საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გუდამაყრელების ოჯახი ქვემო ქართლში, მთის სოფელს სიკვდილს რომ არ ანებებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:41 - 29 ივნისი 2021 hits 19153
თინა წიკლაური და არჩილ აფციაური / დიდი ნამტვრიანი
საზოგადოება
თინა წიკლაური და არჩილ აფციაური / დიდი ნამტვრიანი

ორ ოჯახსღა ითვლის სოფელი დიდი ნამტვრიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. თინა წიკლაურმა და არჩილ აფციაურმა წინაპრებისგან იციან, რომ გუდამაყრელები ქვემო ქართლში მე-19 საუკუნეში დასახლდნენ. მანგლისიდან 9 კილომეტრში მდებარე სოფლამდე, უპატრონობით გზა ისეა დაზიანებული, რომ მანქანით ამ მანძილის გავლას საათნახევარი სჭირდება. სოფელში არც შუქი ჰქონდათ და კვარით ინათებდნენ - ნაძვის ანახეთქი ფისიანი ნაჭრით. დიდი ნამტვრიანი ალგეთის ეროვნულ პარკშია. ორივე ოჯახს მზის პანელები 2014 წელს, გერმანელების დახმარებით დაუდგეს.

თინა წიკლაურსა და არჩილ აფციაურს სამი შვილი ჰყავთ, მაგრამ დიდ ნამტვრიანში არცერთი აღარ ცხოვრობს. „ბავშვები რომ მოდიან, მეუბნებიან, ბებო, ინტერნეტი არ არის, აბა, აქ რით ვითამაშოთო. ინტერნეტის ბავშვები არიან. ვერც ახალგაზრდას ეტყვი, რომ ასეთ ადგილში წამოდი და ვერც პატარას. ყველას მოსწონს აქაურობა, მაგრამ პირობები არ არის.

ვეღარ იტევს თბილისი ამდენ ხალხს. რაცაა სოფლები დარჩენილი, ეს მაინც შეინარჩუნონ და შეუწყონ ხალხს ხელი, რომ არ დაიცალოს“, - ერთადერთი თხოვნა აქვს თინა წიკლაურს მთავრობასთან.

შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობაა. 25 სულ საქონელს თინა და მისი მეუღლე უვლიან. ამზადებენ ყველს, ხაჭოს, არაჟანს და გასაყიდად კვირაში ერთხელ მანგლისსა და თბილისში ჩაჰქონდათ.

ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი რომ აქვთ, სწორედ ამან უშველათ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როცა რამდენიმე თვით საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა და გადაადგილება შეიზღუდა. ამ პერიოდში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სოფლად მცხოვრებლებს რძის ნაწარმის, ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაციის პრობლემები შეექმნათ, მაგრამ მომხმარებლები თბილისიდან და მანგლისიდან თინას დიდ ნამტვრიანში აკითხავდნენ.

რძის ნაწარმი კი არ რჩებათ გაუყიდავი, მაგრამ დამლაპარაკებელი აღარავინ ჰყავთ. ვიდრე კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა და საზღვრები ღია იყო, უმეტესად უცხოელი ტურისტები, დიდი ნამტვრიანიდან კლდეკარის გავლით, რკონის ხეობაში გადადიოდნენ. კვირა დღეს, თბილისიდან დიდ ნამტვრიანში ერთ-ერთ სკოლას თავისი მოსწავლეებიც ჩაჰყავდა ლაშქრობაზე. თინას აქედანაც შემოსავალი ჰქონდა, სტუმრებს ტრადიციული კერძებით მასპინძლობდა.

მთიან ადგილებში ასე გათითოკაცებულმა სოფლებმა, უხვმოსავლიანი მიწები ჰექტრობით რომ არის დაუმუშავებელი, ხელისუფლების ყურადღება ვერც პანდემიის პირობებში მიიქცია, როცა საკვები პროდუქტებით მომარაგებისა და მოსალოდნელი დეფიციტის ფონზე, სოფლის მეურნეობის განვითარება და ხელშეწყობა პრიორიტეტული უნდა გამხდარიყო.

გასულ წელს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის დიდ გამოწვევად იქცა, რუსეთის მთავრობისა და ევრაზიული კავშირის ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლითაც დროებით აიკრძალა ზოგიერთი სასურსათო პროდუქტის ექსპორტი - ხახვი, ნიორი, ჭვავი, ბურღული, ფქვილი უხეშად დაფქული და მარცვლეულის გრანულები, წიწიბურა, ბრინჯი, მზა საკვები პროდუქტები წიწიბურისგან, სოიო და მზესუმზირის მარცვლები. საქართველოში რიგ პროდუქტებზე იმპორტში დიდი წილი სწორედ ევრაზიული კავშირის ქვეყნებს ეკავა. მოგვიანებით რუსეთმა მარცვლეულის, მათ შორის ხორბლის ექსპორტი სრულიად შეწყვიტა.

საქართველოს მთავრობამ ამ სცენარისთვის რამდენიმე დღით ადრე „ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა“ დაანონსა, რომლისთვისაც 5.2 მლნ ლარი გამოყო. მანამდე, ჯერ კიდევ მარტში მთავრობამ სურსათის 9 პროდუქტზე ფასის სუბსიდირება დაიწყო. ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმაც შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები შევიდა შეღავათიან აგროკრედიტში (იაფი აგრო-სესხი): ძირითადი საშუალებების თანადაფინანსების პროცენტი გაიზარდა 8%-დან 11%-მდე, ხოლო აგროლიზინგის თანადაფინანსების პროცენტი 9%-დან 12%-მდე; დაემატა ერთწლიანი კულტურების თანადაფინანსების კომპონენტი, სადაც საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებდა 6 თვის განმავლობაში, სესხის ძირი თანხის დაბრუნებას კი ფერმერები მიღებული მოსავლის რეალიზაციის შემდეგ შეძლებდნენ; დაემატა ახალი ქვე-კომპონენტი, რაც ითვალისწინებს სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას 10%-ით, 24 თვის განმავლობაში. გეგმა ითვალისწინებდა, IFAD-ის მხარდაჭერით დაწყებული მერძევეობის პროექტის გაფართოებას (არსებულ 3 რეგიონს დაემატება კიდევ 3 რეგიონი); „აგროდაზღვევის“ პაკეტის შეძენა ფერმერისათვის ერთწლიანის ნაცვლად გახდა 3-წლიანი; განახლდა „აგროწარმოების სახელმწიფო პროგრამა“ - დაფინანსდებოდა ტრაქტორების შეძენა, სათბურებისა და სარწყავი სისტემების მოწყობა; „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში სოფლად მცირე-გრანტების პროექტების დაფინანსების ბიუჯეტი გაიზარდა 30000 ლარამდე ერთ საგრანტო განაცხადზე.

მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ მთის ასეთ, მცირემოსახლიან სოფლებში ვერაფერი შეცვალა. დიდ ნამტვრიანში არც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა აქვთ, მიწას ისევ ხელითა და ხარებით ამუშავებენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში