეჩხუმთან ერთად, საქართველოში ყველაზე მეტად ფშავ-ხევსურეთი და გუდამაყარია ხალხისგან დაცლილი, - ამბობს ჯემალ დამაცალაშვილი, „მთის სათემო ქსელის“ დირექტორი. სტატისტიკური მონაცემებით, 2002 და 2014 წლების საყოველთაო აღწერებს შორის პერიოდში, ფშავ-ხევსურეთში მოსახლეობა 37 %-ით შემცირდა.

არასდროს ფშავ-ხევსურეთის 30-მდე სოფელს არ ჰქონია და არც ახლა აქვს სატელეფონო კავშირი. რუსეთ-საქართველოს საზღვართან მდებარე სტრატეგიული სოფლები დღემდე ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე არიან დარჩენილები, რის გამოც მოსახლეობას ძალიან უჭირს, დანარჩენი საქართველოსგან ასე რომ არიან მოწყვეტილები და ბევრმა ვერ გაუძლო კიდეც.

ოჯახის წევრებს თვეში ერთხელ ან ორჯერ რომ დაელაპარაკონ, პირიქითა ხევსურეთის სოფლებში მცხოვრებნი 7-8 კილომეტრს გადიან, მთის წვერზე ადიან და ადგილს ეძებენ, რომ კავშირი დაიჭირონ.

„ეს პროექტი მთაში მცხოვრებთათვის მხოლოდ სატელეფონო კავშირს და ინტერნეტს კი არ გახდის ხელმისაწვდომს, ამ ხალხს სახელმწიფო სერვისებზე წვდომა პირველად მიეცემა. აქამდე ისინი ვერც ექიმს უკავშირდებოდნენ, ვერც პოლიციას, ვერც მაშველებს.

პროექტი ითვალისწინებს ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელის მოწყობასაც 50 აბონენტისთვის.

ინტერნეტიზაცია მთაში არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას შეუწყობს ხელს სხვადასხვა მიმართულებით, არამედ განათლების პროგრამებზე წვდომას, სოფლის მეურნეობის პროდუქტის, კულტურული ძეგლების და მთლიანად ამ ხეობების პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას, უსაფრთხოებას გაზრდის და ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს“, - აღნიშნავს ჯემალ დამაცალაშვილი.

„მთის სათემო ქსელის“ დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ინტერნეტიზაცია მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მიგრაციაზე, შეაჩერებს მას და სტიმულს მისცემს ახალგაზრდებს მთაში დასაბრუნებლად, საქმის საკეთებლად - „სახელმწიფო მთაში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიზნობრივი პროექტებითაც თუ დაგვეხმარება, დეპრესიულ სოფლებსაც გავაცოცხლებთ“.

ინტერნეტის ყოველთვიური ღირებულება არ იქნება იმაზე ძვირი, ვიდრე თბილისში ან დუშეთში ღირს. „მთის სათემო ქსელი“ საოჯხო სასტუმროებსა და ორგანიზაციებს სხვადასხვა პაკეტებსაც შესთავაზებს. აბონენტების მიერ გადახდილი თანხები ქსელის მოვლა-შენახვას მოხმარდება. დასაქმდება რამდენიმე ადგილობრივი მკვიდრიც. დანაზოგის შემთხვევაში კი, სათემო აქტივობები დაფინანსდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში