საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სამაგალითო დასჯა - 6 წლამდე პატიმრობა 250 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:09 - 21 ნოემბერი 2024 hits 1109
რადიო თავისუფლების ფოტო
ახალი ამბები
რადიო თავისუფლების ფოტო

23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი „ქართულ ოცნებას“ 6 თვეა პატიმრობაში ჰყავს. ხელისუფლება მათ სამაგალითოდ სჯის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პარლამენტთან დადგმული რკინის 250 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის. დაზარალებული შინაგან საქმეთა სამინისტროა. ახალგაზრდებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

საბას ოჯახი, რომელიც ვანის სოფელ დიხაშხოში ცხოვრობს, სოციალურად დაუცველია. მამა შრომისუუნაროა, ოჯახის კიდევ ერთი წევრი 15 წელია ვერ გადაადგილდება. დედა დილიდან საღამომდე რესტორანში 30 ლარად მუშაობს. დაპატიმრებამდე საბა მშენებლობაზე მუშად მუშაობდა და ოჯახს არჩენდა.

„თბილისში სამუშაოდ ერთი თვის წასული იყო, ცოტას დაგეხმარებითო. რუსული კანონი რომ მიიღეს, გავბრაზდი და მეც წავედი, სადაც სხვები იდგნენო. საქართველო თავისუფალი უნდა იყოს და არა რუსეთისკენ. ამ ქვეყანას და ახალგაზრდებს გული საითაც მიუწევთ, იქით უნდა წავიდეთ, ევროპისკენ“, - იხსენებს საბას დედა, შორენა როხვაძე დაკავების შემდეგ მის შვილთან საუბრის შინაარსს.

პროკურატურამ საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. ამ მუხლზე პარლამენტმა სასჯელი გასული წლის მარტის აქციების შემდეგ დაჩქარებული წესით გაამკაცრა და პატიმრობის მაქსიმალური ვადა 5-დან 6 წლამდე ისე გაზარდა, დასაბუთება კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც კი არ ჩაწერა. პროკურატურა სწორედ ამ მუხლს იყენებს სხვა აქციებზე დაკავებული აქტივისტების წინააღმდეგაც. იმის გამო, რომ სასჯელი მკაცრი და არაპროპორციულია, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს ის საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. „ქართულმა ოცნებამ“ ამ მუხლს არც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიღებული ფართო ამნისტია შეახო.

სასამართლომ საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა სამჯერ გაუგრძელა. მოსამართლემ არცერთხელ არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა, ბრალდებულები გირაოთი გაეთავისუფლებინა, რადგან პროკურატურას სასამართლოში ყველა შესაძლო მტკიცებულება წარდგენილი ჰქონდა, გამოძიება დასრულებული იყო, მოწმეებზე ზემოქმედების შესაძლებლობა აღარ არსებობდა და თან საქმეში ყველა მოწმე პოლიციელია.

ზიანიც ანაზღაურებულია - დაცვის მხარემ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუხადა 400 ლარი - 250 ლარი ჯებირის დაზიანებისთვის და 150 ლარი ხელოსნის მომსახურების ღირებულება თუნუქის აღსადგენად.

საბას და ომარის საქმის განხილვა იმ მიზეზით, თითქოს მოსამართლე ნათია გუდაძე ვადაა, რამდენჯერმე გადაიდო. მშობლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს დრო გაწელოს, რათა დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, პრეზიდენტმა ისინი ვეღარ შეიწყალოს. სალომე ზურაბიშვილმა 20 სექტემბერს შეიწყალა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ერთი აქტივისტი გიორგი შანიძე, რომელსაც პროკურატურა სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას ედავებოდა და სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

„ფიქრობენ, საბა და ომარი ციხეში გამოკეტონ და ქვეყანას დაანახონ, აი, დავიჭირეთ ახალგაზრდები და თქვენც იგივეს გაგიკეთებთ, თუ აქციაზე გამოხვალთო“, - ამბობს საბას დედა.

მორიგი სასამართლო სხდომა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო და პროცესამდე ცოტა ხნით ადრე, ისევ მოსამართლის ავადმყოფობის მიზეზით გადაიდო, 22 ნოემბერს, 16:00 საათზეა ჩანიშნული. შაბათს, 23 ნოემბერს ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობის ვადა გასდით. მოსამართლემ მათ ან კიდევ ერთხელ უნდა გაუგრძელოს პატიმრობა ან გირაოთი გაათავისუფლოს. კანონით, განაჩენის გამოტანამდე წინასწარ პატიმრობაში ყოფნა 9 თვის განმავლობაშია დასაშვები.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში