საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ნათელა ჭინჭარაული – სკოლა რომ არ იყოს და სასაზღვრო, ბარისახოც დაიცლებოდა

11:32 - 06 მარტი 2017 hits 8800

ნათელა ჭინჭარაული 71 წლისაა, ხევსურეთში, ბარისახოში ცხოვრობს. ჰყავს ერთი შვილი, რომელიც მესაზღვრეა. „ჟურნალისტები ხართ? მე გეტყვით, რაც აწუხებსო ბარისახოს“, - გვითხრა და 2 წუთში ჩაატია თავისი სათქმელი.

„ბარისახოში ყველაზე მთავარი პრობლემა უწყლოობაა. მეზობლები ერთმანეთთან დადიან, იქნებ ვინმეს ონკანში წყალი მოდიოდეს. მიხვალ იქ - არ არის, სხვაგან მიხვალ - არც იქ არის. მთავრობას ვთხოვ, ამოვიდნენ და მოგვაქციონ ყურადღება: გამოუშვან ვინმე, რომ იპოვოს წყლის სათავე, ცოტა მოემატოს წყალი და ყველასთან მოვიდეს“.

უწყლოობის გარდა ხევსურეთს უგზოობაც აწუხებს.

„რომ ამბობებენ, მოვიდეს ხალხი, ნახოს ხევსურეთიო, როგორ მოვლენ, თუ გზა არ იქნება. გააკეთონ კარგი გზა, რომ ტურისტები მოვიდნენ, ჩასხდნენ მანქანაში და წესიერად იმგზავრონ. გზა აუცილებელია, რომ ხალხი მოიზიდონ“.

ნათელა ჭინჭარაული დასაქმების პრობლემაზეც წუხს.

„მეც კი ვიმუშავებდი, რამე საწარმო რომ იყოს. გახსნან რამე, რომ ახალგაზრდები დასაქმდნენ. ბებერი კი ვარ, მაგრამ უსაქმოდ ვერ ვძლებ. აი, ეს შეშა ჩემი მოტანილია. გავალ ტყეში და მოვიტან ერთ ტოტს, მერე კიდევ წავალ და მეორეს მოვიტან. მე ვერ ვისვენებ და ახალგაზრდები როგორ გაძლებენ უსაქმოდ? არანაირი სამუშაო აქ არ არის. ეს ჩვენი ახალგაზრდებიც გამოდიან და „ბირჟაზე“ სხედან. ერთადერთი თუ სადმე შეუძლიათ იმუშაონ, ჯარი და საზღვარია. ღმერთმა უშველოს, ვინც ეს მოიგონა. ეგეც რომ არ იყოს, რა უნდა ექნა აქ ხალხს? ცოლ-შვილი რით უნდა შეენახა? მთავრობა რომ ამბობს, გამრავლდით, შვილები გააჩინეთო, იმათ რჩენა არ უნდათ? სკოლა რომ არ იყოს და სასაზღვრო ჯარი რომ არ იყოს, აქ კაციშვილი არ გაჩერდებოდა, ყველა წავიდოდა ბარისახოდან. აქ ზამთარში ჯოჯოხეთია, ზაფხულში კი - სამოთხე, ძალიან ლამაზია აქაურობა, საიდან არ მოდიან ტურისტები“.

იცლება მთა და ესეც ადარდებს ნათელა ბებიას:

„აი, მთელ სოფელში 80 კომლია, უფრო სწორედ, 80 სახლი, მაგრამ ამ სახლების უმეტესობა ცარიელია. ბებრები დაიხოცნენ და ახალგაზრდები ბარში წავიდნენ. ერთი 50 კომლიღა ვიქნებით, რომ ცოცხლები ვართ. ამ გაყოლებაზე 6 კაცი მოკვდა შარშან, სულ ჩემები. კარგი მეზობლები. ვერ უძლებენ ამ პირობებს. აქ ძალიან ძლიერი უნდა იყო, ძალიან ჯანმრთელი, რომ ასეთ ცხოვრებას გაუძლო.

ახალგაზრდები თითქმის აღარ არიან ხევსურეთში. სკოლაში ხომ იყავით? 2-3 მოსწავლე აღარ ზის კლასში. დიდებიც, თუ ვინმეა აქ, ჩირდილისჭალაში არიან და სასაზღვრო პოლიციაში მსახურობენ, ეგ არის და ეგ. ზოგი აქ მუშაობს, ზოგი საზღვარზე მთაშია წასული. ადრე ბევრი ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ დაიცალა მთელი ხევსურეთი: გუდანში იყო 20 კაცი, ახლა 10 კაციც არ იქნება, ჭალაისსოფელში ორი კაცი ცხოვრობს, კორშაში რამდენიმე კაცი იქნება. აი, დაგანახებთ, იქ რომ სახლია, ეგ არის ქობულო, სოფელი ჰქვია, მაგრამ ცხოვრობს ერთი ადამიანი. ბუჩუკურთაშიც ერთი კაცი - კოსტა გოგოჭური ცხოვრობს. ხახმატში მამუკა ალუდაური ცხოვრობდა და დაიღუპა, როშკიდანაც წამოვიდა ხალხი. მოკლედ, დაიცალა სოფლები: სახლები დგას, მაგრამ ხალხი აღარ ცხოვრობს“.  

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში