საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შუაფხოს სკოლას სამი მოსწავლე დაუბრუნდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:18 - 02 ნოემბერი 2017 hits 7819

„უკანაფშავში სამი ბავშვი დაგვიბრუნდა. ეს სამი ბავშვი სამი ოჯახია. სკოლა ბავშვებისგან არ დაიცლება და სოფელი მოსახლეობისგან“, – შუაფხოს სკოლის დირექტორი, ირმა ცქიფაშვილი დარწმუნებულია, რომ სრული საშუალო სკოლა სოფლის გადარჩენას ხელს შეუწყობს.

შუაფხოს სკოლა წლების განმავლობაში 9 კლასიანი იყო. საშუალო განათლების მისაღებად ბავშვებს უკანაფშავიდან მაღაროსკარის ან ბარისახოს სკოლებში გადასვლა და უმეტეს შემთხვევაში პანსიონებში, მძიმე პირობებში ცხოვრება უწევდათ. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც შვილის პანსიონში გაშვებაზე უარი თქვა, უკანაფშავიდან ბარის სოფლებში გადასახლდა.

„თუ ჩვენ სკოლას მე-10, მე-11 და მე-12 კლასი არ დაემატებოდა, მაშინ მე და ჩემი ოჯახიც ვფიქრობდით რომ  წავსულიყავით“, – გიორგი ელიზბარაშვილსა და მის მეგობრებს უკანაფშავის დატოვება აღარ მოუხდათ. განათლების მინისტრმა მათი თხოვნა გაითვალისწინა და შუაფხოს საჯარო სკოლას მე-10, მე-11 და მე-12 კლასები დაემატა. გიორგიმ და მისმა თანაკლასელებმა ალექსანდრე ჯეჯელავას „მთის ამბების“ საშუალებით, 2017 წლის 4 იანვარს მიმართეს.

როგორც კი ცვლილების შესახებ შეიტყო, მაღაროსკარიდან შუაფხოს სკოლაში დაბრუნდა ირმა ცოკილაური. ახლა ის შუაფხოს სკოლის მე–11 კლასის ერთადერთი მოსწავლეა, – „შუაფხოში საშუალო სკოლა არ იყო. ამიტომ მომიწია მაღაროსკარში გადასვლა და მე-10 კლასის იქ დამთავრება. შემდეგ ძალიან სასიხარულო ამბავი მოხდა, აქ საშუალო სკოლა გაიხსნა და ახალი სასწავლო წლიდან მე და კიდევ ორი ბავშვი სოფელში დავბრუნდით“.

სოფელ თხილიანაში მცხოვრებ ზაზა ქოჩაშვილს, შუაფხოს სკოლის სპორტის მასწავლებელს,  სჯერა, რომ იქ გაზრდილი და სკოლადამთავრებული ბავშვები უფრო მეტად შეძლებენ მთაში დამაგრებას:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხეობისთვის, თითოეული ოჯახისთვის, სადაც ბავშვები იზრდებიან და თვითონ ბავშვებისთვის, რომ მიეცათ შესაძლებლობა მშობლებთან, ოჯახთან ერთად იყვნენ. მეტი შანსია, რომ აქ გაზრდილი ბავშვი აქვე დამკვიდრდეს, აქ დაოჯახდეს და მთა არ დაიცალოს. ჩემ შვილებს აქ არ უსწავლიათ, სკოლა რაიონში დაამთავრეს, ზაფხულში კი ჩამოდიან ცოტა ხნით, მაგრამ დიდხანს აქ ყოფნას უკვე ვეღარ ეგუებიან“.

ამ დროისთვის შუაფხოს სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, უკანაფშავის თემში – სულ 143 ადამიანია რეგისტრირებული: 53 სოფელ თხილიანაში, 35 შუაფხოში, 15 უძილაურთაში, 13 მუქოში, დანარჩენ სოფლებში რამდენიმე ადამიანია, მაგალითად, ელიაგზაში, ჩალახევსა და ჭიჩოში თითო-თითო ადამიანი შემორჩა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში