საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ონის რაიონის 46 სოფელში 6 წლამდე ასაკის ბავშვები აღარ არიან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:01 - 26 თებერვალი 2017 hits 66769

„დიდი სოფელი იყო გონა. 300–მდე ადამიანი ცხოვრობდა იქ. ძვირფასეულობის მაღაზიაც კი გვქონდა. გონაში 25 წელია აღარავინ რჩება ზამთარში. ზაფხულშიც მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვართ იქ. სოფლამდე მისასვლელი გზა არ ვარგა. ხიდიც ისეა მოშლილი, ზამთარში კი არა, ზაფხულშიც ძლივს გავდივართ. არადა, ისეთი სოფელია, ტურისტები რომ მოდიან, წასვლა აღარ უნდათ. ყველას უკვირს, ასეთი ლამაზი სოფელი ასე უყურადღებოდ რომ არის მიტოვებული,“ - ამბობს ირინა გობეჯიშვილი.

სოფელი გონა რაჭაში, ონის რაიონში, რუსეთ–საქართველოს საზღვართან ახლოს, მდინარე ჩვეშურის ნაპირზეა. სოფელი ზღვის დონიდან 1680 მეტრზეა. ქალაქ ონიდან 39 კილომეტრით არის დაშორებული. ონის რაიონში 64 სოფელია.

გონაში ერთადერთი ოჯახიღაა რეგისტრირებული, ამ ოჯახშიც ორი წევრია: 59 წლის ირინა და 66 წლის გია გობეჯიშვილები.

„დიდთოვლობისა და უგზოობის გამო ზამთარში მე და ჩემი ქმარი ონში ჩამოვდივართ. ტრაქტორი სოფელთან მისასვლელ გზას რომ წმენდდეს, გონაში დავრჩებოდით, იქ გვირჩევნია ყოფნა. წასვლა-წამოსვლა დიდი ხარჯია. აქ რომ მოვდივართ, საქონელიც თან მოგვყავს. დენი, როგორც იქნა, ჩვენს სოფელშიც გამოიყვანეს, მაგრამ გზა, და ღებსა და გონას დამაკავშირებელი ხიდი ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ამიტომაც იცლება სოფელი“, – უთხრა „მთის ამბებს“ ირინა გობეჯიშვილმა.

ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ბოლო ორ წლის განმავლობაში ონის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 589 ადამიანით შემცირდა: სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წელს ონის მუნიციპალიტეტში 7139 ადამიანი ცხოვრობდა, 2017 წლის პირველი იანვრისთვის კი - 6550.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ონის რაიონის 64 სოფლიდან სამში - ჭიბრევში, სხიერსა და ჭოის უბანში აღარავინ ცხოვრობს, 22 სოფელში კი 1-დან 10-მდე კომლია დარჩენილი. სამთისში, ფსორში, სხნარში, შრომისუბანში, ხეითში, ბოყვაში, ჭვებარსა და გადამში მუდივად 2-4 კომლი ცხოვრობს, ძირითადად მოხუცები.

ირინა იხსენებს, რომ მის ბავშვობაში ონის რაიონის ყველა სოფელს სკოლა ჰქონდა, რომელიც მოსწავლეებით იყო სავსე. ახლა კი, ოფიციალური მონაცემებით, ონის რაიონის 46 სოფელში 6 წლამდე ასაკის არცერთი ბავშვი აღარ არის. 2016 წელს ონის რაიონში სულ 36 ბავშვი დაიბადა.

საქსტატის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში წლის განმავლობაში 367 ბავშვი იბადება. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში, რომელშიც 4 მუნიციპალიტეტია, დღეში 1 ბავშვი იბადება.

ბოყვაში, რომელიც ონიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული, სულ 2 კომლი - 2 ადამიანი ცხოვრობს. გონას მსგავსად ზამთარში ბოყვაც მიტოვებულია. ორი წლის წინ სოფელში 25 წლის ტყუპი ძმები - შოთიკო და მირიან მეტრეველები დაბრუნდნენ. ისინი სოფლის მეურნეობას მიჰყვებიან და რძის გადამამუშავებელი საწარმოს გაკეთებას ცდილობენ.

„წინა წლებში, აქ, სოფლებში ცოტა ხალხი ჯერ კიდევ იყო. წელს მთლიანად დაიცალა სოფელი. სულ გვეფიქრებოდა მიტოვებულ კარმიდამოზე და 2 წლის წინ, სოფელში დავბრუნდით. მიწა დავამუშავეთ, დავთესეთ, ღორები მოვაშენეთ. რაჭული ლორით დავიწყეთ ბიზნესი. შემოსავალი რომ გაგვიჩნდა, საქონელი ვიყიდეთ. ყველის ამოყვანაც ვისწავლეთ. რაც მთავარია, შრომა არ გვეზარება,“ - გვიყვება მირიან მეტრეველი.

მისი ძმა, შოთიკო ამბობს, რომ დედაქალაქში ვერ გაძლო და თბილისში წელიწადნახევრიანი ყოფნის შემდეგ ისევ მშობლიურ სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა: „გულზე მხვდებოდა დაცარიელებული სოფლის ნახვა. ვერც ონში გავჩერდი და მიტოვებულ სოფელს დავუბრუნდი. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. ნელ-ნელა სოფელში ცხოვრებასაც მივეჩვიეთ და საქმის კეთებასაც. სოფელშიც შეიძლება ცხოვრება და საქმის კეთება. ბევრი რაჭველი თუ იფიქრებს ასე, იქნება, აღარ დაიცალოს რაჭა“.

ამ თემაზე:

„სოფელი სოფელს გასძახის: „დაილიე თუ ხარაო“ – ბოლო პერიოდში 223 სოფელი იქცა ნასოფლარად

სალომე ცისკარაული

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს ხევსურეთის და რაჭის ამბებს. პროფესიით ჟურნალისტია. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში