საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთში 13 სოფლის მოსახლეობას მშენებლობის პროექტებს უფასოდ შეუდგენენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:00 - 09 ოქტომბერი 2018 hits 12335

თუშეთში, ძეგლის სტატუსის მქონე 13 სოფლის მოსახლეობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, სახლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტებს უფასოდ შეუდგენს. სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საცხოვრებელი სახლების ისტორიული იერსახის შენარჩუნებას და ქაოტური მშენებლობების პროცესსაც დაარეგულირებს.

„ჩვენი თვითმიზანი არ არის ჩინოვნიკური ბარიერების შექმნა. მესმის, თუშეთს არ აქვს წესიერი გზა, მოწყვეტილია გარესამყაროს, სამთვიანი სეზონია, რთულია რომ პროექტისთვის ახმეტაში ჩავიდე, ენერგია, დრო დავხარჯო ამხელა გზაზე და მაინც ვერ მივიღო შედეგი.

ადგილობრივებს თუშეთიდან ახმეტაში ჩასვლა არ უნდა უწევდეთ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მმართველობითი ორგანოს ჯგუფი თუშეთში არ არსებობს. ეს  სასწრაფო წესითაა მოსაგვარებელი. თუ ეს არ გაკეთდება, პრობლემები მუდმივად იქნება.

მე პირობას ვდებ, რომ სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ამოვა და თქვენი სურვილების გათვალისწინებით, უფასოდ მოგიმზადებთ სახლების პროექტებს. როცა რამდენიმე ადამიანი შეთანხმდებით, ნებისმიერ დროს, პირდაპირ კავშირზე გამოდით ჩვენთან. ჩამოვა ჯგუფი და მომავალი წლის სეზონისთვის გამზადებული პროექტები გექნებათ. ჩვენს პროექტებზე არანაირი წინააღმდეგობა არ შეგხვდებათ. ფაქტობრივად, ეს დამტკიცების ტოლფასია“.

„მთის ამბების“ კითხვაზე, რატომ არ რეაგირებდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო თუშეთში, წლების განმავლობაში, უნებართვო მშენებლობის ფაქტებზე, რის გამოც რამდენიმე სოფელი უკვე დამახინჯდა, ნიკოლოზ ანთიძე განმარტავს: „ეს დიდი ხარვეზია. სააგენტო მთელ საქართველოს მოიცავს. ფიზიკურად არ გვაქვს რესურსი, რომ მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობდეს.

სამწუხაროა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გააკონტროლა ეს პროცესები. ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონდათ. ვერ დავუშვებთ, რომ თუშეთის სოფლები ისე დეგრადირდეს, ტურისტს მოსვლა აღარ მოუნდეს“.

ანთიძის თქმით, 2017 წლამდე, თუშეთიდან სააგენტოში არცერთი პროექტი არ შედიოდა განსახილველად: „საერთოდ უნებართვოდ ხდებოდა ყველაფერი. დღეს ძალიან ბევრი პროექტი შემოდის, გამოსწორებიდან დაწყებული, ახლის მშენებლობით დამთავრებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურად დალაგდება, მაგრამ ამიტომ ვართ ჩვენ, რომ ასეთი პრობლემები აღარ იყოს“.

თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროცესებისა და თუშეთის ტურისტულ პოტენციალთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ორგანიზებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართა.

დისკუსიაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად, თუშეთის ეროვნული პარკის, ახმეტის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.

ეთნოგრაფ ნუგზარ იდოიძეს მიაჩნია, რომ თუშეთში ტრადიციული არქიტექტურის შენარჩუნება აუცილებელია. „ტურისტი განსხვავებულ, ორიგინალურ სოფელში მოდის იმისთვის, რომ შედგეს კულტურათა დიალოგი და იერსახე ნახოს. თუ ნაგებობა, ძეგლი თუ სოფელი ამ იერსახეს დაკარგავს, მაშინ ჩვენ დავკარგავთ ტურისტს, დავკარგავთ შემოსავლის წყაროს“.

2018 წელს თუშეთში მდებარე ათ სოფელსა და ნასოფლარს (ნასოფლარი აგეურთა, ნასოფლარი გირევი, ნასოფლარი დაქიურთა, ციხე-სოფელი ძველი დიკლო, ნასოფლარი ინდურთა, სოფელი კვავლო, სოფელი ფარსმა, ნასოფლარი წარო, ნასოფლარი ჭონთიო, ნასოფლარი ჰეღო) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მოგვიანებით კი, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ეროვნული კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა. მანამდე თუშეთში ძეგლის სტატუსი მხოლოდ დართლოს, ზემო ომალოსა და დოჭუს ჰქონდა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს თუშეთს 14 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში