საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რას მალავს ხელისუფლება შოვის ტრაგედიაზე საბოლოო დასკვნაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:50 - 25 თებერვალი 2024 hits 11798
სტიქიის ეპიცენტრში მოყოლილი დავით ჯელაძე დისშვილის უსაფრთხო ადგილზე გაყვანას ცდილობს. კურორტი შოვი, 2023 წლის 3 აგვისტო
ახალი ამბები
სტიქიის ეპიცენტრში მოყოლილი დავით ჯელაძე დისშვილის უსაფრთხო ადგილზე გაყვანას ცდილობს. კურორტი შოვი, 2023 წლის 3 აგვისტო

შოვის ტრაგედიის შესახებ საბოლოო ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, გარემოს ეროვნული სააგენტო ცდილობს აირიდოს და ხელისუფლებასაც ააცილოს პასუხისმგებლობა 33 ადამიანის დაღუპვაზე.

ამ მიზნით, სააგენტო თავის დასკვნაში მალავს მის მიერვე მოწვეული შვეიცარიის სპეციალიზებული კომპანიის ანგარიშიდან არაერთ მნიშვნელოვან შეფასებასა და მონაცემს და შვეიცარიელი ექსპერტების მხოლოდ იმ მოსაზრებებს იყენებს, რაც ხელისუფლების პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ გზავნილებს ამყარებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ქართულენოვან დასკვნაში ნათქვამია, რომ განგაშის სისტემის მოწყობა ვერ იქნებოდა ეფექტური დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად, რადგან სტიქია კომპლექსური წარმოშობის იყო, სწრაფად განვითარდა და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მანძილი მცირეა.

შვეიცარიელი ექსპერტების ინგლისურენოვანი დასკვნის თანახმადაც, განგაშის სისტემის დამონტაჟების შემთხვევაში, გაფრთხილების დრო არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საფრთხის ზონიდან ხალხის ევაკუაცია მოხდეს.

თუმცა, შვეიცარიელი ექსპერტები იქვე წერენ, რომ შორეულ ადგილებში დიდი კლდე-ზვავების დაფიქსირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრიტიკული მდებარეობა ნაცნობია უკვე ჩატარებული ანალიზიდან.

მონიტორინგის სისტემის დაყენებით კი, ადრეულ სტადიაზე შეიძლება გამოვლინდეს ნეგატიური განვითარება (ქანების დესტაბილიზაცია). ამ გზით კი, შესაძლებელია წინასწარი გაფრთხილება მოახლოებული მოვლენის შესახებ და ხალხის ევაკუაცია.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს შვეიცარიელი ექსპერტების ეს შეფასებები ქართულენოვან დასკვნაში არ უწერია.

ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, „მთის ამბებთან“ ინტერვიუში და მერე, საგამოძიებო ფილმშიც, სწორედ იგივე შეფასებას აკეთებდა სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე, რომელიც ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გახდა.

უსაფრთხო ადგილი შოვში 3 წუთის სავალზე

იგივე შვეიცარიულმა კომპანიამ (ჯეოტესტმა) დაამონტაჟა 2015 წელს და თვითონვე მართავს განგაშის სისტემას ყაზბეგში. ამას წინ უძღოდა ერთი წლით ადრე, მყინვარ დევდორაკიდან მთის მასის მოწყვეტა. ღვარცოფმა 2014 წლის 17 მაისს 5 ადამიანი მოკლა. სტიქია იმავე წლის აგვისტოში ისევ განმეორდა და „დარიალიჰესის“ გვირაბში მყოფი 2 მუშა დაიღუპა, დაანგრია საავტომობილო გზა, გაზსადენი, დაზიანდა საბაჟო პუნქტი და სხვა ნაგებობები.

გარემოს ეროვნული სააგენტო, „მთის ამბებს“, სასამართლო დავის დაწყების მიუხედავად, დღემდე არ აძლევს საჯარო ინფორმაციას, რა თანხები გამოიყო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ქვეყანაში ადრეული გაფრთხილებისა და განგაშის სისტემები რომ გვქონოდა.

ყაზბეგში, სადაც უკვე არსებობს განგაშის სისტემა, შვეიცარიელი ექსპერტების შეფასებით, კვლავ არის მოსალოდნელი უზარმაზარი ღვარცოფი. ამიტომაც, ე.წ. RAMMS-ის მოდელირებით, დათვლილია დრო და ვიცით, რომ 5 წუთი გვაქვს განგაშის სისტემის მიერ საფრთხის გამოვლენიდან, საქართველო-რუსეთის გზის კრიტიკულ მონაკვეთზე ადამიანების ევაკუაციისთვის.

თუ ყაზბეგში, საფრთხის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 5 წუთში შეიძლება გზის გადაკეტვა და სახიფათო ზონიდან ადამიანების გაყვანა, რატომ არის გამორიცხული, რომ შოვშიც შეგვეძლო ადამიანების გადარჩენა უფრო მეტ დროში, თუ განგაშის სისტემა გვექნებოდა.

მითუფრო, საბოლოო დასკვნის თანახმად, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფს 7.5-10 წუთში უნდა მიეღწია.

ჩვენი ექსპერიმენტით, კოტეჯების ადგილიდან ტყემდე გაქცევას მოქალაქეები 2-3 წუთში შეძლებდნენ, თუ ეცოდინებოდათ, რომ საფრთხე იყო მოსალოდნელი, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და ხელისუფლებას მონიშნული ექნებოდა უსაფრთხო ზონები.

ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ დევდორაკი, საიდანაც კლდოვანი მასა და მყინვარის ნაწილი მოწყდა, ზღვის დონიდან 4500 მეტრზეა, 800 მეტრით მაღლა, ვიდრე მყინვარ თბილისას ის ნაწილი, კლდეზვავი რომ ჩამოიშალა და შოვში ტრაგედია გამოიწვია. ყაზბეგსა და რაჭაში განვითარებული კატასტროფული გლაციალური ღვარცოფების შემთხვევაში, მანძილი მოწყვეტის ადგილიდან ადამიანების დაღუპვის ადგილამდე თითქმის იგივეა (10.5 – 11 კმ.), თუმცა დევდორაკის შემთხვევაში რელიეფის დახრილობა ბევრად მეტია, რის გამოც ღვარცოფი უფრო მეტ სიჩქარეს ავითარებს.

 

წინააღმდეგობები დასკვნებში

გარემოს ეროვნული სააგენტო თავის პირველად შეფასებაში წერდა, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში დინამიკაში მოსული მყარი მასალის საორიენტაციო მოცულობამ დაახლოებით 5 მლნ. მ 3-ს შეადგინა, საბოლოო დასკვნაში წერს, რომ არანაკლებ 4 მილიონი კუბური მეტრია.

შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით კი, ჩამოსული მასალის სავარაუდო მოცულობა, რომელმაც ხეობაში მიაღწია, არის დაახლოებით 2 მილიონი მ3, მაქსიმუმ 3, რაც მათივე თქმით, შეესაბამება გარემოს ეროვნული სააგენტოს მოცულობის შეფასებას.

სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების მიერ გამოთვლილ და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მოცულობებს შორის სხვაობა დაახლოებით 2 მილიონი კუბური მეტრია - იმ მასალის თითქმის ნახევარი, რაც ღვარცოფმა შოვში ჩამოიტანა. შვეიცარიელი ექსპერტების შეფასება უფრო მეტად ემთხვევა სეისმური მონიტორინგის ცენტრის მეცნიერების მიერ დაზუსტებულ მონაცემებს.

დასკვნებში ასეთი წინააღმდეგობებისა და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედი“ კვლავ გვესხმიან თავს, როგორც ჩვენ, „მთის ამბებს“, გამოცემას, რომელიც ხელისუფლებას დანაშაულებრივ გულგრილობაში ამხელს, ასევე, მიუკერძოებელ ქართველ მეცნიერებს, რომელთა შეფასებებიც „ქართული ოცნების“ ნარატივში არ ჯდება.

21 თებერვალს მომზადებულ სიუჟეტში ტელეკომპანია „იმედს“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს - ამბობს, რომ ავტორიტეტული უცხოელი ექსპერტების დასკვნა შოვის ტრაგედიაზე, მთლიანად ემთხვევა ქართველი სპეციალისტების დასკვნას.

 

განვითარების გეგმა სიკვდილის ზონაში

გარემოს ეროვნული სააგენტო თავის საბოლოო დასკვნაში წერს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გზა, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარებაა. შვეიცარიელი ექსპერტებიც თითქმის იმავეს წერენ.

სინამდვილეში, ტრაგედიამდე ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი გადავუხადეთ შპს „არტსტუდიო პროექტს“, რომ კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმა შეედგინა. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს შვეიცარიელი ექსპერტების მიერ ნახსენებ „მიწათსარგებლობის დაგეგმვის ღონისძიებებსაც“. ეს გეგმა ონის საკრებულომ 2022 წლის 22 დეკემბერს დაამტკიცა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ჯგუფებს 18 მეტრიანი სასტუმრო კორპუსების აშენების უფლება ზუსტად სიკვდილის ზონაში მისცა, იმ ტერიტორიაზე, რომელიც 7 თვეში ღვარცოფმა წალეკა.

ავტორები: ქრისტინე ქათამაძე, გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში