საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთის სასწრაფოსთვის ნაჩუქარი მანქანა ჩინოვნიკების პირადი კომფორტისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:30 - 13 ნოემბერი 2016 hits 5095

თუშეთში მოსახლეობას წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში უხდება ცხოვრება. ერთ-ერთ ძირითად პრობლემას კი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. თუშეთის მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო მომსახურების „სერვისი“ ერთადერთი ექიმის - 74 წლის ირაკლი ხვედაგურიძის ადგილზე ყოფნით ამოიწურება. ექიმი ცხენით გადაადგილდება და ავადმყოფების მკურნალობას ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წლიურად გადარიცხული 1000 ლარით და არცთუ იშვიათად საკუთარი სახსრებით შეძენილი მედიკამენტებით ახერხებს.

ბიუჯეტში გათვალისწინებული დაფინანსების შემცირება 2015 წლის იანვრიდან მოხდა, მანამდე წელიწადში 1500 ლარს შეადგენდა.

ოფიციალური ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ტრაგიკული შემთხვევების შედეგად დაზიანებული პირების ევაკუაციისათვის ვერტმფრენის გამოძახება გახდა აუცილებელი. მაგალითად, 2013 წლის 29 მაისს - ალიოშა ომაიძის გადასაყვანად, 2013 წლის 15 დეკემბერს - ელენე გიგოიძის გადასაყვანად, ასევე 2014 წლის 8 აგვისტოს - ერთ-ერთი ტრავმირებული პირის ტრანსპორტირებისთვის. მხოლოდ ამ სამ შემთხვევაში ვერტმფრენით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა მუნიციპალიტეტს 16 125 ლარი დაუჯდა.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს დახმარება უცხოელმა დონორმა შესთავაზა. 2014 წლის დეკემბერში ჩეხეთის განვითარების სააგენტომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას“ საჩუქრად გადასცა მაღალი გამავლობის სრულიად ახალი, 2014 წელს გამოშვებული ავტომანქანა - „მიცუბიში-პაჯერო“, რომელიც იმავე წლის 16 დეკემბერს იქნა რეგისტრირებული შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (სახელმწიფო ნომერი - AH 087 HA). ავტომანქანის ღირებულება შეადგენდა 28 669 ევროს. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია გაავრცელა კახეთის საინფორმაციო ცენტრმაც.

ჩეხებისგან თუშეთის სასწრაფოსთვის ნაჩუქარ მანქანას ჩინოვნიკები პირადი კომფორტისთვის იყენებენ ჩეხებისგან თუშეთის სასწრაფოსთვის ნაჩუქარ მანქანას ჩინოვნიკები პირადი კომფორტისთვის იყენებენ ჩეხებისგან თუშეთის სასწრაფოსთვის ნაჩუქარ მანქანას ჩინოვნიკები პირადი კომფორტისთვის იყენებენ

2014 წლის 19 დეკემბერს „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციამ“ ფეისბუკ-გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა:„ვულოცავ ყველას! თუშებს, სტუმრებს და დამსვენებლებს!

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ თუშეთის დაცული ლანდშაფტისთვის გადმოცემული

მანქანა მოემსახურება თუშეთს მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის. ბარში მანქანა არ ჩამოვა, რადგან ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილზე სწრაფი გადაუდებელი დახმარების გაჩენაა, რომელიც მუდმივად იქნება მთაში და ნებისმიერი ავარიის და სახიფათო შემთხვევის დროს ადამიანს უმოკლეს დროში დაეხმარება.

როგორც მოგეხსენებათ გზა თუშეთიდან ბარამდე გრძელი და რთულია და მძიმე ტრავმების შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა სათუოა. ამგვარი სამედიცინო მომსახურების გაჩენა თუშეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ერთნაირად დაცულად იგრძნობენ თავს, როგორც ადგილობრივები ისევე ვიზიტორები და ოჯახებით ამოსული დამსვენებლები.

მედპერსონალს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო დააკომპლექტებს და დაუნიშნავს ხელფასს. ამჟამად მანქანა ტექნიკური გამოცდის ეტაპზეა და გაზაფხულამდე მუნიციპალიტეტს მოემსახურება“.

აღნიშნული ავტომანქანის გადაცემიდან ათი თვე გავიდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი შეეცადა გაერკვია, როგორ შეასრულა ახმეტის მუნიციპალიტეტმა უცხოელ პარტნიორთან დადებული საგრანტო ხელშეკრულების პირობები და იყენებს თუ არა მიზნობრივად ნაჩუქარ ავტომანქანას დანიშნულებისამებრ.

2015 წლის 17 სექტემბერს განცხადებით მივმართეთ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოვითხოვეთ შემდეგი საჯარო ინფორმაცია: ახმეტის მუნიციპალიტეტსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანის გადმოცემის შესახებ; აღნიშნული ავტომანქანის სამედიცინო აპარატურით აღჭურვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; რომელი დაწესებულების (გამგეობის, იურიდიული პირის) ბალანსზეა აღრიცხული ეს ავტომანქანა და კონკრეტულად ვის (რომელი თანამდებობის პირის) სამსახურებრივ სარგებლობაშია იგი გადაცემული; გამოიყენება თუ არა ეს ავტომანქანა მაღალმთიან თუშეთში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიზნით და დადებით შემთხვევაში როდიდან, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში - რა დანიშნულებით გამოიყენებოდა გადმოცემის შემდეგ და რა მიზნით გამოიყენება ამჟამად ხსენებული ავტომანქანა; რამდენ კილომეტრს შეადგენდა ავტომანქანის გარბენი მისი გადმოცემის დროს და რამდენს შეადგენს იგი ინფორმაციის გაცემის მომენტისათვის.

განცხადებაზე პასუხი 2015 წლის 2 ოქტომბერს მივიღეთ მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის ხელმოწერით.

„გაცნობებთ, რომ აღნიშნული ავტომანქანა სამედიცინო აპარატურით, რომლის შეძენა აგრეთვე ჩეხეთის მხარემ უნდა უზრუნველყოს, ჯერ არ აღჭურვილა. No.280555/2014-CRA „ურთიერთგაგების მემორანდუმის“, მუხლი 7.2 და 7.3-ის თანახმად (ასლი თან ერთვის), რომელიც გაფორმდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის, ავტომანქანა გამოიყენება „თუშეთის დაცული ლანდშაფტის“ ადმინისტრაციის მიერ ზემოაღნიშნულ დოკუმენტში დეკლარირებული პროექტის ფარგლებში“, – მითითებულია გამგებლის წერილში.

უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელმა „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ სრული ტექსტი კი არ მოგვაწოდა, როგორც ამას განცხადებით ვითხოვდით, არამედ მხოლოდ მისი მცირე ფრაგმენტი (მე-3 და მე-4 გვერდები) და, ამასთანავე, წერილში მიუთითა, რომ ყურადღება მივაქციოთ 7.2 და 7.3 მუხლებს, რომლის თანახმადაც, ავტომანქანის სამედიცინო აპარატურით აღჭურვა ჩეხეთის მხარის ვალდებულება იყო, რომელიც დღემდე არ შესრულებულა.

წერილს დაერთვის ავტომანქანის გადაცემის აქტი (ინგლისურ ენაზე) და ტექნიკური პასპორტი, ხოლო ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი ავტომანქანის სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაცემის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია ავტომანქანის გარბენის (კილომეტრაჟის) თაობაზე საერთოდ არ მოგვაწოდეს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ თანახმად, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს აკისრია ზოგადი ვალდებულება - უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება. იმავდროულად, მემორანდუმის 7.4 და 7.6 - 7.9 მუხლების მიხედვით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ვალდებულებებია: უზრუნველყოს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა სახის ნებართვის, ლიცენზიის და სხვა, მათ შორის, აღჭურვილობისა და მასალების ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიწოდება; უზრუნველყოს პროექტისათვის საჭირო საქონლისა და მიმწოდებელთა შერჩევა; უზრუნველყოს პროექტის შედეგების მიღწევა კოორდინაციისა და ორგანიზაციის კუთხით; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სხვა საკითხების მოგვარება; უზრუნველყოს თანხების გამოყოფა დანართში მოცემული პროექტის აქტივობების განსახორციელებლად.

ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, შეიძლება ალბათობის მაღალი ხარისხით ვივარაუდოთ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას საერთოდ არ განუხორციელებია მემორანდუმით ნაკისრი რომელიმე აქტივობა ავტომანქანის სპეციალური სამედიცინო მოწყობილობით აღჭურვის ნაწილში (საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება; მიმწოდებელთა შერჩევა; სათანადო თანხების გამოყოფა და სხვა აუცილებელი საკითხების მოგვარება), რამაც არსებითაც შეაფერხა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ საკუთარი ვალდებულებების დროულად შესრულება.

სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდის (http://www.czda.cz) მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ავტომანქანის სამედიცინო აპარატურით აღჭურვის თაობაზე სააგენტოს მხოლოდ ერთხელ გამოუცხადებია ტენდერი, რომელიც 2015 წლის 30 მაისს დასრულდა. სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ პირს ვალდებულება 90 დღის ვადაში უნდა შეესრულებინა. ამის შემდეგ არც ტენდერის შედეგების და არც რაიმე სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება.

„ჩეხეთის მხარე იძახის, სანამ არ აღვჭურვავ, მანქანა არავის მისცეთო. დონორი ორგანიზაციაა მოგეხსენებათ და გვირჩევნია რომ არ გავანაწყენოთ. თვითონ ისინი (ჩეხები) იყენებენ. ამ ზაფხულს, ალბათ მეტწილად მაგათ გამოიყენეს ეგ მანქანა სიმართლე რომ გითხრათ. ისინი რომ ჩამოდიან თუშეთში, თითქმის სულ ჩეხებს ემსახურება ეგ მანქანა“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ჩეხეთის საელჩოს დაუკავშირდა. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პოზიციას ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გაგაცნობთ.

ამ დროისთვის აღნიშნული ავტომანქანა ფაქტობრივად გამოიყენება არა თუშეთის მოსახლეობისა და ტურისტების სამედიცინო მომსახურებისათვის, არამედ როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ა(ა)იპ-ის დირექტორის ყოველდღიური გადაადგილების საშუალება, მათ შორის პირადი საჭიროებისათვის.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური უარყოფს ავტომანქანით სარგებლობის ფაქტს, მაგრამ საწინააღმდეგოს ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, 2015 წლის 15 მაისს სწორედ ამ ავტომანქანის მართვისას ჩადენილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის მიერ 20 ლარით დაჯარიმდა მუნიციპალიტეტის გამგებლის მძღოლი შმაგი ლაგაზაური (საჯარიმო ქვითარი - აბ000002049). შმაგი ლაგაზაური ამავე დროს ახმეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის ცოლის ძმაა.

აქვე დავამატებთ, რომ ამ ხნის განმავლობაში არც ადმინისტრაციის დირექტორის მიერ დაანონსებული ამბულატორიის აპარატურით აღჭურვა განხორციელებულა და არც სამედიცინო პერსონალით მისი უზრუნველყოფა. მაღალმთიან თუშეთში მცხოვრები მოსახლეობის, იქ ჩასული დამსვენებლებისა და ტურისტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება კვლავ „ცხენზე ამხედრებული“ ღვაწლმოსილი ექიმის - ირაკლი ხვედაგურიძის ანაბარა რჩება.

ნახეთ ამ თემაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტების მანანა მამაგულაშვილის და ზაური ზავრაშვილის რეპორტაჟი. მასალაში გამოყენებულია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის გმირების“ კადრები.

გელა შაშიაშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი, საჯარო მმართველობის მონიტორინგისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში