ცხენზე ჯდომა მთაში ყველა ქალმა იცის, თუმცა იქ ასასვლელად, საიდანაც დარეკვა შეუძლია, ყოველთვის ვერ იცლის, სახლ-კარსა და საოჯახო მეურნეობას მოვლა სჭირდება.
ლია შეთეკაური შვილებისა და შვილიშვილების მოკითხვას ზოგჯერ შატილში წასულებს აბარებს, იქნებ, ვინმემ დარეკოს და ამბავი მიუტანოს. პასუხს, ხანდახან, მთელი კვირა ელოდება, მანამდე კი მონატრებას ქმართან ერთად მობილურში შვილების ფოტოებისა და ვიდეოების ნახვით იმსუბუქებს.
ლიას ქმარი, ზურა არდოტელი, მესაზღვრეა. როდესაც მეუღლე საზღვარზე ორი კვირით მიდის, თავს უფლებას არ აძლევს რამე გაიჭირვოს - ყველაზე ახლო მეზობელი, ნიკო არდოტელი ორ კილომეტრში ცხოვრობს.
უტელეფონობასთან ერთად, არდოტში არც დენი და ინტერნეტი აქვთ. ელექტროენერგიას მზის დაფებისა და აკუმულატორების საშუალებით იღებენ. რამდენიმე წლის წინ, ზურამ, სახლთან მოშორებით, მთის წყაროზე პატარა ჰესი მოაწყო. ეს დენი მხოლოდ ტელევიზორს და ტელეფონის დამუხტვას ჰყოფნის.
ხელნაკეთ ჰესზე ამუშავებს ძველისძველ, საბჭოთა სარეცხ მანქანას. კარაქსაც იქვე, სპეციალურად მოწყობილ ჭურჭელში დღვებს. გზა სახლიდან ჰესამდე საკმაოდ შორია. სარეცხის ამხელა მანძილზე ტარება უჭირს, თუმცა ხელით რეცხვას ურჩევნია. ქალაქელი რომ აქ მოიყვანო და ყოველდღე ამხელა გზა ატარო, მოკვდებაო. აღმართზე სიარულისგან სუნთქვა თავადაც უჭირს.
არ ესმის, 21-ე საუკუნეში გზის, ტელეფონისა და ინტერნეტის პრობლემა როგორ შეიძლება მოუგვარებელი იყოს.
„როგორ მსჯელობენ იცით? - თქვენ თვითონ გჭირდებათო და მაგიტომ ცხოვრობთ მთაშიო. კი ბატონო, აქ ვართ შეჩვეულები, აქ გავიზარდეთ, აქ დავოჯახდით და რაღაცნაირად ეჩვევი აქაურ ცხოვრებას. ჩვენ კი, მაგრამ ვინ დაბრუნდება, რისთვის დაბრუნდებიან, ამ პირობებში ახალგაზრდას როგორ გააჩერებ?!“
პირიქითა ხევსურეთთან, შატილთან დამაკავშირებელი გზა, დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, წელიწადში 6 თვე ჩაკეტილია. შატილს იქით, მიღმახევში გზას უფრო გვიან წმენდენ. არდოტთან მისასვლელი გზა კი მხოლოდ მაისის დამლევს იხსნება და ისიც მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის. მიღმახევის სოფლებში სულ რამდენიმე ადამიანიღა ცხოვრობს, უგზოობის, უტელეფონობისა და უინტერნეტობის გამო ტურისტებიც არ ჩერდებიან. სოფლებამდე - ბახაომდე, ანდაქამდე, არჭილომდე, ხახაბომდე და ხონემდე მისასვლელი გზა, რომელიც მდინარემ 5 წლის წინ წაიღო, დღემდე არავის აღუდგენია.
წლობით უყურადღებოდ დარჩენილი ხეობის მცხოვრებს საშველი არსაიდან ეიმედება. ხანდახან, მთასთან დაკავშირებულ რამე პროექტს რომ მოჰკრავს ყურს, მაინც ის განცდა აქვს, რომ არაფერი შეიცვლება და მიმხედავი არავინ გამოჩნდება.
საოჯახო სასტუმროს გაკეთება უნდოდათ. პროექტი დაწერეს, მაგრამ არ დაუფინანსეს. წყინს, რომ არც კი გამოეხმაურა ვინმე.
„პრემიერს ვეტყოდი, ყურადღება მიაქციოს ხევსურეთს, ამოვიდეს არდოტში. მე პირადად რამეს კი არ ვთხოვ, ღმერთმა დამიფაროს. არც კი იციან, ვინ ცხოვრობს, რამდენი კაცი ცხოვრობს, როგორ ცხოვრობს. სახელმწიფო არაფერში გვეხმარება, რაც ევალება ის მაინც გააკეთონ, ტელეფონი და შუქი მაინც იყოს“.
ამ თემაზე: