საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ახალი დეტალები რკინის ჯებირის საქმეზე - ბრალდებულთან შესახლებული პატიმარი ადვოკატად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:53 - 23 ნოემბერი 2024 hits 966
ბრალდებული საბა მეფარიშვილი
ახალი ამბები
ბრალდებული საბა მეფარიშვილი

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტთან დადგმული რკინის 250 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაპატიმრებული 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილის და 23 წლის საბა მეფარიშვილის საქმეში ახალი ადვოკატი ჩაერთო - დავით გამყრელიძე. 22 ნოემბერს გამართულ სხედომაზე ადვოკატი მოსამართლის, პროკურორის, დარბაზში მყოფების თვალწინ ცდილობდა საბა მეფარიშვილზე ზეწოლას, რომ დასთანხმებოდა მის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებს, საქმეში პროკურატურის მტკიცებულებების უდავოდ ცნობაზე.

საბა არ დასთანხმდა და არც ადვოკატ შოთა თუთბერიძეს მისცა აცილება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტს წარმოადგენს და მას დაკავების მომენტიდან იცავს. არადა, საქმეში ახალჩართულმა ადვოკატმა სასამართლო სხდომაზეც ძალ-ღონე არ დაიშურა, საბა მეფარიშვილიც დაერწმუნებინა და დარბაზში მყოფებიც, რომ თუთბერიძემ არაფერი გააკეთა, ბრალდებულის სასარგებლოდ არცერთი მტკიცებულება არ მოიპოვა, არც მოწმეები გამოკითხა და არც ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა იმის გასარკვევად, ნამდვილად 400 ლარია თუ არა დაზიანებული ჯებირის აღდგენის საფასური, რაც პროკურატურამ ბრალდებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანად ჩაუთვალა (150 ლარს ზემოთ). დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ახალგაზრდებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. „ქართულმა ოცნებამ“ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლს, რითაც ახალგაზრდებს ბრალი აქვთ წარდგენილი, არჩევნებამდე მიღებული ფართო ამნისტიაც არ შეახო.

ომარ ოკრიბელაშვილის ახალმა დამცველმა დღეს სასამართლოში 3 შუამდგომლობა დააყენა:

  1. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლეს გირაოთი შეეცვალა, ვინაიდან საქმეზე გამოძიება დასრულებულია, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც აღარ არსებობს;
  2. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ყოფილიყო ცნობილი და აღარ მოხდეს მისი გამოკვლევა სასამართლოს მიერ;
  3. ცალკე გამოიყოს ომარ ოკრიბელაშვილის საქმე საბა მეფარიშვილის ეპიზოდისგან.

პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნას და ოკრიბელაშვილის ეპიზოდის ცალკე გამოყოფას მეფარიშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძეც დაეთანხმა, ბრალდების მტკიცებულებების უდავოდ ცნობას კი არა. პროცესზე მან თქვა, რომ ამ წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზიარებდნენ, ბრალდებულებისთვის განაჩენის გამოტანა დროულად რომ ესწრებოდეს, რათა მათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების პერსპექტივა ჰქონოდათ. თუმცა რადგან საქმის განხილვა ჭიანურდება და სავარაუდოდ, ის არ დასრულდება ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე, შესაძლოა, ამან ბრალდებულთა მდგომარეობა გააუარესოს. ბრალდებულებს და მათი ოჯახის წევრებს იმედი ჰქონდათ, რომ პრეზიდენტი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილსაც შეიწყალებდა, როგორც გიორგი შანიძე შეიწყალა.

„თქვენ წირავთ ბავშვებს“ - მიმართა ადვოკატმა გამყრელიძემ ჯერ თუთბერიძეს, მერე კი საბა მეფარიშვილს მიუბრუნდა:

- შენს ძმაკაცს ასე ტოვებ?!

- მე არავის ვტოვებ. მე თუ ვწირავ, ჩემს თავს ვწირავ. ვამბობ მე, რომ გაუშვით გარეთ, დამტოვეთ მე. მეტი რა გავაკეთო.

პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე აღკვეთის შეცვლის და საქმის გაყოფის შუამდგომლობებს არ დაეთანხმა და მოსამართლეს სთხოვა, ორიდან არცერთი არ გაეთვალისწინებინა. მოსამართლე ნათია გუდაძე ასეც მოიქცა.  

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რომ ბრალდებულებს პატიმრობა გაუგრძელდათ, სხდომის დარბაზში საბა მეფარიშვილის დედა ავად გახდა.

საბამ სკამზე უგონოდ გადავარდნილ დედასთან მისვლა სცადა, თუმცა ამის საშუალება მას ბადრაგმა არ მისცა. ხელებზე სასწრაფოდ ბორკილები დაადეს და დარბაზიდან გაიყვანეს.

„დედაჩემია ძმაო, დედაჩემი. არსად არ მივდივარ. მიმიშვით“, - ყვიროდა ბრალდებული.

როგორ ჩაერთო რკინის ჯებირის საქმეში ადვოკატი დავით გამყრელიძე - ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დავით გამყრელიძე დაპატიმრებული იყო და 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ ის სწორედ იმ საკანში შეასახლა, სადაც ომარ ოკრიბელაშვილი იყო მოთავსებული. ადვოკატი პატიმრობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან ციხიდან ომარ ოკრიბელაშვილის მიერ ხელმოწერილი წერილი გამოიტანა, რომ ის შოთა თუთბერიძეს აცილებას აძლევდა. დავით გამყრელიძემ არ გვიპასუხა, რა ბრალდებით იყო დაპატიმრებული. მან თქვა, რომ ომარ ოკრიბელაშვილის ოჯახის ახლობელია. კითხვაზე, რატომ არ ჩაერთო საქმეში თავიდანვე, აღნიშნა, რომ როცა ოჯახმა მიმართა, საქმეც მაშინ აიღო.

დავით გამყრელიძემ ომარ ოკრიბელაშვილის ინტერესების დასაცავად საქმეში კიდევ ერთი ადვოკატი ჩართო - დავით სანაძე. ის „ხაჭაპურიძე (შალვა ხაჭაპურიძე) და პარტნიორების“ გუნდის წევრია.

სხდომის დასრულების შემდედ ომარ ოკრიბელაშვილის დედა შოთა თუთბერიძეს დაუპირისპირდა. შორენა ხომერიკი კამერების წინ ხმამაღლა ყვიროდა, რომ თუთბერიძე მისი შვილის საქმეს პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.

საქმეზე მომდევნო სხდომა 2025 წლის იანვარში გაიმართება.

„საქართველოს ამბებისთვის“ ცნობილია, რომ საბა მეფარიშვილს, რადგან ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ადმინისტრაციის დავალებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადვოკატის ჩარევის შემდეგ, მას საკანი შეუცვალეს, თუმცა ადმინისტრაციის წაქეზებით და მათივე კონტროლქვეშ მყოფი პატიმრების, ასევე, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ახლაც ხორციელდება. საბა მეფარიშვილი პოლიციამ სასტიკად ცემა დაკავების დროსაც. პირველ სასამართლო პროცესზე მას სხეულის დაზიანებებიც აღენიშნებოდა, რაც მოსამართლემაც შენიშნა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა, თუმცა ბრალდებულმა ცემა ზეწოლის გამო არ დაადასტურა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში