საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სიბერ-სიკვდილის დროს მაინც გვაღირსეთ გზა - მარუსა მინდიკაური ხახაბოდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:59 - 04 სექტემბერი 2019 hits 17541

სახლის წინ მჯდარი წინდას ქსოვდა. ეამა ჩვენი დანახვა. ეგრევე გვიცნო - არ გელოდითო. ვკითხე, რათა მეთქი. „გზა აქ არ არის, ხიდი აქ არ არის, ამ სოფელს ყურადღებას არავინ აქცევს. იციან კი აქ ადამიანი კიდევ რომ ცხოვრობსო?“

შარშან ორნი იყვნენ, თვითონ და მისი შვილი. „ორ ზაფხულია მებრძვის, ნუ მოსდიხარ დედი, ნუ მოსდიხარო, მაგრამ მე რომ იქ დავრჩე და ეს აქ ვიგონო, ერთ კვირას ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებაში, კაცი მოუვა, აღარ არისო“, - 79 წლის მარუსა მინდიკაური ხახაბოს ჭალაში წელს სულ მარტო დარჩა. „ბადრიმ საქონი გაყიდა და საზღვარგარეთ წავიდა. უგზოობის გამო აქ ძალიან გაჭირდა. რა ვიწვალეთ, არც მანქანის გზა, სუ მხრით მოტანილია საიდან იცი ეს მასალა, სუ მხრით“.

გასულ წელს ბადრი და ზემო ხახაბოში მცხოვრები პაატა ხახიაური მეგობრებმა შეაგულიანეს. მიკრო და მცირე გრანტების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, ცხენების ყიდვა სურდათ - ხახაბოს ხეობის გავლით ტურისტებს რომ მომსახურებოდნენ, მერე კოტეჯები მოეწყოთ და ხეობა გაეცოცხლებინათ, მაგრამ 15 ათას ლარიან დაფინანსებაზე უარი უთხრეს. მიზეზი არავის განუმარტავს და არც თვითონ მიაკითხეს ვინმეს. ბიზნესიდეა კი აღწერეს კარგად, მაგრამ სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი ისედაც არ ჰქონდათ.

მარუსა ბებო, წელს როგორ ამოხვედი მეთქი ხახაბოს? „წელსაც მიშალეს, ნუ წახვალ დედი, ნუ წახვალ, მაგრამ არ შემიძლია იქ ცხოვრება, სიცხეში. ზაფხულში, გოგოობაში სულ მთაში ვიყავ, არცერთ ზაფხულ არ ვიყავ სახლში.

მაისში ბაქარ წამამიყვანა დედი, ბაქარ, წუბროვნამდე. წუბროვნით ბიჭებმა ცხენი დამახვედრეს, დავჯე ცხენზედა და წამოველ. შენ დამაწყევარ იყოს, მე რო ვიყავ. ერთ კვირას ვეღარ ვიძროდი“.

ხახაბო პირიქითა ხევსურეთშია. ანდაქთან, არჭილოსთან და ხონესთან ერთად, სამანქანო გზა არც ხახაბოს აქვს. სოფლამდე ორი საფეხმავლო ბილიკი მიდის. შატილის მიმართულებით დათვიჯვრის უღელტეხილს ჩაივლით თუ არა, ვიდრე ლებაისკარამდე მიხვალთ, მარჯვნივ ვიწრო გადასახვევია. ჩანს, რომ აქედან ხახაბომდე მისასვლელად, ადრე სამანქანო გზის გაჭრა დაუწყიათ. ალაგ-ალაგ გზას პატარა ხევები კვეთს და დაჭაობებულია. წუბროვნის მთაზე გზა წყდება. საფეხმავლო ბილიკი ქვემოთ ხეობაში ეშვება და მდინარე ხახაბოსწყალს მიუყვება. ხახაბომდე ფეხით სულ მცირე 3,5 საათის სავალია.

ხახაბოსთან მეორე საფეხმავლო გზა არდოტიდან გვაკავშირებს. არდოტს რომ გასცდებით, ანდაქისკენ, დაახლოებით 2 კილომეტრში ხახაბოსწყალი და ანდაქისწყალი ერთმანეთს უერთდება. ამ ადგილს ორწყალს ეძახიან. ხახაბოსკენ მიმავალი ბილიკი მარჯვნივ ჯერ ჭალას, შემდეგ კი მთის ფერდს მიუყვება. ეს გზა წუბროვნის გზაზე მოკლეა, 2 საათის სავალია, მაგრამ უფრო რთული. სამ ადგილას მდინარეზე საცალფეხო ხიდებიც არ არის და პირდაპირ წყალში უნდა გაიაროთ.

„ჩვენ სოფელში არაფერ ყურადღებას არ აქცევენ. ეს სოფელია მიტოვებული. საცა არ უჭირთ და მანქანები კარებზე მიუდით, ბარგს წაიღებენ, მაიტანენ, აექ როგორში დავდივარ, რამდენგან ფქვილ ჩამიგდო ცხენმა, რა გადამიტანავ. რამდენჯერ გუდა ჩამივარდა წყალში“, - მარუსა მინდიკაური ხალხისგან ხახაბოს დაცლის მთავარ მიზეზად უგზოობას ასახელებს:

„არც ერთს უნდა მამაპაპის ადგილ-მამულის დატოვება და არც მეორეს, მაგრამ უგზოობით ვერც ცოლ-შვილ მაჰყავ ბაქარს, ვერც თვითონ მოდის და აი, ასე ვარ შვილებდანატრებული. რა ვქნა, მე ზაფხულში იქ ვერ ვიქნები. თუ ჩემ სიკვდილ უნდა, დამტოვებენ, თუ არა, არ დავრჩები მე იქ, გამარჯვებაში ვამბობ, საცა სახლი გვაქ.

თანაც, არ მინდა რომ დაინგრას აქაობა, ცოდვა-ჭირით გაკეთებულია, წვალებითა შვილო, წვალებით.

მთლიან მთავრობაში ერთ ადამიან მაინც არ იქნება, ღმერთის სწამდეს და ამ წვალებას მოგვაშოროს? შენ 25 კილომეტრ დაფარე ქალმა აქედან წასულმა ფეხით და მოდი ისევ აქ.

მთავრობასთან მაქვს ძალიან გულით თხოვნა, სხვა პრობლემებს გადავდებ და აქ გზა გვაღირსონ, გზა, რომ ამ დროულა ქალი, ჯაფაში მოკლული, 25-სა და 30 კილომეტრ ფეხით არ დავდიოდე. ამ სიბერ-სიკვდილის დროს გზა გაგვიკეთონ კაცო, გზა, გზა...“

ხახაბოში არც შუქია. ჯერ არც სატელეფონო კავშირი და ინტერნეტია. დასარეკად ან წუბროვნის მთის წვერზე უნდა ახვიდე ან შატილში ჩახვიდე. ხახაბოდან შატილამდე 25 კილომეტრია.

„ადამიანის ხმას დავხარბდიო“ - მარუსა ბებოს იშვიათად თუ შეეხმიანება ტურისტი, ისიც ძა-ღონეს არ იშურებს და მათ სიხარულით მასპინძლობს: „უცხოელები თუ გაივლიან. შეიძლება ვერა გავიგო რა, მაგრამ მათი დანახვა უკვე მიხარიაო“.

მთის სათემო ქსელმა, რომელიც ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციას ახორციელებს, პირიქითა ხევსურეთის, მიღმახევის სოფლებში ინტერნეტის შესაყვანად, დათვიჯვრის უღელტეხილზე ქსელის აგების სამუშაოები დღეს დაიწყო. მიღმახევში ინტერნეტი და კავშირი პირველად 2 კვირის შემდეგ იქნება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში