ფესტივალის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ლეჩხუმის შესაძლებლობები, რასაც ნამახვანჰესის მშენებლობის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება.
ფესტივალის ტერიტორიაზე 16:00 საათიდან შეგეძლებათ შეიძინოთ ლეჩხუმური ღვინო, ჭაჭა, ყველი და თაფლი. მუსიკალური ნაწილი 19:00 საათის შემდეგ დაიწყება და მასში მონაწილეობენ: ჯგუფი „გორდელა“, ნინო ბაშარული, ანსამბლი „იალონი“, ანსამბლი „სახიობა“, მგალობელთა გუნდი „ანჩისხატი“, გელათის სასულიერო სემინარია-აკადემიის მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი „იადგარი“.
ქუთაისიდან ტვიშამდე რიონის ხეობის გავლით (ქუთაისი-ალპანას გზა), მანქანით მგზავრობას დაახლოებით 1.5 საათი სჭირდება. ღამით დარჩენის მსურველთათვის ტვიშში რამდენიმე კეთილმოწყობილი საოჯახო სასტუმროც ფუნქციონირებს.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 8 თვეა უწყვეტი აქციებით აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას. უფრო ადრე, გასული წლის აპრილში მათ სასამართლოსაც მიმართეს მშენებლობის ნებართვების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა საქმის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.
ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ზემო ნამოხვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამოხვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამოხვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამოხვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვემო ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.
სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანისჭალა, ასევე 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება, მთლიანად წყლით იფარება.
ჰესების კასკადი გაგრა-ჯავის სეისმური რღვევის აქტიურ მონაკვეთში შენდება. თან სოფელ გუმათიდან ნამოხვანამდე 10 მეწყრული ზონაა.
„ენკამ“ მშენებლობა ისე დაიწყო, შესწავლილი არ ჰქონდა წყალსაცავების დატბორვის არეალში განვითარებული გეოდინამიკური პროცესები, არც ბუნებრივი კატასტროფების პრევენციული ღონისძიებებისა და ავარიებზე რეაგირების სამოქმედო გეგმები ჰქონდა. კომპანია ვალდებული იყო მშენებლობის დაწყებამდე მონიტორინგი განეხორციელებინა ტვიშის ზონაში წარმოებული ყურძნისა და ღვინის ხარისხობრივ მახასიათებლებზე, შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებები შეემუშავებინა და სამინისტროსთან შეეთანხმებინა, რაც ასევე არ გაუკეთებია. კაშხლების მშენებლობის შემთხვევაში, მოსალოდნელია წყლის ტემპერატურის და კლიმატის ცვლილება, რამაც შესაძლოა, ყველაზე ძვირფასი ქართული ვაზის ჯიშების, ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძენსა და ღვინოზე უარყოფითად იმოქმედოს.
რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების მიერ რიონის ხეობაში დაწყებული პროტესტი, თვეების განმავლობაში, ქუთაისსა და თბილისში მრავალათასიან აქციებში გადაიზარდა. ხელისუფლებისგან ითხოვენ უარი თქვას ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებაზე და შეჩერდეს რიონის ხეობაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; ინვესტორი კომპანიისთვის გადაცემული 600 ჰექტარზე მეტი მიწა დაუბრუნდეს სახელმწიფოს; გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გამოძიება დაიწყოს იმ პირთა მიმართ, ვინც ხელს აწერენ ნამახვანჰესის მშენებლობისა და რიონის ხეობაში ასობით ჰექტარი მიწის გასხვისების დოკუმენტებს.
პოლიციამ რიონის ხეობის მცველების აქციები არაერთხელ დაშალა, აქტივისტებს იძულებით პროტესტის ადგილიც დაატოვებინეს ნამოხვანში, კარვებიც დაუშალეს. მოძრაობის ხელმძღვანელების მიმართ სახელისუფლებო მედია ავრცელებს დაუზუსტებელ, მადისკრედიტირებელ ცნობებს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დააჯარიმეს არაერთი აქტივისტი, 2 მათგანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და წინასწარ პატიმრობაში ამყოფებენ. ქუთაისის მხრიდან რიონის ხეობის შესასვლელში,გუმათჰესთან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნამახვანჰესის მოწინააღმდგეებს რკინის კედელი აღუმართა,რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოხსნეს, თუმცა 2 თვეზე მეტია აქტივისტებს გადაადგილების და სხვა კონსტიტუციურ უფლებებს უკანონოდ უზღუდავენ.
რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მთავრობასა და რიონის ხეობის მცველებს შორის მედიაციის პროცესი დაიწყო.