საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ მთიან რეგიონებში - სათემო ორგანიზაციების ფორუმი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:18 - 08 ნოემბერი 2018 hits 14392

საფეხმავლო ხიდები მდინარეებზე, რომ აღარ დაიხრჩვნენ; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ჯგუფი მაინც მთელ ფშავ-ხევსურეთში, რომ აღარ კვდებოდნენ; მცირე ჰესების რეაბილიტაცია, რომ სოფლებში უშუქოდ აღარ იყვნენ; საბავშვო ბაღი იქ, სადაც ბავშვები ჯერ კიდევ შემორჩნენ - თუშეთის, პანკისის, ხევსურეთის, ფშავის, მთიულეთისა და გუდამაყრის სათემო ორგანიზაციები მთიან რეგიონებში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად შეიკრიბნენ.

თუშეთის ოთხივე ხეობაში შიდა გზების მოწესრიგება; საფეხმავლო და სამანქანო ხიდების რეაბილიტაცია - თუშეთის სათემო ორგანიზაციებმა ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებებად დაასახელეს.  

თუშეთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის ზურაბ ბაბულაიძის თქმით, ომალოდან შენაქოში გადასასვლელ ერთადერთ სამანქანო ხიდს კაპიტალური რეაბილიტაცია სჭირდება; 2018 წელს, წყალდიდობისას მდინარემ წაიღო სოფელ ვერხოვანთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდიც და მოსახლეობა პირდაპირ მდინარე ალაზანში გადის. ხიდი სოფელს გომეწრის ხეობის საავტომობილო გზასთან აკავშირებდა.

სარეაბილიტაციოა ჯვარბოსელთან, ბასოსთან, ასევე, სოფელ ფარსმასთან ნაყაიჩოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდებიც.

თუშებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა წოვათის ხეობის მიმართულებით დამეწყრილი გზა, ფაქტობრივად უგზოობაა.

წოვათაში სულ 7 სოფელია. ალისგორიდან წოვათის მიმართულებით გზა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გაიყვანეს, მთის ეროზირებულ ფერდობებზე, რამაც დროთა განმავლობაში დამეწყვრა გამოიწვია. ამჟამად აქტიური მეწყერის სიგრძე 500-600 მეტრია, სიგანე კი 120-130 მეტრი.

ჯერ გზის გაყვანისას აფეთქებითმა სამუშაოებმა დააზიანა წოვათის უნიკალური სოფელი წარო, ახლა კი, როცა გზა ღიაა, სატვირთო მანქანები ზედ სოფელზე გადიან და ნახევრადდანგრეულ კოშკებს უფრო მეტად აზიანებენ.

უგზოობის გამო მუდმივად პრობლემურია რძის ნაწარმის მთიდან ბარში ტრანსპორტირებაც.

თუშების სათემო საბჭოს თავმჯდომარე, ლევან დურმიშხანიძე ამბობს, რომ წოვათის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია არსებული გზის კონსერვაცია და სოფელ ალისგორიდან წოვათის მიმართულებით, ახალი გზის გაჭრა გომეწრის ალაზნის მარცხენა მხარეზე. ახალი გზით შესაძლებელი გახდება როგორც ადგილობრივი ტრადიციული დარგების გაძლიერება, ასევე ბიძგი მიეცემა ტურიზმის განვითარებას.

სამანქანო გზა არასდროს ჰქონია ივანაურთის თემის სოფლებს ვესტმო-ვესტომთას, გოგრულთასა და საჩიღოლოს. თუშები ახალი გზის გაჭრას ძველი სამარხილზე გზის ადგილას ითხოვენ.

ფორუმის მონაწილე სათემო ორგანიზაციები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობას წარუდგენენ დასაბუთებულ მოთხოვნას, თუშეთის სოფელ ომალოში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის შესახებ. მოთხოვნის მიზანი თუშეთში მუდმივად და სეზონურად მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობაა.

სათემო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს წოვა თუშური ენის გადარჩენის პროექტი, რომლის მხარდაჭერაზეც ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და კახეთის გუბერნატორმა თანხმობა გამოთქვეს.

ხევსურების მთავარი მოთხოვნა, ბარისახოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ერთი ჯგუფის განთავსებაა, რომელიც პირაქეთა ხევსურეთის, ფშავისა და უკანაფშავის სოფლებს, ზაფხულში არხოტის ხეობასა და პირიქითა ხევსურეთს (შატილის თემი) მოემსახურება, სულ 60-ზე მეტ სოფელს.

პირაქეთა ხევსურეთში ოჯახის ექიმი მხოლოდ ბარისახოშია, კვირაში 2 დღე. ასევეა უკანაფშავშიც. გამოძახების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე ასვლას 1.5 ან 2 საათს ანდომებს, მაშინ როცა საერთაშორისო სტანდარტით ეს დრო 15-20 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ზოგიერთ სოფელში კი მაღალი გამავლობის მანქანის გარეშე მისვლა საერთოდ შეუძლებელია.

გიორგი ჭინჭარაული მთის სათემო ქსელს წარმოადგენს - ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთისა და გუდამაყრის ხეობის სათემო ორგანიზაციას. გიორგის თქმით, შატილში, როშკასა და არხოტში სამივე ჰესი მოძველებულია, მწყობრიდან ხშირად გამოდის და აღდგენას ან შეცვლას საჭიროებს: „შატილში სასწრაფოდ არის გასაწმენდი ჰესის სათავე ნაგებობა, რომ მოსახლეობა ზამთარში უშუქოდ არ დარჩეს; ხონეში მცირე ჰესის მშენებლობის საკითხიც გადასაჭრელია. არხოტის ხეობაში ახიელი-ამღის ელექტროენერგიის ქსელია აღსადგენი, მავთულები მდინარის და გზის პირას მიწაზე ყრია“.

მთის სათემო ქსელი მუცო-არდოტის ხეობისთვის ერთი ტრაქტორის გამოყოფასაც ითხოვს, თოვლისა და ზვავის დროს, მოსახლეობამ შატილამდე გზის გაწმენდა რომ შეძლოს. დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო, ნოემბრის შუა რიცხვებიდან შატილის თემი გარესამყაროს 6 თვით წყდება. მუცო-არდოტის ხეობიდან 4 ბავშვი სწავლობს შატილის სკოლაში, მანქანით ან ფეხით დადიან. სკოლამდე 24 კილომეტრია. პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი ექიმიც შატილში ცხოვრობს.

თუშეთის მსგავსად პირიქითა ხევსურეთშიც საფეხმავლო ხიდების მოწყობა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. არდოტიდან - ანდაქამდე, არჭილომდე და ხახაბომდე სამანქანო გზა არ არის და ბილიკი ჭალას მიუყვება, რამდენიმე ადგილას კი მდინარე კვეთს. ხევსურეთში ადამიანების დახრჩობის ათობით შემთხვევას იხსენებენ. შატილს იქით სულ 5 საფეხმავლო ხიდია მოსაწყობი, რომელსაც მაქსიმუმ 100 ათასი ლარი სჭირდება.

მთის სათემო ქსელის დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ პირიქითა ხევსურეთში ისტორიულ ციხე-სოფლებს, არდოტსა და ხახაბოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს და გადასარჩენად სამუშაოები დაიწყოს. არდოტსა და ხახაბოში ციხე-კოშკები ინგრევა.

ხევსურების ინიციატივას, ბარისახოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ჯგუფი განთავსდეს, ფშავლებიც მხარს უჭერენ.

ფორუმის მონაწილე ირმა ცქიფაშვილი, რომელიც მთის სათემო ქსელს ხელმძღვანელობს, ათი შვილის დედაა. მისი მცირეწლოვანი შვილების გარდა უკანაფშავის სოფლებში სკოლამდელი ასაკის სხვა ბავშვებიც არიან. შუაფხოში წლების წინ საბავშვო ბაღი იყო, მაგრამ ბავშვების სიმცირის გამო გაუქმდა, მერე რაიონის გამგეობამ შენობაც გაყიდა. საბავშვო ბაღის გახსნას მოსახლეობა რამდენიმე წელია უშედეგოდ ითხოვს.

პანკისის უხუცესთა კავშირისა და ქალთა საბჭოს წევრებმა, სათემო ორგანიზაციების ფორუმზე აღნიშნეს, რომ ხეობისთვის აუცილებელია დუისსა და ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრებმა მუშაობა გააგრძელონ. რამდენიმე წელია ცენტრებს „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი“ დონორების მხარდაჭერით ამუშავებს. ბავშვებს ინგლისურს, ქართულს, თექაზე მუშაობასა და სხვა ხელსაქმეს ასწავლიან. ყოველწლიურად ამ ცენტრებით 200-ზე მეტი მოზარდი სარგებლობს. დეკემბრის ბოლოს ორგანიზაციას საგრანტო დაფინანსება უმთავრდება.

ახმეტაში, საზოგადოებრივი კოლეჯი, სადაც სახელმწიფო დაფინანსებით პროფესიული პროგრამები ისწავლება, მხოლოდ სოფელ ქვემო ალვანში ფუნქციონირებს. პანკისიდან ალვნამდე დაახლოებით 20 კილომეტრია.

უხუცესთა კავშირს მიაჩნია, რომ პანკისიდან ქვემო ალვანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნა, ხეობის ახალგაზრდებს პროფესიულ ცენტრში სწავლის შესაძლებლობას მისცემდა და მათი დასაქმების გარდა, ხელს შეუწყობდა ქისტი და თუში ახალგაზრდების დაახლოებასაც.

უხუცესთა კავშირის წევრის, ხასო ხანგოშვილის თქმით, ხეობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ გაზაფხულზე, წყალუხვობისას ალაზანი კალაპოტიდან გადმოდის და ახლოს მცხოვრები მოსახლეობის სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს ტბორავს, ნათესებს ანადგურებს. მდინარეზე ნაპირსამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი.

გუდამაყარში ტურისტული მარშრუტების მარკირებასა და ელემენტარული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ. ჩოხი-სნოს, ჩოხი-ბარისახოს, ჩოხი-აბუდელაურის მიმართულებებზე, გუდამაყრის ტბებსა და ჩანჩქერზე ტურისტების მიზიდვა ხეობის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა. ხეობაში ადგილობრივი ახალგაზრდების საფეხმავლო გიდებად მომზადებაცაა საჭირო.

გუდამაყრელების ნაწილი ტრადიციულად მეცხვარეობას მისდევს და როგორც სხვაგან, აქაც მატყლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ. გამოსავლის გზად მატყლის მცირე, გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა მიაჩნიათ.

სათემო ორგანიზაციების ფორუმი ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით. ფორუმში მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. უახლოეს პერიოდში სათემო ორგანიზაციები ადვოკატირების კამპანიებს დაიწყებენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში