საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხატზე დაფიცების მიუხედავად სვანეთში დენის მოხმარება არ შემცირებულა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:43 - 06 იანვარი 2022 hits 7645

ახალი წლის წინა დღეს, ორკვირიანი უშუქობის შემდეგ, სვანებმა ხატზე დაიფიცეს, რომ ე.წ. მაინერებს გამორთავდნენ. ვინც არ გამორთავდა - დაიწყევლა. ერთი კვირაა, სვანეთს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება, თუმცა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მტკიცებით, დენის მოხმარება არ შემცირებულა, ქსელი უკიდურესად დატვირთულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მაინერები არ გამოურთავთ.

„მაინერების ნაწილის გამორთვის შემთხვევაშიც კი ელექტროენერგიის მოხმარება უნდა შემცირებულიყო. საერთოდ არაფერი შეცვლილა. მესტიის მუნიციპალიტეტი დღიურად მოიხმარს 450 ათას კვტ.სთ ელექტროენერგიას, არადა, იქ არსებული აბონენტების რაოდენობის მიხედვით, ყოველდღიური მოხმარება 50 ათას კვტ.სთ-ს არ უნდა აღემატებოდეს იმის გათვალისწინებითაც, რომ ზემო სვანეთში ბუნებრივი აირი არ არის და გასათბობად ელექტროენერგიას იყენებენ. ის, რომ 30 დეკემბრიდან დღემდე, ელექტროენერგიის მიწოდება დიდი ხნით არ შეწყვეტილა, მცირე ავარიებს თუ არ ჩავთვლით და ძაბვაც ნორმალურია, არ არის განპირობებული იმით, რომ იქ რამე გაუმჯობესდა. ლაჯანურჰესიდან მიმავალი მაღალი ძაბვის ხაზი, რომელიც „ენერგო პრო ჯორჯიას“ ეკუთვნის და დეკემბრის ბოლო რიცხვებში დიდთოვლობის გამო დაზიანებული იყო, ახალი აღდგენილია და ჯერ-ჯერობით მუშაობს. არ ვიცით როდემდე გაუძლებს ასეთ დატვირთვას. ასევე, 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს, ყოველთვის, ყველგან გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება, თუმცა 2 იანვრიდან იკლებს. მესტიის მუნიციპალიტეტში კლება არ გვაქვს“, - უთხრა „მთის ამბებს“ „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა ავთო დვალიშვილმა.

ვიდრე ზემო სვანეთის მცხოვრებლები ხატზე დაიფიცებდნენ, „ენერგო პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა, რომ სვანეთის მოსახლეობას უფასო შუქი არ ეკუთვნის და კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას იხსნის. „ენერგო პრო ჯორჯია“ სხვანეთში ელექტროენერგიის მოხმარების დრამატულ ზრდას სწორედ მაინერებს უკავშირებს, რადგან სვანეთში ხალხი დენის გადასახადს არ იხდის. 

მესტიის მუნიციპალიტეტში წლების მიხედვით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის სტატისტიკა ასეთია:

  • 2012 წელი - 37,199,070 კვტ.სთ;
  • 2013 წელი - 39,411,787 კვტ.სთ;
  • 2014 წელი - 44,006,849 კვტ.სთ;
  • 2015 წელი - 47,072,131 კვტ.სთ;
  • 2016 წელი - 53,153,799 კვტ.სთ;
  • 2017 წელი - 59,311,54 კვტ.სთ;
  • 2018 წელი - 64,832,376 კვტ.სთ;
  • 2019 წელი - 98,177,40 კვტ.სთ;
  • 2020 წელი - 91 117 245 კვტ.სთ;
  • 2021 წელი - 101 568 155 კვტ.სთ;

მესტიის მოსახლეობას მაინერების გამორთვისკენ არაერთხელ მოუწოდა მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმაც. 23 დეკემბერს, მესტიაში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მოსახლეობა ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვდა ელექტროენერგიის დატაცების ფაქტებზე, მერმა თქვა, რომ „მაინერინგის მოსასპობად“ 2-3 დღეში გამოიცემოდა განკარგულებები. მას შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს ელექტროენერგიის დატაცების არცერთი ფაქტი არ გამოუვლენიათ. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, კრიპტოვალუტის მწარმოებელი მსხვილი ფერმები მაღალჩინოსნებს აქვთ, რის გამოც რეაგირება არ ხდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში