საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ნიკო არდოტელს სასაზღვრო პოლიციიდან აღარ გაათავისუფლებენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:49 - 21 აპრილი 2017 hits 18178

პირიქითა ხევსურეთის სოფელ არდოტის ერთადერთ მუდმივ მცხოვრებს ნიკო არდოტელს, სასაზღვრო პოლიციიდან აღარ გაათავისუფლებენ. ნიკო არდოტელის მეუღლის, მარინე დაიაურის თქმით, ნიკოს სასაზღვრო პოლიციის ბარისახოს სამმართველოს ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და უთხრეს, რომ მას „ზღვრული ასაკის“ შესრულების შემდეგ, მეკავშირედ დაასაქმებენ.

„ორშაბათს დაიბარეს შატილში, სადაც განცხადებას დაწერს, რომ მეკავშირედ დაასაქმონ. უთხრეს, რომ მოკლევადიან კურსებს გაივლის და მუშაობას ხევსურეთში გააგრძელებს. ნიკოს არდოტიდან წამოსვლა აღარ მოუწევს“, – აღნიშნა მარინე დაიაურმა.

ნიკო არდოტელი 15 წელზე მეტია, რაც პირიქითა ხევსურეთში, მუცოს სექტორზე საქართველოს საზღვარს იცავს. ის არდოტში ცხოვრობს და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სოფლის ერთადერთი მუდმივი მცხოვრებია. მაისში არდოტს ნიკოც დატოვებდა, რადგან „ზღვრული ასაკის მიღწევის“ გამო სამსახურიდან უნდა წამოსულიყო.

„სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების 30–ე მუხლით გათვალისწინებულია სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ასაკობრივი შუზღუდვა. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ რიგითი შემადგენლობის სპეციალური წოდება, შეუძლიათ იმსახურონ სასაზღვრო პოლიციაში 55 წლამდე ასაკის ჩათვლით.

9 აპრილს mtisambebi.ge–ზე გამოქვეყნდა მოქალაქე–რეპორტიორის გვანცა დადალაურის სტატია – არდოტს ბოლო მცხოვრები, ნიკო არდოტელიც ტოვებს. სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „მთის ამბების“ ვებგვერდზე სტატიას 42 ათასი ადამიანი გაეცნო, სოციალურ ქსელში კი მხოლოდ mtisambebi.ge–დან 3200–მდე მომხმარებელმა გააზიარა.

„უიმედოდ ვიყავით. გვანცა რომ დამიკავშირდა, ვუთხარი, მაინც არაფერი შეიცვლება მეთქი. მანამდე სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობას ვთხოვეთ, რადგან „ზღვრული ასაკის“ მიღწევის გამო ნიკოს მესაზღვრედ მუშაობა აღარ შეეძლო, სამეურნეო ნაწილში მაინც დაესაქმებინათ სამოქალაქო წესით, მაგრამ ადგილი არ გვაქვსო“, – ამბობს მარინე დაიაური.

ამავე მიზეზით, ბოლო პერიოდში, ხევსურეთში, სასაზღვრო პოლიციიდან რამდენიმე პირი ჰყავთ გათავისუფლებული. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ისინი მთაში ვეღარ დარჩნენ. სასაზღვრო პოლიცია ხევსურეთში დასაქმების ერთადერთი საშუალებაა.

ნიკო არდოტელსა და მარინე დაიაურს 3 შვილი ჰყავთ. 18 წლის გიორგი, 16 წლის თაია და 13 წლის ლევანი. ზაფხულში ოჯახის დანარჩენი წევრებიც მთაში არიან, სექტემბერში კი დედა და ბავშვები ბარში ბრუნდებიან და მაისის ჩათვლით სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობენ.

„არდოტში ტელეფონი არ იჭერს. არდოტიდან შატილამდე 18 კილომეტრია და დასარეკად, წინ და უკან 36 კილომეტრი ფეხით რომ გავიარო, მთელი დღე მჭირდება. მთავრობა რომ ამბობს, მთა არ უნდა დაიცალოსო, ტელეფონით დარეკვა მაინც ხომ უნდა შევძლოთ? თან ხევსურეთს უამრავი ტურისტი სტუმრობს“

„2016 წლის 7 სექტემბერს, მასწავლებლებთან უნდა დამერეკა, ბავშვებს ცოტა აგვიანდებოდათ ბარში დაბრუნება. შატილში ცხენით მივდიოდი. მუცოს რომ გავცდი, გზაზე მიკროავტობუსი იყო გაჩერებული, უკანა მხრიდან ძაღლი მოვიდა და ცხენი დამიფრთხო. ციცაბო კლდე იყო და ქვემოთ მდინარე. ბავშვობიდან ცხენზე ვზივარ, მაგრამ შემეშინდა ცხენი ხრამში არ გადავარდნილიყო და გადმოვხტი. მიწას მარცხენა ფეხით დავენარცხე და ვიტკინე. მას შემდეგ ყავარჯენი მჭირდება. ტელეფონი რომ ყოფილიყო არდოტში, ეს არ დამემართებოდა“, – ამბობს მარინე დაიაური.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი მობილური კავშირგაბმულობის რომელიმე ოპერატორი პირიქითა ხევსურეთში, მუცო–არდოტის მხარეს ანძას დადგამს თუ არა.  

„არსად წამსვლელი არა ვარ,

არსად გამდგმელი ნაბიჯის,

მხოლოდ ამ მთებმა იციან,

რა მიხარია, რა მიჭირს“.

ეს ნიკო არდოტელის ლექსია. ამ ლექსით დაგვემშვიდობა არდოტში შეხვედრამდე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში