განკარგულება 16 იანვარს გამოქვეყნდა და ასე იწყება: სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ზოგიერთი ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფის შესახებ - საუბარია 112 ოჯახზე, რომელთაგან 30 000 ლარი გადაეცემა მათ, ვისაც საკუთრებაში აქვს ან ჰქონდა რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და 50 000 ლარი გადაეცემა დაზარალებულ ოჯახს, რომელსაც საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული ფართი არ გააჩნია.
რამდენად სამართლიანია კომპენსაცია, რომელსაც სახელმწიფო უხდის მოქალაქეებს მათი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში; მოქალაქეებს, რომლებიც მთელი ცხოვრება იხდიან გადასახადებს და არჩენენ მთავრობას; მოქალაქეებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს და ამის ასანაზღაურებლად დეპუტატის 2 თვის ხელფასს სთავაზობენ.
„5 მეწველი ძროხა მყავდა, იმით ვირჩენდით თავს. ყველაფერი ერთ დღეში გავყიდე ლარის ფასად. პატრულით მოვალთ და გაგიყვანთო.
მე თუ გამიყვანდნენ, საქონელი სად და ვისთვის დამეტოვებინა. იძულებული გავხდით. ორსართულიანი დიდი სახლი იყო ჭურ-მარანით, ყველაფერი წაიღო. აფეთქებები რომ დაიწყო, ხმაც გვესმოდა და ვიბრაციასაც ვგრძნობდით. არ გვეგონა ამდენად თუ გაგვიმეტებდნენ, ასე თუ გაგვწირავდნენ“, - ამბობს ხათუნა თხელიძე, ღვერკის მკვიდრი.
სტიქიის გამომწვევი მიზეზები სადავოა. ეკომიგრანტის სტატუსი დაზარალებულ ოჯახს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკუთვნის, თუ სტიქია ბუნებრივია. მაგრამ თუ ის გამოწვეულია ადამიანის ჩარევით, ასეთ შემთხვევაში ადამიანები ეკომიგრანტები კი არა, დაზარალებულები არიან და მათ ისეთი კომპენსაცია ეკუთვნით, როგორ ქონებასაც ფლობდნენ ამ კატასტროფამდე.
მეწყრის გამომწვევ მიზეზად რკინიგზის მოდერნიზაციის სამუშაოებსაც ვარაუდობენ - გვირაბის მშენებლობისთვის მთის აფეთქებას, ფერდის ჩამოჭრას და სხვა. „საქართველოს რკინიგზა“ სახელმწიფო კომპანიაა და ადგილობრივებისთვის სრულიად ნათელია სახელმწიფოს დაინტერესება, „რკინიგზა“ ბრალეულად არ გამოცხადდეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებში კვლევა კომპანია „გეოლოჯიქმა“ ჩაატარა. ერთი მხრივ, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ზუსტი მიზეზების დადგენის შესაძლებლობა მათ არ ჰქონიათ, მეორე მხრივ, მაინც ასახელებენ მეწყრის გამომწვევ მიზეზებს: კლიმატური ფაქტორები; მიწისქვეშა ბიძგები (მიწისძვრა); ფერდობის დახრილობის ბუნებრივი ზრდა; ფერდობის ამგები ქანების და გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების ბუნებრივი გაუარესება; ზედაპირული წყლის ნაკადების და მდინარეების მიერ ფერდობებზე გამოწვეული ეროზიები; მიწისქვეშა წყლების ზემოქმედება და ა.შ.
მეწყრების საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, ის შეფასებულია, როგორც „ძალიან ღრმა და ექსტრემალურად დიდი“. მეწყრის არეალი 68 ჰექტარზე მეტს მოიცავს. მისი მოცულობა დაახლოებით 30 მილიონი კუბური მეტრია.
პროცესში ჩათრეულია 121 შენობა, ზოგიერთი სახლი მთლიანად დანგრეულია. კვლევის ავტორები, ინჟინერ-გეოლოგი მირზა მესხი და გეომორფოლოგი დავით ბახსოლიანი წერენ, რომ „აქტიური მეწყრის ხელოვნურად შეკავება ან ბუნებრივი სტაბილიზაცია რთულად წარმოსადგენია“. კვლევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ჩატარდა.
ულტიმატუმს წააგავდა ხარაგაულის მერის და სხვა მაღალჩინოსნების ტონი, მათი მხრიდან იმის ხაზგასმა, რომ თუ მეწყრის გამომწვევი მიზეზი მოსახლეობისთვის საკამათოა, მაშინ ალტერნატიული დასკვნა წარადგინონ.
კვლევამ მეწყრის გამომწვევ მიზეზებს შორის თითქმის გამორიცხა რკინიგზის მოდერნიზაციის სამუშაოები: „სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ასევე გაყვანილია სარკინიგზო გვირაბები, რომლებიც საკვლევი ფერდობიდან საკმაოდ დიდი მანძილით არის დაშორებული. ფერდობის ჩრდილო-დასავლეთით არსებული გვირაბი დაახლოებით 1.8 კილომეტრის მოშორებით, ხოლო სამხრეთით არსებული გვირაბი დაახლოებით 2.6 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ამასთანავე, გვირაბსა და საკვლევ ფერდობს შორის ორივე შემთხვევაში რელიეფში ღრმად ჩაჭრილი ბუნებრივი ხევებია ჩამოყალიბებული, რითაც ბუნებრივად არის ჩაჭრილი ტერიტორიის ამგები ქანები. ამ გარემოებისა და დიდი მანძილის გამო გვირაბის გაყვანის დროს აფეთქების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, მექანიკური ზემოქმედებით წარმოქმნილი ბიძგების გავრცელება საკვლევ ფერდობამდე ვერ მოხდებოდა. შესაბამისად საკვლევ ფერდობთან მიმართებაში უარყოფით გავლენას ვერ მოახდენდა.“
„მთის ამბებმა“ „გეოლოჯიქის“ დასკვნა დამოუკიდებელ ექსპერტებს შეაფასებინა. სეისმოლოგი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამაშრომელი თეა გოდოლაძე მიიჩნევს, რომ გვირაბი იქ არ უნდა გაეყვანათ, მითუფრო აფეთქებებით. „არაფრით ამ ადგილას რელიეფში ჩარევა არ შეიძლებოდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფერდობის მოჭრა. კომიკური ჩანაწერია დასკვნაში, რომ გვირაბსა და სოფელს შორის არსებული და რელიეფში ღრმად ჩაჭრილი ხევი ბიძგების გავრცელებას ხელს შეუშლიდა და საკვლევ ფერდობზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენდა. თუ არ ვიცით გეოფიზიკა, არ უნდა ვწეროთ ამის შესახებ. ასეთი ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს დასკვნაში, მითუმეტეს ისეთ დოკუმენტში, რომელიც ადამიანების ბედს წყვეტს“
„მთის ამბების“ არქივში შენახულია ინტერვიუ გეოდეზისტ აკაკი კიკნაძესთან. საზედამხედველო კომპანია ILF-ის ყოფილი თანამშრომელი აკაკი კიკნაძე აცხადებს, რომ სარკინიგზო გვირაბები ხარაგაულის სოფლების მიმდებარედ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მიერ ტოტალური დარღვევებით, სამშენებლო და უსაფრთხოების წესების დარღვევით აშენდა.
„მთის ამბები“ ღვერკისა და ხემაღალის თემას იქ მეწყრული პროცესების გააქტიურებისთანავე, პირველივე კვირებიდან აშუქებდა. საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა და გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა შოთა ადამიამ ჩვენთან საუბარში მკაფიოდ თქვა:
„თუ არა ადამიანის ჩარევა, ერთადერთი, რასაც ღვერკსა და ხემაღალში ასეთი მასშტაბის პროცესების გამოწვევა შეეძლო, ძლიერი მიწისძვრაა. ასეთი მიწისძვრა კი საქართველოში ბოლო 34 წლის განმავლობაში არ მომხდარა“.