საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„შუქი არ გვაქვს და ნორმალური გზა... როგორ ვიქნებით ასეთ ჯოჯოხეთში?“ – რეპორტაჟი ლუთხუბიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:55 - 02 დეკემბერი 2016 hits 11192

ლუთხუბი გუდამაყრის ხეობის დიდი და მდიდარი სოფელი იყო, ტრადიციულად. ეს სოფელი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალია ხეობაში, თუმცა...

„რამდენი ვართ? მოიცა, დავთვალოთ. ქვემოთ, ჩვენამდე, ხომ ნახეთ, ერთი ოჯახია, აქვე, მანქანა რომ დგას - მეორე, მე და ჩემი შვილი ორ კომლად ვართ, ჩვენ მერე კიდევ ერთი, გაღმა - სამი, ზემოთაც კიდევ რამდენიმე. მოკლედ, 11-12 კომლი ვიქნებით, კომლი რა? უმეტესად ერთი-ორი ადამიანია, - გვეუბნება მარუსა დეიდა - ჩვენ კიდევ რა გვიჭირს, ხეობის ბევრ სოფელში 3-4 ოჯახია, ზოგან ამდენიც არა, ზოგი სოფელი საერთოდ დაიცალა“.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგებით, ლუთხუბში ოფიციალურად რეგისტრირებულია 23 ადამიანი. წინა აღწერით, აქ 80 კაცი ცხოვრობდა. დღეს გუდამაყრის ხეობაში ლუთხუბს მოსახლეობით მხოლოდ მაქართა და კიტოხი აღემატება. იქ, შესაბამისად, 40 და 25 კაცი ცხოვრობს.   

გუდამაყარში რამდენიმე გვარის წარმომადგენლები არიან: წიკლაურები, ბექაურები, ჩოხელები, აფციაურები... ლუთხუბი წიკლაურების სოფელია. ისინი აქ ოდესღაც როშკიდან გადმოსულან.

როგორ ცხოვრობენ დღეს ლუთხუბელი წიკლაურები? ამის სანახავად შავი არაგვის ხეობას გავუყევით. სანამ მაქართაში მიხვალ, უკვე გვარიანად შელახული ხიდით არაგვზე უნდა გადახვიდე და ლუთხუბის ხეობას შეუყვე. ფასანაურიდან ლუთხუბამდე დაახლოებით 12 კილომეტრია. აქაურებს ხშირად უწევთ ამ მანძილის ფეხით გავლა. მართალია, სარეისო ავტობუსის მძღოლი მათი მეზობელია, მაგრამ ოფიციალური რეისი კვირაში სულ 2-3-ჯერ სრულდება. ზამთარში თოვლის გამო ხშირად ვერც დადის ავტობუსი...

ნოემბრის შუა რიცხვებში თოვლი მოვიდა გუდამაყარში, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ხეობაში სინათლე გამორთულიყო (მართალია, „ენერგო-პრო- ჯორჯიას“ წარმომადგელები ხეობაში მუშაობდნენ და ელექტროენერგიის აღდგენასაც პირდებოდნენ მოსახლეობას), ხეობის ცენტრალური გზა გაწმენდილი დაგვხვდა, მაგრამ ლუთხუბში ჩრდილის მხარეს მოქცეული შიდა გზა ისე იყო მოყინული, რომ დიდ სატვირთო მანქანას ჯაჭვები დასჭირდა და ჩვენც სოფლის დასაწყისში გავაჩერეთ მანქანა.  

ავიარეთ პირველი სახლები, არსად არავინ ჩანს, გამოკეტილი და ბოქლომდადებული იყო ჭიშკრები. ერთ-ერთ პირველ სახლში ვანო ბიძია ცხოვრობდა, ჩვენი ძველი მასპინძელი და აქაურობის მემატიანე. მისმა მეუღლემ, დალი დეიდამ, ორმოცი გადაიხადა და ცოტა ხნის წინ აიყარა რუსთავისკენ.

ერთ სახლში აივანზე გაფენილი სარეცხი დავინახეთ. ეს ნიშანია, რომ აქ ცხოვრობენ, ჯერ ზემოთ ავალთ, მერე აუცილებლად ჩამოვივლით ამ ოჯახში, ვფიქრობთ. მანქანას კი სწორედ აქ ვაჩერებთ, რადგან წინ სატვირთო მანქანაა გაჭედილი: სამი ადამიანი ჯაჭვებს უნაცვლებს, რომ როგორმე ზემოთ ავიდეს. გზა მოყინულია, თან გვერდის ავლასაც ვერ შევძლებთ.

ფეხით მივდივართ კამერებით. არასაიდან ჩქამი... ბევრ სახლთან თოვლიან გზაზე ნაფეხურებიც არ მიდის...

„გამარჯობა, რა კარგია, რომ დაგინახეთ“, - გავძახე პირველივე ქალბატონს, სოფელში რომ დავინახე. ის სახლთან იდგა და წყალს ავსებდა.

  • გაგიმარჯოს, შვილო, რომელი ხარ?
  • სტუმარი, - მეტი ვერაფერი მოვიფიქრე... ჟურნალისტი რომ ვთქვა, ბებო ალბათ ეგრევე უარს მეტყვის გადაღებაზე... მთაში ხომ ფოტოს გადაღებაც არ უყვართ.  
  • „სტუმარი? ამ ჯოჯოხეთში სტუმარი რამ მოგიყვანა, შემოდი, შვილო, სახლში, შეგცივდებოდათ, ღუმელს დაგინთებ“, - მეპატიჟება მარო (მარუსა) წიკლაური.
  • ჯოჯოხეთი? - შევიცხადე.
  • ჯოჯოხეთია, აბა რა არის, შვილო, სინათლე აქ არ არის, გზა და ტელეფონი. აი, ახლაც მესამე დღეა არ გვაქვს სინათლე. ისედაც თითქმის არ იჭერს ტელეფონი და ახლა ვერც დავტენეთ. დუშეთში შვილთან დალაპარაკება მინდა, მაგრამ როგორ?

მარო (მარუსა) წიკლაური თითქმის 60 წელია ლუთხუბში ცხოვრობს. „ზემოთ, ჩოხისკენ რომ სოფელია, ბოსლები, იქიდან ვარ. ახლა იქ თითქმის არავინაა დარჩენილი, ლუთხუბში კიდევ არიან შემორჩენილი მოხუცები.

მე რომ მომიყვანეს, ზემოთ სახლში ვცხოვრობდით, მერე მეწყერის გამო აქ ჩამოვედით. დიდი და ხალხმრავალი სოფელი იყო ოდესღაც ჩვენი სოფელი. 60 კომლზე მეტი ვცხოვრობდით. აქ დავზარდე შვილები, აქ გავატარე მთელი ცხოვრება და არსად წასვლა არ მინდა“, - ამბობს მარუსა ბებია.

შვილების ბედი ანაღვლებს. ერთი ქალიშვილი დუშეთში ცხოვრობს, ერთი დასაოჯახებელი შვილი  - აქვე, მის გვერდით. უფროს ვაჟი უკრაინაში ცხოვრობდა, მაგრამ მეუღლე გარდაეცვალა და შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა.

ბებიას ძალიან უნდა შვილიშვილი აქ, თავისთან ჰყავდეს, მაგრამ, აბა, სკოლაში როგორ ატაროს? აქედან გუდამაყრის სკოლამდე 8-9 კილომეტრია. ბავშვი სკოლაში დუშეთში დადის, იქ ხშირად მამიდასთან რჩება.

ჩვენი საუბრისას მოვიდა სწორედ დედასთან მოსე წიკლაური, სწორედ ის იყო დიდ სატვირთო მანქანასთან, წვალებით რომ აჰყავდათ სოფელში.

„რამდენიმე დღეში დღეობაა და საკლავი წამოვიყვანე“, - გვიხსნის მოსე. ის უკრაინის მოქალაქეა, როგორც გვეუბნება, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს: გასაუბრებაზე  ვერც ჩავედი, რა ვქნა, არავის შეუტყობინებია, ან რა ვიცი, იქნებ სცადეს  კიდეც დარეკვა, მაგრამ ვერ დამიკავშირდნენ. ტელეფონი ხომ აქ ძალიან ცუდად იჭერს“.  

„როგორ ვცხოვრობთ? რა გითხრათ? მალე 79 წლის გავხდები და საქონელსაც ვეღარ ვინახავ, რომ რძე და ყველი მაინც გვქონდეს, მეც სხვებივით ვყიდულობ. რას ვამყოფინო ჩემი პენსია? დახმარებაც არ მომცეს“, - ამბობს მარუსა დეიდა.

ზემოთ არის კიდევ რამდენიმე ოჯახი, მაგრამ ნოემბრისთვის ჯერ კიდევ უჩვეულო თოვლ-ყინულისთვის შეუფერებლად ვართ და ქვემოთ ვეშვებით იმ ერთადერთი ოჯახისკენ, კვამლი რომ ამოდიოდა.  

მგლები

იმ ოჯახიდან ასაკოვანი კაცი გამოდის, სარზე ცხვრის ტყავი აქვს გადაგდებული და ხევისკენ მიაქვს.

წუხელ მგელი შემოვარდა და ორი ცხვარი დაგლიჯა - გვიხსნის.

  • ასეთი შემთხვევების შესახებ ადრეც მსმენია.
  • კი, რამდენჯერმე იყო მსგავსი შემთხვევა.
  • ადამიანების დაზიანების შემთხვევა ხომ არ ყოფილა?
  • არა, საბედნიეროდ, არა... თუმცა ისე ახლოს მოდიან, შეიძლება ეგაც მოხდეს. საქონელი კი ხშირად შეუჭამია ან დაუზიანებია.
  • ძაღლები არ გყავთ?
  • გვყავს, მაგრამ მგელი აშინებს, როგორც ჩანს.
  • იარაღი არ გაქვთ?
  • იარაღი რომ გვქონდეს, რა გვიჭირდა... ამის მერე სიცივეები და ბნელი ღამეებიც დაიწყება. არადა, მგელს მეტი რა უნდა... წელს, როგორც ჩანს, ცივი ზამთარიც გვექნება.  

ვინაობას ვეკითხებით. გვეცნობა, რომ ვახტანგ წიკლაურია, 76 წლის და ზამთარ-ზაფხულ აქ არის: „სხვა ვერსად ვიცხოვრებ, თბილისში რომ დამაბა, მაინც ვერ გავჩერდები, ახლა ქალები წავლენ, მე კი დავრჩები“.

ბატონ ვახტანგს კიდევ ერთი რამ აწუხებს: მის ნაკვეთზე, რომელიც სახლის წინ მდებარეობს, მაღალი ძაბვის ხაზები გადის. აქ არც სახლის აშენება შეიძლება და არც მოსავლის მოყვანა, სახლი მანამდე გვქონდა აშენებული და მოსავალს რა ვუყოთ? ეს ვაშლი და კარტოფილია, რაც აქ მოდის ამ სიმაღლეზე, ჩვენ კი ვერ ვიყენებთ. რამდენჯერმე მივმართე რაიონსაც და კახა კალაძის სახელზეც დავწერე განცხადება. ჯერჯერობით არაფერი ისმის.

ვახტანგ წიკლაურიც ამბობს, რომ უდესღაც დიდი და ძლიერი სოფელი იყო ლუთხუბი: „მარტო მე 400 სული ცხვარი მყავდა. ხეობაშიც ძლიერი კოლმეურნეობა გვქონდა, მარტო 42 მანქანა ემსახურებოდა. საქონელი ყიზლარში დაგვყავდა. ახლა სათიბ-საძოვარი ცოტა გვაქვს, არ არის სოფლისთვის საკმარისი, თან უმეტესობა ასაკოვანია და ვეღარც ვინახავთ საქონელს“.

ახალგაზრდებიც არიან, როგორც გავიგეთ, ლუთხუბში რეგისტრირებული თუ წამოსული 20-მდე დასაცოლშვილებელი ახალგაზდა კაცია.  

„უმუშავრობისა და  მძიმე პირობების გამო თავს იკავებენ და არ ოჯახდებიან“, - წუხს ვახტანგი. მისი ძმის შვილი გია წიკლაური, მძღოლია.

„მე უმუშევარი არ ვარ და არც ეკონომიურად მიჭირს, მაგრამ აქ ვინ გამომყვება“ - ამბობს გია.

მის ბავშვობაში ლუთხუბის დაწყებით სკოლაში 15-მდე მოსწავლე იყო და მერე გუდამაყრის სკოლაში მარტო ამ სოფლიდან 70 ბავშვი დადიოდა. „მაშინ პანსიონი იყო და იქ ვრჩებოდით. 300-400 მოსწავლე ვსწავლობდით სკოლაში“, - იხსენებს ბავშვობას გია. დღეს კი არცერთი ლუთხუბელი არ დადის სკოლაში, ბევრი სკოლის სიშორის გამოც მიდის აქედან.

„გარეთ რად ვდგავართ, შინ შემოდით, ჟიპიტაური დავლიოთ და იქ ვისაუბროთ - გვეპატიჟებიან წიკლაურები - აქ მოსული სტუმრები ისე როგორ გაგიშვათ?“

მაგრამ გზა მოყინულია, თან ბინდდება, გვინდა, დროულად გამოვიდეთ ხეობიდან.

P.S. რეპორტაჟის მომზადების დღეს პარლამენტის პირველი სხდომა იმართებოდა, ნეტავ, რამდენი პარლამენტარია ნამყოფი გუდამაყარში?

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში