საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შატილის გზა გაიხსნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:59 - 22 მაისი 2018 hits 18023

პირიქითა ხევსურეთთან, შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა გაიხსნა. შატილამდე მსუბუქი ავტომობილითაც ახვალთ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩინთიდან (ჟინვალის სიახლოვეს) შატილამდე 97 კილომეტრია და გზის გავლას დაახლოებით 3:30 საათი სჭირდება. ადრე უფრო მეტი დრო უნდოდა - ჩინთიდან თვალივამდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რამდენიმე კილომეტრი უკვე მოასფალტებულია, დანარჩენი გრუნტის გზაც მოსწორებული, რამაც დრო შეამცირა. გზის რეაბილიტაცია ჩარგლის გადასახვევამდეა დაგეგმილი, რის შედეგადაც შატილამდე მგზავრობის დრო მინიმუმ ნახევარი საათით კიდევ შემცირდება.

ჩინთიდან შატილისკენ გზა არაგვის ხეობას მიუყვება. გაივლით ჟინვალის წყალსაცავს, ფშავის სოფლებს - თვალივს, მაღაროსკარს, შუაფხოს გადასახვევს, სადაც უკანაფშავის და პირაქეთა ხევსურეთის არაგვი ერთმანეთს უერთდება და ორწყალს უწოდებენ. შემდეგ ბარისახოს (პირაქეთა ხევსურეთის ადმინისტრაციულ ცენტრს), კორშას, როშკას გადასახვევს (არხოტისკენ მიმავალ გზას), გუდანს, ბისოს, ხახმატს და დათვიჯვრის უღელტეხილზე ახვალთ - ზღვის დონიდან 2676 მეტრზე.

უღელტეხილიდან შატილამდე დაახლოებით 1:30 საათის სავალი გზაა. გაივლით სოფელ ლებაისკარს, კისტანს, გიორგიწმინდას, გუროსხევს. გზად ძირითადად მწყემსები შეგხვდებიან, რადგან უღელტეხილიდან შატილამდე, არცერთ სოფელში, აღარავინ ცხოვრობს.

შატილში ნახავთ შუასაუკუნეების ციხე-სოფელს. კომპლექსი 60–ზე მეტ კოშკს აერთიანებს, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. ისტორიული წყაროებით, შატილის ციხე-სოფელი აკონტროლებდა ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან, ნაწილობრივ დაღესტნიდანაც საქართველოში შემოსაღწევ ბილიკებს და გადმოსასვლელებს. 2007 წლიდან შატილის კოშკები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი. კომპლექსში განთავსებულია შატილის ეთნოგრაფიული მუზეუმიც, რომელიც დამთვალიერებლებისთვის ღია უნდა იყოს, მაგრამ დაკეტილია.

 ფოტო: გიორგი ნიკოლავა

კოშკებში ღამის გათევაც შეგიძლიათ - ნოდარ და შორენა ჭინჭარაულებს, 2 კოშკში, საოჯახო სასტუმრო აქვთ მოწყობილი. რამდენიმე საოჯახო სასტუმრო კომპლექსის გარეთ, განახლებულ სახლებშიც მუშაობს. ღამისთევის ღირებულება ვახშმით და სადილით, 50-დან 60 ლარამდე მერყეობს. შატილში მუდმივად 8-10 ოჯახი ცხოვრობს, ზაფხულში უფრო მეტი. ფუნქციონირებს სკოლა - 7 მოსწავლით. არის ექიმიც - მიხეილ ჭინჭარაული, რომელიც მთელ პირიქითა ხევსურეთს ემსახურება.

შატილიდან მუცომდე მანქანით 45-60 წუთი დაგჭირდებათ. გზად გაივლით აკლდამებში ამოწყვეტილ სოფელს - ანატორს, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოა, მარჯვნივ რამდენიმე ასეულ მეტრში, მდინარე არღუნის ნაპირას კი, საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეები დგანან. ე.წ. ფიჭვების ტერიტორია, სადაც აღარავინ ცხოვრობდა, რუსმა მესაზღვრეებმა რამდენიმე წლის წინ დაიკავეს და საზღვარი გადმოწიეს.

მუცო-არდოტის ხეობაში გადაადგილებას მაღალი გამავლობის მანქანით გირჩევთ. გზა არღუნის ხეობაში გადის და ხმაურიან, საშიშ მდინარეს მიუყვება.

მუცოში აუცილებლად უნდა ნახოთ გვიან შუა საუკუნეებში კლდეზე აგებული ციხე-კომპლექსი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთ მთლიან სათავდაცვო სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ პოსტს წარმოადგენდა.

ბოლო პერიოდში ძეგლი ინგრეოდა და ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. 2014 წელს, მთავრობამ მუცოს კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო. 20-მდე ციხე-კოშკი უკვე აღდგენილია. მუცოში მუდმივად, დაიაურების 3 ოჯახი ცხოვრობს. ციხე-კომპლექსში ასვლამდე პატარა გოგონას ნახავთ - ის ქეთო დაიაურია, „მუცო არდოტის ხეობის პრინცესად“ რომ ვიცნობთ. მუცოში არის მაღაზია და კაფე, შესაძლებელია ცივი სასმელების, სიგარეტის შეძენა. კაფეში დაიაურები კეცეულით და ხინკლის გამასპინძლებას გთავაზობენ.

მუცოს იქით გზა ორად იყოფა. მარჯვენა მხარეს არდოტი, ბახაო, ანდაქი, არჭილო და ხახაბოა, მარცხენა მხარეს ხონისჭალა და ხონე.

მუცოდან არდოტამდე მანქანით დაახლოებით 30-40 წუთის სავალია. გზა გაწმენდილია, მაგრამ დაზიანებული.

არდოტი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია არა მხოლოდ პირიქითა ხევსურეთში, არამედ საქართველოს მთიანეთში. აქ მუდმივად უკვე 2 ოჯახი ცხოვრობს, ნიკო და ზურა არდოტელები - გამორჩეულნი სტუმარ-მასპინძლობით, თავისი კუთხის და საქართველოს სიყვარულით.

ორივე მესაზღვრეა, ორივეს აქვს მეურნეობაც და საოჯახო სასტუმროც - ისეთი პირობებით, როგორსაც იმ ადგილას, იმ სიმაღლეზე და მთის მკაცრ პირობებში არ მოელით - დაღლილობას სულ დაგავიწყებთ ნამდვილი მთის ყველი, ეკოლოგიურად სუფთა რძის სხვა ნაწარმი და მთაზე მოკრეფილი ველური კენკროვანების გამორჩეულად არომატული კომპოტები.

არდოტს იქით სამანქანო გზა უკვე რამდენიმე წელია აღარ არის. სოფლებამდე, ბახაომდე, ანდაქამდე, არჭილომდე და ხახაბომდე მხოლოდ საცალფეხო ბილიკებია. რამდენიმე ადგილას, მდინარე არღუნზე საფეხმავლო ხიდიც არ არის და ანდაქამდე და არჭილომდე მისასვლელად, წყალში გავლა მოგიწევთ, ან მდინარეს გვერდი რომ აუქციოთ, მთაზე უნდა ახვიდეთ და ბახაოდან ანდაქში ისე ჩახვიდეთ. უგზოობამ, უშუქობამ, სატელეფონო კავშირის არქონამ და უყურადღებობამ თავის კვალი დაატყო ამ სოფლებს. ბახაოში მხოლოდ ერთი ადამიანი, ჯამრული პაპა ცხოვრობს, ანდაქშიც ერთი კაცი - სოსო ზვიადაური. ისიც მესაზღვრეა. არჭილოსა და ხახაბოში აღარავინაა.

ასეთივე რთული ვითარებაა ხონისჭალა-ხონეს მხარესაც. ზღვის დონიდან 2150 მეტრზე მდებარე სოფელ ხონეში, საქართველო-ჩეჩნეთის საზღვართან შეთეკაურების სამი ოჯახი (6 ადამიანი) მუდმივად ცხოვრობს. ყოველ წელს, ნოემბრიდან მაისის ჩათვლით, 7 თვე გარესამყაროს მოწყვეტილები არიან. ტელეფონი არც ხონეში იჭერს, არც ინტერნეტია, არც რაცია აქვთ, იქ არც მესაზღვრეები არიან, რამე რომ გაუჭირდეთ და ცენტრთან დაკავშირება შეძლონ. 2015 წლის შემდეგ ხონემდე გზა ზაფხულშიც აღარ არის. ხონელი შეთეკაურები ზაფხულობით ხონისჭალაში ცხოვრობენ, ოქტომბერში კი ისევ ხონეში ბრუნდებიან.

ზამთარში ხევსურეთის სოფლებში გადასვლა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. სამოქალაქო ავიარეისები წელიწადში 2-ჯერ სრულდება, ახალი წლის წინა დღეებში და ახალი წლის შემდეგ. გათითოკაცებული სოფლების მოსახლეობა სასაზღვრო პოლიციის ვერმფტრენის იმედადაა, რომელიც თბილისიდან/ბარისახოდან შატილში ორ კვირაში ერთხელ დაფრინავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში