საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ივანიშვილი შოვის ტრაგედიაზე - გააზრებულიც არ გვქონდა, რა მოხდა, ბრალეულობის ძებნა დაიწყეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:03 - 26 აგვისტო 2024 hits 1941

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ამბროლაურში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, გასულ წელს, შოვში მომხდარ ტრაგედიასაც შეეხო და „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა.

„როდესაც რაჭაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია დავივიწყოთ ერთი წლის წინ აქ დატრიალებული ტრაგედია. 2023 წლის 3 აგვისტო მოუშუშებელ იარად დაგვრჩება. სტიქიამ, რომელიც შოვს დაატყდა თავს, ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთ დროს განსაკუთრებით ვიაზრებთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთიანობას - როდესაც მთელი ქვეყანა ერთად დგას, ხალხი სიტყვის თქმის გარეშე ამხნევებს ერთმანეთს და თავს დამტყდარ ტრაგედიას ისე ღირსეულად გლოვობს, როგორც მხოლოდ ქართველს შეუძლია.

სამწუხაროდ, ისევ მიწევს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხსენება, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გააზრებულიც არ გვქონდა, რა მოხდა ჩვენს თავს, პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრი და ბუნებრივ სტიქიაში ხელისუფლების ბრალეულობის ძებნა დაიწყო.

ეს ხალხი ნებისმიერი საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღმა რჩება, ისინი დაპირისპირებითა და საზოგადოების დაქსაქსვით საზრდოობენ, ასეთ დროს კი მათთან ერთიანობასა და ქვეყნის ინტერესებზე საუბრის ნებისმიერი მცდელობა ფუჭია“, - განაცხადა ივანიშვილმა, რომელიც პარტიის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ამბროლაურშიც ცალკე ტრიბუნასთან, ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა იდგა.

3 აგვისტოს შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული 33 ადამიანიდან, ერთი ბავშვის ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ) და 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ, გამოძიება 128-ე (განსაცდელში მიტოვება) და 342-ე მუხლებითაც წარმართულიყო, რაც პროკურატურამ არ დააკმაყოფილა. ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგაც პროკურატურას არავინ ჰყავს პასუხისგებაში მიცემული.

„მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სტიქია შოვში ათწლეულების განმავლობაში მოსალოდნელი იყო. ამას ათობით დოკუმენტი, კვალიფიციური კვლევები, გეოლოგიური რუკები და მომხდარი სტიქიები მიუთითებდა. მიუხედავად ამისა, საკურორტო ზონაში ერთი საევაკუაციო გეგმა, დაფა, ფირნიშიც კი არ არსებობდა. ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის გამო სრულად არ აშენდა ჯებირი მდინარე ბუბაზე, რომელმაც გადაარჩინა „სანსეტის“ დამსვენებლები და ურომლისოდაც დაიღუპა მამისონის კოტეჯების ყველა ბინადარი. სტიქიის შემდეგ სამაშველო ოპერაცია არაკოორდინირებული იყო. არ არსებობდა პროტოკოლი, მაშველებს არ ჰქონდათ საჭირო აღჭურვილობა, დაიკარგა ყველაზე ძვირფასი პირველი საათები. ადამიანები სიკვდილთან პირისპირ დარჩნენ. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, 3 აგვისტოს შებინდებისთანავე კი შეწყდა. მთელი ღამის განმავლობაში არ უფრენია ვერტმფრენს, არ უმუშავია მაშველს, არ გამოუყენებიათ დრონები. არ ჩატარდა სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ცხედრები პროზექტურაში სავალდებულო პროცედურების გარეშე გადაასვენეს, რამაც სიკვდილის ზუსტი მიზეზისა და დროის დადგენა შეუძლებელი გახადა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს საბოლოო დასკვნით, განგაშის სისტემის მოწყობა დამდგარ შედეგებს თავიდან ვერ აგვაცილებდა, რადგან სტიქია კომპლექსური წარმოშობის იყო, სწრაფად განვითარდა და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მანძილი მცირეა. ხელისუფლების მიერ მოწვეული შვეიცარიელი ექსპერტების შეფასებით კი, მონიტორინგის სისტემის დაყენებით, ადრეულ სტადიაზე შეიძლება გამოვლინდეს ნეგატიური განვითარება (ქანების დესტაბილიზაცია). ამ გზით კი, შესაძლებელია წინასწარი გაფრთხილება მოახლოებული მოვლენის შესახებ და ხალხის ევაკუაცია.

შვეიცარიელი ექსპერტების ინგლისურენოვანი დასკვნიდან ეს შეფასებები გარემოს ეროვნული სააგენტოს ქართულენოვან დასკვნაში დამალეს.

შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა სტიქიის კვლევის ახალი მასალები წარმოადგინეს. ქართველ მეცნიერებთან ერთად, კვლევაზე, კანადის, ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების თანამშრომლები - გეოლოგები, გეომორფოლოგები, გლაციოლოგები, სეისმური სიგნალიდან გეოლოგიური პროცესების შესახებ ამოღების, მოდელირების სპეციალისტები მუშაობდნენ. კვლევის მიგნებები ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების საბოლოო დასკვნას, რომ განგაშის სისტემის მოწყობა დამდგარ შედეგებს თავიდან ვერ აგვაცილებდა. „სულ 8 წუთი კი არა, რაც სტიქიის კერიდან ნაშალი მასალის ჩამოტანას დასჭირდა შოვის დასახლებულ უბნამდე, მთელი 2 საათი ჰქონდათ. კლდის დაშლის პროცესი 3 აგვისტოს, პირველ საათზე დაიწყო. თუ იქ წინასწარი შეტყობინების სისტემები იქნებოდა, აუცილებლად შეიძლებოდა ამ პროცესის დაფიქსირება და შემდეგ უკვე განგაშის გამოცხადება“, - განაცხადა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში