საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გერგეტის სამებასთან მისასვლელი გზის მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:17 - 14 მარტი 2017 hits 18933

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სტეფანწმინდიდან გერგეტის სამებასთან მისასვლელი შემოვლითი გზის მშენებლობას იწყებს. ახალი გზის პროექტს, რომელიც გვერდს უვლის სოფელ გერგეტს, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ახალი, ბეტონის გზის საერთო სიგრძე 5,66 კმ  იქნება. გზის დეტალური პროექტი, რომელზეც შპს „ტრანსპროექტი“ მუშაობდა, უკვე მზადაა. პროექტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 175 ათასი ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი 2017 წლის მეორე კვარტალში გამოცხადდება, გზის მშენებლობა კი რამდენიმე თვეში დაიწყება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ახალი გზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

ახალი გზის პროექტს, რომელიც გვერდს უვლის სოფელ გერგეტს და გერგეტის სამებამდე ამჟამად არსებულ მისასვლელ გზას, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: ნაწილს ის მოსწონს, ნაწილი კი აცხადებს, რომ სირთულე და გრუნტოვან გზაზე ფეხით სიარული ამ გზას და მარშრუტს გარკვეულ ხიბლს სძენდა.

ვასილ ჩიხლაძე, გიდი: „ტურისტს, რომელიც აქ მოდის, სიძველე აინტერესებს და მოსწონს ეს გზა ისეთი, როგორიც არის: ცოტა არაკომფორტული, ცოტა საშიში და ცოტა ველური. ამ რთული გზის გავლის შემდეგ ადის მთის წვერზე და მის თვალწინ  საოცარი ხედები იშლება. ეს მათთვის ერთგვარი თავგადასავალია. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ადგილობრივები აქ ტურისტების მანქანით მომსახურებიდან სერიოზულ შემოსავალს იღებდნენ, ასეთი გზა ბევრი ტურისტისთვის გარკვეულ ხიბლს კარგავს.“

ოთო ჯაფარიძე, გიდი: „სისულელეა იმის თქმა, რომ ტურისტს მოსწონს ეს გზა იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის. მთავარია, რომ გერგეტის სამებისკენ მიმავალმა გზამ სოფელ გერგეტს გვერდი აუაროს. სოფელს უჭირს მაღალი გამავლობის მანქანების დიდი ნაკადის გატარება. ამჟამად იქ ამ გზის გამო ძალიან წუხდება ადგილობრივიც და ტურისტიც. ძველი გზის გაფართოება და რეკონსტრუქცია შეუძლებელია, რადგან ამ გზაზე კერძო მესაკუთრეთა მიწის ნაკვეთები ხვდება. ახალი გზა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გზაა. გერგეტის სამება ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა საქართველოში. აქ ჩამოსული ტურისტების 80 პროცენტი მიდის ყაზბეგში და გერგეტის სამებაზე. თითქმის ყველა ის ტურისტი, ვისთანაც კი ურთიერთობა მქონია, გაკვირვებული კითხულობს, თუ რატომ არ აკეთებს მთავრობა ამ გზას. ინფრასტრუქტურა და მითუმეტეს, გზა სასიცოცხლოდ აუცილებელია როგორც ტურიზმისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აუცილებელია მოწესრიგებული ავტოსადგომის გაკეთებაც. გერგეტის სამებიდან ტურისტები ხშირად მყინვარწვერზე აგვყავს. მანქანებს სამების გვერდით ვტოვებთ 1 კვირის განმავლობაში, მყინვარწვერიდან ჩამოსულებს კი მანქანები ხშირად გაძარცვული გვხვდება.“

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის გაკეთება 2015 წელს უნდა დაეწყო. სტეფანწმინდა-გერგეტის სამების ეკლესიის საავტომობილო გზის კმ1-კმ6 მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 5,5 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. 1,5 მილიონი ლარი 2015 წელს უნდა დახარჯულიყო, 4 მილიონი ლარი კი 2016 წელს. ყოფილი მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, სამინისტრომ გზის მშენებლობა მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ვერ დაიწყო.

„იქ არის სერიოზული წინააღმდეგობა, რადგან მოსახლეობა თვლის, რომ „დელიკებით“ უნდა აკეთონ დიდი ფული. მათ გზის გაკეთება არ უნდათ. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვიდრე ეს საკითხი არ მოგვარდება განსახლების სამუშაოებს არ დავიწყებთ, რადგან უარყოფითი შედეგი წინასწარ გარანტირებული გაქვს. თუ მოსახლეობას ვერ დავითანხმებთ, არ გავაკეთებთ გზას და ეგ იქნება. ვფიქრობ, აქ უნდა ჩაერიოს არამარტო ხელისუფლება, არამედ ეკლესიაც. არ არის სწორი, როცა ჩვენ მომლოცველებს ვატყავებთ,“ - აცხადებდა მაშინ ჯავახიშვილი.

მე-14 საუკუნეში აგებული ტაძარი, გერგეტის სამება დაბა სტეფანწმინდიდან 6 კმ-ში მდებარეობს. ტაძრამდე მისასვლელი გზა სოფელ გერგეტზე გადის, საიდანაც მაღალი გამავლობის მანქანით ან ფეხით შესაძლებელია მთის მწვერვალზე ასვლა და ამ ძეგლის მონახულება.

გერგეტიდან სამებამდე ასასვლელად ტურისტები ხშირად მანქანებს ქირაობენ. „ნივის“ დაქირავება 30-40 ლარი ღირს, ხოლო „დელიკის“ - 50-70 ლარი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში