საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთი დროებითი სამშობლო არ უნდა იყოს - გია აბულაძე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:56 - 05 მარტი 2019 hits 13594
ფოტო: Mtisambebi.ge
საზოგადოება
ფოტო: Mtisambebi.ge

თუშეთის განვითარების უმთავრეს პირობად, გენერალური განვითარების გეგმაში, მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებელი, ეკონომიკურად ეფექტური და უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირის უზრუნველყოფაა მითითებული. რას ითვალისწინებს გეგმა თუშეთისთვის საგზაო ქსელის შექმნის თვალსაზრისით? რა ღონისძიებებია დაგეგმილი თუშეთის ე.წ. „დეპრესიული სოფლების“ გასაცოცხლებლად? „მთის ამბები“ თუშეთის გენერალური გეგმის პროექტის ხელმძღვანელს, არქიტექტორ გია აბულაძეს ესაუბრა:

„ეს ულამაზესი, უძვირფასესი და სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, სრულყოფილად უნდა ჩაერთოს ქვეყნის ცხოვრებაში. სეზონური სამშობლო არ არსებობს. გულისმომკვლელია თვითონ ის ფაქტი, რომ თუშები ზაფხულის დასაწყისში იკრიბებიან მთელი ოჯახობით, ადიან ზემოთ, იქ იწყებენ საქმიანობას, რომელიც 5-6 თვე იყო მიტოვებული, მიგდებული. ისევ უნდა მოამზადონ სასტუმრო სახლები, ისევ თავის მეურნეობას უნდა მოკიდონ ხელი, ეს ძალიან რთული პროცესია. 50 ლარი ღირს ერთი ადამიანის ასვლა, სხვა ალტერნატივაც კი არ არსებობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში გზა გაკეთდეს. არსებული გზის რეკონსტრუქციას ვგულისხმობ.

ფშაველიდან ომალომდე 72 კილომეტრს დღეს ჩვენ 4 საათში გავდივართ, ან უფრო მეტ ხანს ვანდომებთ. ესეც, თუ გაგვიმართლა და გზაზე რაიმე არ არის ჩამოწოლილი, ზვავი, მეწყერი ან თუ ვიღაცამ არ გაგვაჩერა და არ გვითხრა, რომ ქვათაცვენაა და უნდა მოვიცადოთ, ვიდრე არ მორჩება. ვერცერთი ნორმალური კრიტერიუმით ვერ შეაფასებ არსებულ გზას, ვერც უსაფრთხოების, ვერც საფარის, ვერც დახრილობისა თუ რადიუსების თვალსაზრისით. გზა არის გასაკეთებელი სწორად, კარგად და ხარისხიანად. ეს არის მთავარი. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეს გზა გაკეთდეს ეტაპობრივად. თუნდაც სამ ეტაპად და სამი წლის განმავლობაში. ორი მონაკვეთი ყველაზე რთულია. ეს არის აბანოს უღელტეხილი და შემდეგ უკვე ხისო-ალაზნის ხეობაში დაახლოებით 5 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელსაც სერიოზული რეკონსტრუქცია სჭირდება. იქ საძიებო სამუშაოებია ჩასატარებელი.

როგორ მოვუაროთ არსებულ გზას - ბევრი საშუალება არსებობს. მთავარია, ეს იყოს 365 დღის განმავლობაში მოქმედი გზა. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და რა თქმა უნდა შესაძლებელია. პირველ რიგში გასაკეთებელია გზა სოფელ ლეჩურიდან აბანომდე. მეორე ამოცანაა უღელტეხილზე გზის და საფარის მოწესრიგება, უსაფრთხოების გაზრდა, ქვების ცვენის საწინააღმდეგო ღობეების დაყენება, გალერეების მოწყობა უკვე უღელტეხილს იქით, როდესაც გადავდივართ თუშეთისკენ. სამი 150 მეტრიანი ზვავდამცავი გალერეის მოწყობაა საჭირო. იქ თოვლი ძალიან დიდხანს ჩერდება და ზვავდება ხოლმე. სადაც ზვავსაშიში ადგილებია, ბეტონის გალერეების გაკეთებაა საჭირო. შემდეგ არის დამეწყრილი ტერიტორია - ეს არის დაახლოებით 3 კილომეტრი. როცა ვამბობ, რომ ეტაპობრივად შეიძლება მოგვარდეს, ვგულისხმობ, რომ თუ უღელტეხილზე მუშაობა შეიძლება მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში ანუ ზაფხულში, ქვემოთ, ლეჩურთან და აბანოსთან მუშაობა შეიძლება თითქმის მთელი წელი. სამუშაოები უნდა დაიგეგმოს ამ სეზონების მიხედვით. რამდენადაც ვიცი, გზების დეპარტამენტი ასე აპირებს.

- დავუშვათ გზების დეპარტამენტმა გზას კარგად მოუარა, რას ვაკეთებთ უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზეა, ეს მონაკვეთი ზამთარში როგორ იქნება განვლადი?

- ეს გზა ახლავე უნდა დაიგეგმოს ისე, რომ გვირაბის გაყვანის შემთხვევაში არ იყოს კარდინალურად გადასაკეთებელი, რათა ზღვის დონიდან დაახლოებით 1800 მეტრის სიმაღლის დონეზე შესაძლებელი იყოს მომავალში გვირაბის გაკეთება. გზა არის პირველი მთავარი ამოცანა.

ამას უნდა მიჰყვეს ელექტროენერგია, მითუფრო რომ თუშეთის გზაზე, მდინარე სტორის ხეობაში სამი ჰიდროელექტროსადგური შენდება. თუ ჩვენ თუშეთში რამის გაკეთება გვინდა, თუშეთი უნდა ჩაერთოს ქვეყნის ელექტროსისტემაში. როდესაც ჩვენ გზით და ელექტროენერგიით უზრუნველვყოფთ თუშეთს, შემდეგ იცვლება სურათი, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის კუთხით და ფართოვდება დიაპაზონი.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუშეთის ზამთრის პოტენციალის შესწავლა. მე ვფიქრობ, რომ თუშეთს აქვს ზამთრის დიდი პოტენციალი, სკი ტურის, რაც სრულიად გამოუყენებელია დღეს. ამ თვეში, თუშეთში ზამთრის კურორტების მოწყობასთან დაკავშირებით, ვაპირებთ ექსპერტების ჩამოყვანას შვეიცარიიდან და ალბათ ერთად გავივლით ამ თემას.

- გზის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, თუშეთს სოფლების შიდა გზებს რა ეშველება. აქვე მინდა გკითხოთ, პანკისი-თუშეთის გზის შესაძლო მშენებლობის პროექტზეც.

- თუშეთის სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზების მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. ის ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. გზაც კი არ არის, ტრაქტორმა თუ ბულდოზერმა ოდესღაც რაღაც გზა გაჭრა და მას წლიდან წლამდე, სეზონის დასაწყისში არემონტებენ. ერთხელ ან ორჯერ გადაუვლის ტრაქტორი და ეს ითვლება გზად. ეს არის კუსტარული, მოძველებული და არასწორი მიდგომა, არ ემსახურება რეგიონის მდგრად განვითარებას. ჩვენ მდგრად განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ. ორი წლის წინ, ზამთარში გვქონდა ერთი ექსპედიცია. რბილი, ძალიან სასიამოვნო და კარგი ზამთარია. პრობლემა მხოლოდ ეს უღელტეხილი და მეწყრული მონაკვეთია. უღელტეხილს როგორც კი გადახვალ, სოფლები ძირითადად სამხრეთ ფერდობზეა, მზე უდგება და ძალიან კარგია. თუშეთში უნდა არსებობდეს შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ გადაადგილების პრობლემა მოიხსნას, ქვემო ომალომდე, რომელიც რეგიონულ ცენტრად უნდა იქცეს, წვდომა გაადვილდეს.

რაც შეეხება თუშეთთან დამაკავშირებელ ახალ გზას, არ შეიძლება ასეთი სტრატეგიული რეგიონი ერთი ჩიხური გზით იყოს მიბმული ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან.

უნდა არსებობდეს მეორე, ალტერნატიული გზაც. სტრატეგიული თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს დიდ სტიმულს მისცემს სოფლების განვითარებას იმ რეგიონში, სადაც დღეს არ მიდის მანქანა.

გეგმა ითვალისწინებს ბირკიანი - კოკლათას გზის მშენებლობას, რომლითაც შეიკვრება წრე ახმეტა - ფშაველი - აბანოს უღელტეხილი - ომალო - კოკლათა - ბირკიანი - ახმეტა. ეს 20-ზე მეტ სოფელს მნიშვნელოვნად შეუმცირებს მანძილს ახმეტამდე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ამ რეგიონის განვითარებისთვის.

ამ ღონისძიებებით ჩვენ თავიდან ძალიან შევამცირებთ და მერე სულ მოვსპობთ სეზონურობას, რაც ხელს უშლის როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტურისტული ბიზნესის მდგრად განვითარებას. ნახევარი წელი ზემოთ, ნახევარი წელი ქვემოთ, აბარგება-ჩამობარგების პროცესი საკმაოდ რთულია, დამქანცველია და განვითარების ხელშემწყობი ვერ იქნება ვერცერთ ვარიანტში.

ტრანსპორტის თვალსაზრისით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სატრასპორტო ქსელი. პირველ რიგში ეს არის სამანქანო გზები და მეორე, რასაც ვფიქრობთ, ვიწროლიანდიანი რკინიგზა. საუბარია ე.წ. „კუკუშკაზე“ ქვემო ალვანიდან ომალომდე. ასეთი რკინიგზის გამოცდილება საქართველოში გვაქვს. ეს არის ბორჯომი-ბაკურიანის რკინიგზა, რომელიც 108 წლის წინ იყო გაშვებული. ასეთი გზები ძალიან მაგრად ვითარდება იაპონიაში და ხელსაყრელია როგორც ტურისტული, ასევე ჩვეულებრივი სამგზავრო მიმართულებით. იაფია და დიდი ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობებიც აქვს. რაც მთავარია, ბევრად უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სამანქანო გზები.

- გენერალური განვითარების გეგმა ითვალისწინებს თუშეთის 10 სოფლის რეაბილიტაციას. რომელი სოფლებია ეს და რა პრინციპით შეარჩიეთ?

თუშეთში სულ 52 სოფელი და ნასოფლარია. აქედან დღეს 7 სოფელი მუშაობს. დანარჩენებს მიდრეკილება აქვს დეპრესიულობისკენ ან უკვე დეპრესიულია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგში ტურისტი იშვიათად ხვდება, ზოგში საერთოდ არავინ შედის, მოსახლეობაც კი აღარ ადის იქ. თუშებიც ცდილობენ ომალოში, შენაქოში ან დართლოში იყიდონ რაღაც. უკვე შიგნით ხდება მიგრაცია. ეს არასწორი პროცესია.

გავაკეთეთ 12 ტურისტული მარშრუტი, რაც მოიცავს ყველა ხეობას და სოფელს. თუ ჩვენ ამ მარშრუტებზე სოფლების აღდგენას დავიწყებთ და გარკვეულ ფუნქციასაც შევძენთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ტურისტული ქსელი გაფართოვდეს და ხალხი რაც შეიძლება გაიფანტოს მთელ ტერიტორიაზე, არ მოგროვდეს მხოლოდ შენაქო, დიკლო, ომალოსა და დართლოს არეალში. მთელი თუშეთი უნდა გამოცოცხლდეს და აღორძინდეს. ტურისტის იქ ყოფნის დროც უნდა გაიზარდოს, რაც გაზრდის მოსახლეობის შემოსავალსაც. რაც უფრო მეტ სანახაობას გავაჩენთ და არ იქნება ის მომენტი, რომ ავარდეს და მალევე გამოვარდეს, მეტ ხანს დავტოვებთ იქ. ამის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ იქ რესურსი უნდა გაიზარდოს, წყალიც უნდა ჰქონდეს, შუქიც უნდა ჰქონდეს, სოფლებიც უნდა იყოს, სანახავი უნდა იყოს ისეთი, რომ ღირდეს ასვლა.

10 სოფელი შეირჩა უნიკალური ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულებიდან გამომდინარე. ესენია - ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა, ინდურთა. თითოეული უნიკალური ძეგლია.

- პირველ ეტაპზე რომელი სოფლების რეაბილიტაცია მოხდება?

- ჩვენ გამოვყავით წოვათის, ჩაღმის და პირიქითის ხეობების 3 სოფელი: ინდურთა, როგორც ერთ-ერთი „კარგად“ შემონახული ნასოფლარი წოვათის ხეობაში; დიკლო, როგორც მნიშვნელოვანი სასაზღვრო ფორპოსტი და ჭონთიო, როგორც ბოლო სოფელი ხევსურეთისკენ (მუცოსკენ) მიმავალ ბილიკზე, პირიქითის ხეობაში. 

ვფიქრობთ, ინდურთა უნდა განვითარდეს, როგორც სოფელი-სასტუმრო სახლების განვითარებული ქსელით („Albergo diffuso“). ინდურთა დაიცალა ჯერ კიდევ მთაში მშვიდობის დამყარებამდე. მშვიდობა რომ დამყარდა, თუშები, რომლებიც ძალიან ბევრს დადიოდნენ აქეთ-იქეთ და ბარის ცხოვრება იცოდნენ, თავის კოშკებზე აივნების მიშენება დაიწყეს. რამდენიმე კოშკი გააერთიანეს და ერთ სახლად აქციეს. ინდურთაში ეს ვერ მოეწრო. ამდენად მისი რესტავრაციის შემთხვევაში მივიღებთ „ციხე - სოფელს“, რომლის მსგავსიც თუშეთში არცერთი სოფელი არ იქნება. ნასოფლარის გეგმარებითი სტრუქტურა კარგად იკითხება, კოშკების უმეტესობა შენარჩუნებულია პირველ-მეორე სართულის დონეზე და სრულ აღდგენას ექვემდებარება.

საგირთასა და ეთელთას აღდგენა ვერ მოხერხდება გეოლოგიური საფრთხეების მაღალი რისკის გამო. ეთელთა მთლიანად დაძრულია, 70 მეტრით არის ჩამოცურებული ეს სოფელი ქვემოთ, თავის შენობებიანად. მისი აღდგენის არავითარი საშუალება არ არსებობს. უნდა დარჩეს, როგორც არის. ჩვენ ვფიქრობთ და სივრცითი მოწყობის გეგმაშიც არის გარკვეულწილად ამაზე მინიშნება, რომ საჭიროა თემის, მუნიციპალიტეტის, რეგიონის და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ერთად მოიძებნოს გამოსავალი, ჩატარდეს კვლევები და შეირჩეს ისეთი ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი სოფლის გაშენება. მე რომ ეთელთელი ვყოფილიყავი, ძალიან დამწყდებოდა გული, რომ მოწყვეტილი დავრჩებოდი თუშეთს და მოსალოდნელ სიკეთეებს.

ერთი სიტყვით, წოვათის ხეობაში ინდურთა რჩება ერთ-ერთ მთავარ პუნქტად. რაც შეეხება წაროს, სამწუხაროდ, თავის დროზე სამანქანო გზა ისეა გაჭრილი, სახლებზეა გადავლილი პირდაპირ. ის გზა არ ვარგა. წარომდე ვიდრე მიხვალთ, დიდი რაოდენობით ნაშალია, აქტიური მეწყერია და მანქანა ვერ გადის. ამ გზამ სოფელი შუა წელში გაწყვიტა. მოსაძებნია ბარბაროსულად გაყვანილი გზის გადატანის შესაძლებლობა.

პირველ რიგში აღსადგენ სოფლებს შორის მეორე ადგილას ძველი დიკლოა. სასაზღვრო სოფელია, ტრაგიკული ისტორიით. დანგრეულია მტრების შემოსევისას. გარდა კულტურული ასპექტისა, დიკლოს აღდგენას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. აუცილებელია ინტენსიური ტურისტული ნაკადების გაჩენა ამ მიმართულებით. სასურველია მუდმივი ცხოვრების საშუალებაც გამოინახოს. შესაძლებელია თემატური მუზეუმის მოწყობაც (ნახეთ როგორი იქნება ძველი დიკლო რესტავრაციის შემდეგ).

მესამეა ჭონთიო, რომელიც ბოლო სოფელია პირიქითა ალაზნის ხეობაში. აქედან იწყება ბილიკი მუცოს მიმართულებით, აწუნთის უღელტეხილის გავლით. ეს თუშეთისა და ხევსურეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტია. ამ ბილიკით სარგებლობენ როგორც ფეხმავლები, ასევე ცხენოსანი ტურისტები. კარგი იქნება თუ აქ განვითარდება ყველა ის სერვისი, რაც ფეხმავალი და ცხენოსანი მოგზაურისთვის არის აუცილებელი: მარტივი ტიპის ღამის გასათევი, კვების და დასვენების არეალები, გიდების და გამყოლების ინსტიტუტი, სამაშველო სამსახური. აუცილებელია კავშირგაბმულობის დამყარება. ჭონთიოში უმეტესი შენობების რეკონსტრუქცია შესაძლებელია, თუმცა, მიგვაჩნია, რომ გირევს იქით ჭონთიომდე სამანქანო გზა არ უნდა შევიდეს.

მეორე რიგის პრიორიტეტებს შორის არის სოფლები წარო, აგეურთა და ფარსმა. წაროზე ზემოთ ვისაუბრეთ. რაც შეეხება აგეურთას, თითქმის სრულადაა დანგრეული. მოკრძალებული მასშტაბიდან გამომდინარე, შესაძლებელია აღდგეს სასტუმროს ფუნქციით. გაამდიდრებს შენაქო-დიკლოს ტურისტულ მიმართულებას. რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროცესი შეიძლება იყოს შედარებით თავისუფალი და ითვალისწინებდეს კომპლექსის ადაპტაციას თანამედროვე მოთხოვნებზე.

თუშეთის ყველაზე მასშტაბური კოშკების კომპლექსი ფარსმაშია. სასურველია განვითარდეს, როგორც ეთნომუზეუმი. გააცოცხლებს სოფელ ფარსმას, რომელიც დღეს ძირითად ტურისტულ მარშრუტს აცდენილია. შექმნის მიზიდულობის ახალ ცენტრს პირიქითა ალაზნის ხეობაში. კოშკები კარგადაა შენახული და აღდგენას სრულად ექვემდებარება.

მესამე რიგის პრიორიტეტების ჩამონათვალშია სოფლები ჰეღო, გირევი, დაქიურთა და კვავლო.

ჰეღო - ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, გამორჩეული ადგილმდებარეობით, კომპაქტურობით, სინატიფით, მკაფიო არქიტექტურული ინდივიდუალობით. აღსადგენია გადარჩენილი კოშკები, დანარჩენი ნაგებობები შესაძლებელია ნაწილობრივ დაკონსერვდეს. საცხოვრებელი ელემენტების შეტანას გამოვრიცხავ, მაგრამ ჰეღოს გარეშე ის ლანდშაფტი წარმოუდგენელია. ჰეღოს 2-3 წელიწადში თუ არ მივხედეთ, ჩამოიშლება ყველაფერი.

გირევი - ჰეღო, ჭონთიო, დაქიურთა, ნაკუდურთა, გირევის არქიტექტურული და გეგმარებითი კომპლექსის ცენტრია. კოშკების რეკონსრუქცია შესაძლებელია. გამდიდრდება კომპლექსის ტურისტული პოტენციალი. გაიზრდება სოფელ გირევის დატვირთვა და გაჩნდება დამატებითი სერვისები.

დაქიურთა შესაძლებელია აღდგეს. ვფიქრობთ სასტუმრო სახლების განვითარებას, „გაბნეული“ სასტუმრო სოფლის პრინციპით. კოშკები და სახლები ძირითადად შენარჩუნებულია პირველი სართულის დონეზე.

რეკონსტრუქციას ექვემდებარება კვავლოც, რომელიც დაიცალა და დაინგრა უახლოეს წარსულში. სათვალთვალო კოშკი ავარიულია. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების მიუხედავად, დასაშლელი და თავიდან ასაშენებელია. სოფელში დართლოდან ფეხით ბევრი ტურისტი ადის.

როდის უნდა დავიწყოთ და რა პერიოდი გაგრძელდება ამ სოფლების რეაილიტაცია? ამას აქვს მიბმული, პირველი, რომ ლეგალური გახდეს ფიქალის მოპოვება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ თუშეთის სოფლებში ავთენტურობა შევინარჩუნოთ. მეორე, მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ხელოსნობის დაკარგული ტრადიაცია აღვადგინოთ. ჩვენი წინაპრები ადრეც ლეკებს იწვევდნენ. დღესაც შეგვიძლია ჩვენ ისენი მოვიწვიოთ, ოღონდ უკვე იმისათვის რომ ჩვენვე ვისწავლოთ. გვინდა, რომ ეს ტრადიაცია რაღაცნაირად აღორძინდეს. ესეც არამატერიალური კულტურული ღონისძიებაა და ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდებში გავაჩენთ იქ დაბრუნების გარკვეულ ინტერესს. არ ვარ იმის მომხრე, რომ პროცესი დაჩქარებულად წარიმართოს.

- როგორ დაარეგულირებს თუშეთის გენერალური განვითარების გეგმა დასრულებულ ან დაწყებულ მშენებლობებს იმ სოფლებში, რომელთა იერსახეც უკვე დამახინჯდა?

- თქვენ იცით, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს მზაობა გამოთქვა, სააგენტოს სპეციალისტებმა თუშეთის მცხოვრებლებს უფასოდ შეუდგინონ მშენებლობის პროექტები. რაც შეეხება მაგალითად ზემო ომალოში დაწყებულ მშენებლობებს, მესაკუთრეები დათანხმდნენ, რომ გადააკეთებენ იმ სახლებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში