საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სვანეთის სათემო რადიომ კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:38 - 01 დეკემბერი 2020 hits 4128
ფოტო comcom / კომუნიკაციების კომისიის წევრები კახი ბექაური და ელისო ასანიძე
საზოგადოება
ფოტო comcom / კომუნიკაციების კომისიის წევრები კახი ბექაური და ელისო ასანიძე

სვანეთის სათემო რადიომ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის გამო, კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციამ სათემო რადიო ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით შექმნა და მისი მიზანი სვანეთის მოსახლეობის ინფორმირებისა და ჩართულობის, ადვოკატირების კამპანიების გზით პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობაა. სვანეთის რადიო ქართულ და სვანურ ენებზე მუშაობს. 

2020 წლის 12 ოქტომბერს, სვანეთის სათემო რადიომ განცხადებით მიმართა კომუნიკაციების კომისიას და ინტერნეტში მაუწყებლობისთვის ავტორიზაციის გავლა მოითხოვა.

15 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ სვანეთის სათემო რადიოს განცხადება დაახარვეზა და დამატებით მოითხოვა აუდიტის მიერ დადასტურებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ და ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ.

მაუწყებლობის შესახებ კანონი არ ითვალისწინებს აღნიშნული ცნობების აუდიტის მიერ დამოწმებას. სათემო რადიომ კომისიას წერილობითი განმარტება მოსთხოვა, რის საფუძველზე ავალდებულებდა ასეთი დოკუმენტების წარდგენას.

კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, აღნიშნული წარმოადგენს კომისიაში უკვე დიდი ხნის დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომელიც, თავის მხრივ, ემყარება საკანონმდებლო ნორმის შინაარსის და მიზნის სწორ გაგებას და მისი წარმოდგენა მოეთხოვება ყველა იურიდიულ პირს, ვისაც სურს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის მოპოვება.

„ადმინისტრაციულ ორგანოში წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც წარმოდგენს ადმინისტრაციული წარმოების საფუძველს, უნდა იყოს ზუსტი და უტყუარი. ფინანსური ტიპის ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურება კი, როგორც წესი, ხდება მესამე პირის - დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. იმისათვის, რომ ავტორიზაციის საკითხზე მსჯელობისას კომისია დარწმუნდეს თქვენს მიერ წარმოდგენილ ცნობებში მითითებული ფინანსური ინფორმაციის სიზუსტეში, ასევე გადამოწმებულ იქნას აქტივების წარმოშობის თაობაზე ინფორმაციის სისწორე, საჭიროა ცნობებში მითითებული ინფორმაცია დადასტურებული იყოს აუდიტორის მიერ“, - აღნიშნავს ბექაური.

იმის გამო, რომ სვანეთის სათემო რადიოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სურდა ავტორიზაციის გავლა და ინტერნეტში მაუწყებლობის დაწყება, მოიძია შესაბამისი თანხა, რომ აუდიტის მომსახურება მიეღო და მის მიერ დადასტურებული ცნობა, კომისიას 21 ოქტომბერს წარუდგინა.

აუდიტის მიერ დადასტურებულ დოკუმენტში პირდაპირაა მითითებული, რომ სვანეთის სათემო რადიოს მიერ, 12 ოქტომბერს, კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასში ასახული მონაცემები სწორია. აღნიშნულ განცხადებაში კი მითითებულია, რომ ახალდაფუძნებულ სათემო ორგანიზაციას არ გააჩნია განცხადებული საწესდებო კაპიტალი და შესაბამისად, მისი განაღდებული ნაწილი.

29 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ხარვეზი სრულად არ იქნა აღმოფხვრილი და სვანეთის სათემო რადიოს უარი უთხრა მაუწყებლობის ავტორიზაციის გავლაზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, იურისტ მარიამ გოგოსაშვილის თქმით, კომუნიკაციების კომისია უკანონოდ ზღუდავს სვანეთის სათემო რადიოს უფლებას - დაიწყოს მაუწყებლობა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45 პრიმა მუხლის მეორე პუნქტის „ვ" პუნქტის თანახმად, იურიდიულმა პირმა ავტორიზაციის გავლის მიზნით სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინოს ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა არ ითვალისწინებს, რომ ცნობა დადასტურებული უნდა იყოს აუდიტის მიერ. აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ დათქმას აკეთებს, როდესაც საჭიროა კომისიაში აუდიტის მიერ დადასტურებული დოკუმენტის წარდგენა. მაგალითად, აღნიშნული კანონის 70-ე მუხლის მესამე პუნქტი ადგენს, რომ „მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა“. შესაბამისად, ცალსახაა, რომ სადაც არსებობს კანონმდებლის მოთხოვნა აუდიტის დასკვნის წარდგენასთან დაკავშირებით, კანონში ეს ცალსახადაა მითითებული. აქედან გამომდინარე, კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, კერძოდ, აუდიტის მიერ დადასტურებული ცნობების მოთხოვნა, არ არის გათვალისწინებული კანონით“, - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამართლებრივი მხარდაჭერით, სვანეთის სათემო რადიომ, 30 ნოემბერს, სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სათემო რადიო კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას და და ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს, რომლითაც სვანეთის სათემო რადიო მაუწყებლობის ავტორიზაციას მიიღებს.

საქართველოში ინტერნეტმაუწყებლობაზე ავტორიაზაცია ათამდე რადიოს აქვს გავლილი. ყველა მათგანი გასართობი ან მუსიკალურია და არცერთი არ ამზადებს საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს. კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, მათ მხოლოდ მაშინ აქვთ უფლებამოსილება არაავტორიზებულ პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინონ, როცა პირდაპირი ეთერში მაუწყებლობის ბმული ვებგვერდზეა განთავსებული. ასეთი კი ინტერნეტში რამდენიმე რადიო იძებნება.

ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ სათემო რადიოს ინტერნეტმაუწყებლობისთვის საერთოდ არ უნდა სჭირდებოდეს ავტორიზაცია და კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია არაკონსტიტუციურია: „10 ათასამდე ადამიანისთვის სათემო შინაარსის მოსამზადებლად და ინტერნეტით მისაწოდებლად, თუნდაც ეს სტრიმი იყოს, არცერთ ფიზიკურ და ან იურიდიულ პირს კომუნიკაციის კომისიაში ავტორიზაცია არ უნდა სჭირდებოდეს. კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია არაკონსტიტუციურია და ის ერთი მხრივ ეწინააღმდგეება ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ ჩანაწერს და მეორე მხრივ ინფორმაციის თავისუფლად მოპოვებისა და გადაცემის კონსტიტუციურ უფლებას. ინტერნეტი არ არის ვინმეს კუთვნილება, არ არის შეზღუდული რესურსი, ხოლო 10 ათასამდე აუდიტორია (ამდენი შეიძლება თბილისში ერთ ეზოში ცხოვრობდეს) არ არის მასობრივი აუდიტორია და ამ ფორმატის კომუნიკაცია, თავისი არსით, საერთოდ არ არის კომისიის კომპეტენცია“.

კომუნიკაციების კომისია ბოლო პერიოდში ცდილობს ონლაინმედიის უკანონო რეგულირებასაც, რაც სააგენტო „რეგინფოს“ ხელმძღვანელს გელა მთივლიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით.

კომისია თავის უფლებამოსილებას ჯერ-ჯერობით ვერ ავრცელებს სოციალურ ქსელებში მაუწყებლობაზე. ამიტომაც, სვანეთის სათემო რადიოს მოსასმენად, სასამართლოში დავის მოგებამდე და FM სიხშირეზე სამაუწყებლო ლიცენზიის მიღებამდე, შეგიძლიათ „ფეისბუქში“ განთავსებულ ბმულზე გადახვიდეთ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში