საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

კორუფცია შოვის ბაკურიანიზაციისთვის და გაზრდილი რუსული საფრთხე მამისონთან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:46 - 14 თებერვალი 2023 hits 72292

რაჭაში, მამისონის უღელტეხილთან მდებარე კურორტ შოვის ტერიტორიაზე, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ჯგუფებმა 18 მეტრიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის უფლება მიიღეს.

ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ შოვში, აპარტამენტებს, უმეტესად, რუსეთის მოქალაქეები იყიდიან, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში საცხოვრებლად მასობრივად გადმოდიან. საზღვრისპირა რეგიონში რუსეთის მოქალაქეების მიერ კერძო საკუთრების ქონა კი საფრთხეებს კიდევ უფრო გაზრდის.

კურორტი შოვი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საზღვრებში ბოლო პუნქტია ე.წ. ოსეთის სამხედრო გზაზე, რომელიც მამისონის უღელტეხილის გავლით, საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთს (ალანია) აკავშირებს.

მამისონის უღელტეხილი 2009 წლიდან რუსეთს აქვს ოკუპირებული. საოკუპაციო ხაზს იქით არის დარჩენილი ნასოფლარი ღურშევი, მდინარე ჭანჭახის ხეობის ნაწილი და მამისონისკენ მიმავალი საავტომობილო გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი.

ამ გზის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობდა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი დავით საგანელიძე, 2020 წლის 2 სექტემბერს, ონში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.

საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი დერეფნის მშენებლობაში, სავარაუდოდ, სწორედ მამისონის გავლით გზას გულისხმობდა გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძესთან სატელეფონო საუბარში, რომლის ჩანაწერიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. უღელტეხილთან მდებარე უახლოეს ადმინისტრაციულ ცენტრამდე - ნიჟნი ზარამაგამდე ჩრდილოეთ ოსეთში გზის რეკონსტრუქციის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, 2022 წლის 13 დეკემბერს კი ნახევარკილომეტრიანი გვირაბიც გახსნეს. ღონისძიებაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დისტანციურად მონაწილეობდა.

 ***

რაჭაში, კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ), რომლის მომზადებისთვისაც შპს „არტსტუდიო პროექტს“ ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი გადავუხადეთ, ადგილობრივი მოსახლეობის - გლოლელების დაჩაგვრის ხარჯზე მონოპოლიურ მდგომარეობას უქმნის ყოფილ და მოქმედ ჩინოვნიკებს, მსხვილ ბიზნესმენებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ონის მერიას შოვის გრგ 2020 წლის 19 მარტს წარუდგინა. გრგ-ს საჯარო განხილვა ორი წლის შემდეგ, 2022 წლის 23 მარტს, ონის კულტურის სახლში გაიმართა. გლოლის მცხოვრებლებმა მხოლოდ მაშინ გაიგეს, რომ დოკუმენტის მიხედვით, კურორტის საზღვრები რამდენჯერმე იყო გაზრდილი - მასში მოუქცევიათ ის ადგილებიც, რომლებიც ისტორიულად გლოლას ეკუთვნოდა და დღემდე გლოლის თემის ფაქტობრივ მფლობელობაშია - „გლახთის განი“, „ქვაბისის ტევრი“, „სხარა“. განაშენიანების რეგულირების გეგმა ამ ადგილებში ითვალისწინებს 18 მეტრიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის უფლების მიცემას; გზის პირას მდებარე ნაკვეთების 95%-ზე მეტი კი მოხვედრილია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში, სადაც კომერციული მიზნით რაიმეს მშენებლობა აკრძალულია.

„ეს იყო და არის ჩვენი წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. საცხოვრებელი კორპუსები აშენდება, ბინებს გაყიდიან, როგორც ბოლო წლებში ხდება ბაკურიანში, გუდაურში. შოვიც დაკარგავს კურორტის ფუნქციას. შოვის ასე განაშენიანება არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას და ეს პირდაპირ უპირისპირდება კურორტის რეალურ განვითარებას“, - გვეუბნება გლოლელი გიორგი ბიძიშვილი.

მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო ჯგუფი შექმნა - მერიას პროექტის ავტორთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სადავო საკითხები დამატებით უნდა შეესწავლა.

სამუშაო ჯგუფის არცერთ შეხვედრაში არც პროექტის ავტორს (არტსტუდიო) და არც სამინისტროს წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ. პროექტის ხელმძღვანელი გიორგი სულაბერიძე ონლაინ მხოლოდ ბოლო შეხვედრაზე ჩაერთო და კურორტის ზონირების კორექტირებული რუკა წარადგინა:

  • 18 მეტრიანი კორპუსების მშენებლობა კიდევ უფრო მეტ ადგილას გახდა დასაშვები;
  • იმ ტერიტორიას, სადაც გლოლის მცხოვრებლებს აქვთ მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული, სტატუსი შეუცვალეს და სარეკრეაციო ზონა 1-ის ნაცვლად, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა 1 დაადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ყოველგვარი მშენებლობა აეკრძალა, მცირე ზომის, ერთსართულიანი კაფე-ბარებისაც კი;
  • ამავე დროს, გლოლელების 42-ვე ნაკვეთს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შუამდგომლობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყადაღა დაადო.

გრგ-ს 117 გვერდიან დოკუმენტში ვერსად ვნახეთ ახსნა, რამ განაპირობა ეს ცვლილებები.

ონის მერიამ კურორტ შოვის ზონირების კორექტირებული რუკა საკრებულოს ისე გადაუგზავნა დასამტკიცებლად, რომ გეგმის საბოლოო ვარიანტის საჯარო განხილვა არ მოაწყეს, არც გამოაქვეყნეს. კანონმდებლობით მათ ამის ვალდებულება ჰქონდათ.

საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილმა, 2022 წლის 22 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, გლოლის მცხოვრებლების საფუძვლიანი კითხვებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, გეგმა დამტკიცებულად ისე გამოაცხადა, სხდომაზე დამსწრე 25 წევრიდან მაქსიმუმ 10-ზე მეტს, ხმის მიცემის ნიშნად ხელიც არ აუწევია, ოქმში კი ჩაწერეს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა 22-მა წევრმა მიიღო, მომხრე იყო 17 და წინააღმდეგი 5. გეგმის დასამტკიცებლად საკრებულოს სულ მცირე 13 წევრის მხარდაჭერა სჭირდებოდა, სხდომაზე დამსწრეთა ნახევარზე მეტის.

 

რა და ვისთვის შეცვალეს ზონირების რუკაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე დღემდეა გამოქვეყნებული კურორტ შოვის განაშენიანების გეგმისა და ფუნქციური ზონირების რუკის პირველი ვარიანტი, რომელიც 2018 წლის აგვისტოთია დათარიღებული.

პირველი რუკა ოთხ ძირითად ზონას ითვალისწინებდა:

  1. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ) – დასაშვებია მხოლოდ იმგვარი ნაგებობის არსებობა, რაც უზრუნველყოფს ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონის ფუნქციონირებას. ნებისმიერი სხვა მშენებლობა, მათ შორის, როგორიცაა მცირე ზომის ხის სახლი, კაფე-ბარიც კი აკრძალულია.
  2. სარეკრეაციო ზონა (რზ) - შესაძლებელია სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ღია სათამაშო მოედნების, ექსტრემალური სპორტის, კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განთავსება - მათ შორის, კაფე-ბარების, დასვენება-გართობის ობიექტების და ა.შ.
  3. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1 (სრზ 1) - შესაძლებელია საოჯახო სასტუმროების, სასტუმროს ტიპის საცხოვრებლების, დასასვენებელი შენობა-ნაგებობების, სპა-გამაჯანსაღებელი შენობა-ნაგებობის, კვებისათვის და გართობისთვის განკუთვნილი მომსახურებების, მცირე კომერციული სავაჭრო მომსახურებების, ავტოფარეხების, დამხმარე შენობა-ნაგებობების განთავსება.
  4. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ 2) - შესაძლებელია სანატორიუმების, სასტუმროების, სასტუმროს ტიპის საცხოვრებლების, დასასვენებელი შენობა-ნაგებობების, კვებისათვის და გართობისთვის განკუთვნილი მომსახურებების, მცირე კომერციული სავაჭრო მომსახურებების, ავტოფარეხების, დამხმარე შენობა-ნაგებობების განთავსება.

საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1-სა და ზონა 2-ს ერთმანეთისგან ზომების რეგულირება განასხვავებს. ზონა 1-თვის მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი 200 კვმ-ია (სიგანე 10მ X სიგრძე 20მ), ზონა 2-თვის 1000 კვმ (სიგანე 20მ X სიგრძე 50მ). თუ ნაკვეთი ამ ზომებს შეესაბამება, ზონა 1-ში დასაშვებია 15 მეტრი სიმაღლის შენობის მშენებლობა, ზონა 2-ში 18 მეტრის (ექვსსართულიანი). თუ ნაკვეთი ამ ორ ზონაში მოხვდა, მაგრამ მისი მინიმალური ფართობი სრზ1-ის შემთხვევაში 200 კვმ-ზე, სრზ2-ის შემთხვევაში კი 1000 კვმ-ზე ნაკლებია, სამშენებლო ნებართვა საერთოდ არ გაიცემა.

პირველი რუკა საერთოდ არ ითვალისწინებდა მეხუთე ზონას - დეტალურად შესასწავლი და დასამუშავებელი არეალი, რომელიც კორექტირებულ რუკაზე ვარდისფრადაა მონიშნული. განაშენიანების რეგულირების გეგმაში ამ ზონის განმარტება მოცემული არ არის, თუმცა როგორც საკრებულოს 22 დეკემბრის სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ გრძელიშვილმა თქვა, „დეტალურად შესასწავლი და დასამუშავებელი არეალი ნიშნავს პირობადადებულს, რომ მერიას შეუძლია ამ ზონაში მოხვედრილ კერძო მესაკუთრეებს, შესწავლის შემდეგ მშენებლობის ნებართვა მისცეს“.

ის ტერიტორია, რომელიც კორექტირებულ რუკაზე ვარდისფრადაა მონიშნული, რუკის პირველ ვარიანტზე მთლიანად ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში იყო მოქცეული - იქ პირადი ან კომერციული მიზნით ყოველგვარი მშენებლობა იკრძალებოდა.

რუკის პირვანდელი ვერსიით კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების წინააღმდეგი იყო ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ვასილ მეტრეველი. 22 დეკემბერს გამართულ სხდომაზე კი, როცა გრგ-ს კორექტირებული რუკით ამტკიცებდნენ, მან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და თქვა, რომ არ სურს ვინმეზე ზემოქმედება მოახდინოს. გლოლის მცხოვრებლებმა მეტრეველს სხდომაზევე შეახსენეს, რომ ვიდრე აღნიშნული ზონა ვარდისფერი გახდებოდა, ის „სხვანაირად საუბრობდა“.

გავარდისფრებულ ზონაში ვასილ მეტრეველის ოჯახს რამდენიმე მიწის ნაკვეთი აქვს - ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის მეუღლე მარინა ბაღაშვილი 1501 კვმ-ის მესაკუთრეა.

კურორტ შოვში, პანსიონატ „მამისონის“ და პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 000 კვმ ონის რაიონულმა გამგეობამ 2002 წლის 3 მაისს გაყიდა. იმ პერიოდში ონის რაიონის გამგებელი ვასილ მეტრეველი იყო. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მიწა ვასილ შერაზადიშვილმა 5920 ლარად იყიდა, 1 კვმ 37 თეთრად. მეტრეველი და შერაზადიშვილი მეგობრები არიან.

ვარდისფრად მონიშნულ ზონაში 399 კვმ მიწის ნაკვეთს ფლობს ონის საკრებულოს თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი. მან გრგ-ს დამტკიცებას მხარი დაუჭირა და საკრებულოს წევრებსაც აქეთკენ მოუწოდებდა.

500 კვმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა არჩილ ჯაფარიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი 2017-2020 წლებში. საჯარო რეესტრის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ჯაფარიძეს მიწის ნაკვეთი 2006 წელს აქვს ნაყიდი, საკუთრებად კი 2018 წლის ოქტომბერში დაირეგისტრირა. საჯარო რეესტრი ვერ ადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნული 500 კვმ-ის იდენტურობას აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან. რეგიონის გუბერნატორს მიწის ნაკვეთის იდენტურობა ონის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა მერმა ემზარ საბანაძემ დაუდასტურა.

1000 კვმ ეკუთვნის დავით დარახველიძეს, რომელიც 2012-2014 წლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი იყო. 2002 წელს, ანუ იმ დროს, როცა ონის რაიონულმა გამგეობამ შოვში 16 000 კვმ მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით ვასილ შერაზადიშვილს მიჰყიდა, დარახველიძე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორად მუშაობდა.

დავით დარახველიძეს, არჩილ ჯაფარიძეს, ვასილ მეტრეველის მეუღლეს - მარინა ბაღაშვილს, ალავერდ ხვედელიანს და სხვა პირებს, შოვში მიწის ნაკვეთები ვასილ შერაზადიშვილისგან აქვთ ნაყიდი, ზოგს მალევე, ზოგს მას შემდეგ, რაც ისინი თანამდებობის პირები აღარ იყვნენ.

ვარდისფრად მონიშნულ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთების 90%-ზე მეტი მთლიანად მრავალწლიანი წიწვოვანებით არის დაფარული. რაიმეს მშენებლობის შემთხვევაში ნაძვი, სოჭი და ფიჭვი უნდა გაიჩეხოს.

 

ირაკლი ქაფიანიძე და კავშირები „არქი ჯგუფთან“

ზონირების რუკის პირველი ვარიანტის მიხედვით, სანატორიუმ „მამისონის“ გვერდით, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში, ტბის მოწყობა იყო გათვალისწინებული. შეცვლილ რუკაზე ამ ადგილიდან ტბა გამქრალია, გარშემო ტერიტორია კი ლანდშაფტურიდან საკურორტო-სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონებად არის გადაკეთებული, სადაც დაშვებულია 18 მეტრიანი კორპუსების, სპა-გამაჯანსაღებელი შენობა-ნაგებობის, ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განთავსება - მათ შორის, კაფე-ბარების, დასვენება-გართობის ობიექტების და ა.შ.

ეს ტერიტორია, რომლის ფართობიც 25247 კვმ-ია, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 8 სექტემბერს გაყიდა, კვადრატული მეტრი 44 ლარად. შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დასრულებული სახით უკვე არსებობდა. კურორტის ტერიტორიაზე 1 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საშუალო საბაზრო ღირებულება სულ მცირე 50 აშშ დოლარი იყო (მაშინდელი კურსით 155 ლარი).

გლოლის მოსახლეობის 2021 წლის 16 აგვისტოს კრების ოქმით მტკიცდება, რომ სოფელი ამ ტერიტორიის გაყიდვის წინააღმდეგი იყო. ოქმში აღნიშნულია, რომ ხალხი ნაკვეთს სათიბად და საძოვრად იყენებს. სახელმწიფომ მიწა მაინც გაყიდა. კანონმდებლობით, სავალდებულო არ არის ქონების ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივი მოსახლეობის უარი ან მერიის მოსაზრება აუცილებლად გაითვალისწინოს, თუმცა ჩვენს მიერ შესწავლილი 2021-2022 წლების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ მიწის რეალიზაციისას მოსახლეობისგან საპირისპირო გადაწყვეტილებები სახელმწიფოს უმეტესად იმ შემთხვევებში აქვს მიღებული, როცა მყიდველი გავლენიანი პირია.

მიწის ნაკვეთი ირაკლი ქაფიანიძემ იყიდა. ქაფიანიძე შპს „ფროფერთი მენეჯმენტის“ დირექტორია. ეს კომპანია კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ და 14999 კვმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა. „ფროფერთი მენეჯმენტის“ გარდა ქაფიანიძე კიდევ 19 კომპანიის (შპს „სილვერ 39“, „დეპო“, შპს „ლესელიძე+“, შპს „ლეიქ ვიუ“, შპს „ნეიშენალ პარკ“, შპს „ვიუ პოინტ“, შპს „პრაიმ დიღომი“ და ა.შ. ) დირექტორია. ის არის შპს „არქი ინვესთმენთსის“, „პრაიმ არქის“ და არქი ჯგუფთან დაკავშირებული სხვა კომპანიების ყოფილი დირექტორი ან პარტნიორი (შპს „კერა დეველოპმენტი“, შპს „ნოვო ტექ“, შპს „იტონგ კავკასუს“, შპს „ტექნიკა“, შპს „ბაკურიანი რიზორთ“, შპს „თბილისი ვიუ“, შპს „არქი ენერჯი“, შპს „ოულდ სითი ჰოსფითალითი“, შპს „არქი გლდანი“ და ა.შ.). ამ კომპანიების სრული ან ნაწილობრივი მესაკუთრე, 2016-2020 წლებში პარტია „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრი ივლიანე წულაიაა. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, სულ 13 კონტრაჰენტზე, მათ შორის, აქ ჩამოთვლილ კომპანიებზე წულაიას სესხად 9 600 000 აშშ დოლარი აქვს გაცემული.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტის“ კვლევის მასალებით, „არქი ჯგუფს“ გარკვეული კავშირები აქვს თბილისის მერთან, კახა კალაძესთან.

ტელეკომპანია „ფორმულას“ სიუჟეტის თანახმად, ივლიანე წულაია კახა კალაძის მეჯვარე და შვილის ნათლიაა.

ირაკლი ქაფიანიძეს 2016-2018 წლებში, საარჩევნოდ „ქართული ოცნებისთვის“ 150 ათასი ლარი აქვს შეწირული.

მას შემდეგ, რაც ქაფიანიძე შოვში კიდევ 25247 კვმ-ის მესაკუთრე გახდა, 2021 წლის 27 ნოემბერს საჩივრით მიმართა ონის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე, 4997 კვმ-ზე საკუთრების უფლება გაუექმებინათ გლოლის მკვიდრი გია ბიჭაშვილისთვის. ონის მერმა სერგო ხიდაშელმა ქაფიანიძის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გააუქმა წინა მერის მიერ გამოცემული ბრძანება, რომელიც ბიჭაშვილს ადგილზე დათვალიერების ოქმით უდასტურებდა, რომ აღნიშნული ნაკვეთი მას ეკუთვნოდა. მერის წერილის საფუძველზე საჯარო რეესტრის სააგენტომ საკუთრების უფლების რეგისტრაცია გააუქმა. ამის შემდეგ გია ბიჭაშვილსა და ირაკლი ქაფიანიძეს შორის, შოვში კონფლიქტიც მოხდა, რა დროსაც თვითმხილველების ცნობით, ქაფიანიძის დაცვის წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს.

გლოლაში მუდმივად მცხოვრებლებმა არაერთი შემთხვევა გაიხსენეს, როცა თბილისის მერის კახა კალაძის ცოლ-შვილს, შოვში, პირადად ირაკლი ქაფიანიძე მასპინძლობდა.

ირაკლი ქაფიანიძე ერთადერთი არ იყო, ვისაც გლოლის მოსახლეობის უარის მიუხედავად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2021 წლის 8 სექტემბერს, მიწის ნაკვეთი მიჰყიდა. 2657 კვმ-ის მესაკუთრე გახდა ჯემალ გაგუა, რომელიც ქაფიანიძესთან დაკავშირებული პირია. ქაფიანიძე იყო შპს კერძო არბიტრაჟის ხელმძღვანელი, რომლის 100 % წილის მფლობელი ჯემალ გაგუაა. კვადრატულ მეტრში გაგუამაც რეალურ საბაზრო ფასზე სამჯერ ნაკლები, 47 ლარი გადაიხადა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი შოვის განაშენიანების რეგულირების რუკაზე სარეკრეაციო ზონაშია შეტანილი და გარკვეული ნაგებობების მშენებლობა დაშვებულია.

 

მამა-შვილი ბიჭაშვილები

კურორტ შოვის და სხარის ტერიტორიაზე 37 169 კვმ მიწა პარლამენტის ყოფილი წევრის (1995-1999 წწ) გიორგი (გოგი) ბიჭაშვილის და მისი შვილების - გვანცა ბიჭაშვილი-გავაშელისა და გიორგი ბიჭაშვილის საკუთრებაშია. ამავე ოჯახს ეკუთვნის კურორტ შოვის შესასვლელში, გზის მარცხენა მხარეს მდებარე ტურბაზა შოვი. ჯამში შვიდივე მიწის ნაკვეთი შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმის რუკით ყავისფერ ზონაშია მოქცეული - მამა-შვილი ბიჭაშვილებისთვის სასტუმროების, რესტორნებისა და თუ 18 მეტრიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ყველგან დასაშვებია.

გიორგი ბიჭაშვილი 2014-2017 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, 112-ის დირექტორი იყო. თანამდებობაზე ის ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობისას დაინიშნა და მასთან დაახლოებული პირია.

2017 წლის აპრილში, გიორგი ბიჭაშვილს, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, სახელმწიფომ 1 ლარად, საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე გადასცა კურორტ შოვში 7500 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები. ბიჭაშვილების მტკიცებით, ეს ქონება სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ჰქონდათ ჩამორთმეული.

2019 წლის მაისში, აღნიშნული მიწის ნაკვეთი გიორგი ბიჭაშვილმა ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „მ2 ჰოსპიტალიტის“ გადასცა, რომლის 100% წილის მფლობელი იყო სააქციო საზოგადოება „m2 უძრავი ქონება“, ამჟამად სააქციო საზოგადოება „საქართველოს უძრავი ქონება“. 2020 წელს ამ კომპანიისგან აღნიშნული ნაკვეთი შპს „მილქიმ“ იყიდა, რომლის დამფუძნებელი და დირექტორიც ირაკლი ქაფიანიძეა.

 

ყაზახი „ინვესტორი“

შოვში 159969 კვმ (16 ჰა) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით 2008 წლიდან აქვს საკუთრებაში სააქციო საზოგადოებას „პანსიონატი მამისონი“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც ყაზახეთის მოქალაქეები არიან: ტემირჟან მეირამბეკოვი, ასელ სოკრუპოვა, ალჟან აკმოლდაევ. „პანსიონატი მამისონი“ 2006 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო საკუთრებაში იყო. მთელი ქონება ეკონომიკის სამინისტროსგან 510 000 აშშ დოლარად ვლადიმერ ცომაიამ, საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე იყიდა, მალევე კი ყაზახეთის მოქალაქეზე გაასხვისა.

ყაზახი „ინვესტორი“ და მისი ქართველი წარმომადგენლები 2008 წლიდან არაერთხელ დაგვპირდნენ შოვში საერთაშორისო დონის ოთხსეზონიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტის შექმნას, რომელიც წლიურად 60 ათას ვიზიტორს მოემსახურებოდა. დღემდე, 14 წლის განმავლობაში ადგილზე არაფერია გაკეთებული.

ამჟამად, „პანსიონატ მამისონის“ დაკვეთით, „შოვის კურორტის“ პროექტის მმართველი კომპანია არის „სიმეტრია“, რომლის დირექტორი 2015 წლიდან ტარიელ გაბუნიაა. მანამდე ის საპარტნიორო ფონდში „რუხის სავაჭრო ცენტრის“, „ქართული პროდუქტის“ და „თბილისის ლოგისტიკის ცენტრის“ დირექტორი იყო.

„პანსიონატ მამისონის“ სასარგებლოდ, პროკურატურამ, 2021 წელს, შოვში უძრავი ქონება იძულების წესით დაათმობინა სააქციო საზოგადოების ყოფილ დირექტორს გელა გუტაშვილს. თუ ის პროკურატურის მოთხოვნებს არ დასთანხმდებოდა, დაპატიმრებით დაემუქრნენ. ამ თემაზე „მთის ამბები“ ცალკე რეპორტაჟში გიამბობთ.

 

საკუთრების უფლების ჩამორთმევა

მამისონის უღელტეხილთან რაჭის ბოლო დასახლებული სოფელი გლოლაა. გასული საუკუნის 20-იან წლებში, ექიმ შამშე ლეჟავას ინიციატივით, კურორტი შოვი სწორედ სოფელ გლოლის საძოვრებზე დაარსდა წიწვოვანი ტყეების, კლიმატისა და მინერალური წყლების გამო. შოვის საკურორტო სეზონი გლოლის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კურორტთან სიახლოვის გამო, ადგილობრივებმა გლოლაში საოჯახო სასტუმროები მოაწყეს, ბოლო პერიოდში მასზე მოთხოვნაც გაიზარდა, თუმცა მიგრაცია მაინც ვერ შეაჩერა. 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, დღეისათვის გლოლაში მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ოთხჯერ არის შემცირებული და მუდმივად მცხოვრებ 100-მდე ადამიანს ითვლის.

„ერთადერთი, ამბობენ, რომ თუ აქ კურორტი განვითარდება, მოსახლეობას შეეძლება რძე და ყველი გაყიდოს. გაუყიდავი რძე და ყველი ვის რჩება? პრობლემა იმაშია, რომ მოსახლეობას საშუალებას არ აძლევენ, რძე და ყველი ჰქონდეს.

გზის ნაპირებზე, ელემენტარულად პატარა კაფე რომ მოაწყო, ღია ცის ქვეშაც კი, მაგის უფლებაც აღარ გვაქვს. მესაკუთრეებს ყველანაირად აგვიკრძალეს გამოყენება. იგივე პირობებში, მსხვილ ბიზნესმენებს ან სხვა გავლენიან პირებს აქვთ ისეთი ზონა, სადაც მშენებლობა დასაშვებია. მათთვის შეიძლება, გლოლის მოსახლეობისთვის არ შეიძლება. განსხვავება მხოლოდ მესაკუთრეებშია.

ეს გრგ დამუშავებულია და ემსახურება იმას, რომ გლოლის მოსახლეობას არანაირი ინტერესი, განვითარება არ ჰქონდეს ტურბაზის ხიდის ზემოთ. იმ ახალგაზრდებსაც გააქცევენ, ვინც აქ ამ დრომდე შემორჩნენ“, - გლოლელი გიორგი ბიძიშვილის კუთვნილი ნაკვეთი გრგ-ს პირველი რუკით სარეკრეაციო ზონაში იყო მოხვედრილი. ამ ადგილას ის თევზის რესტორნის მოწყობას აპირებდა, თუმცა კორექტირებული რუკით ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მოხვდა, სადაც მშენებლობა საერთოდ აეკრძალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020-2021 წლების პრეცედენტული გადაწყვეტილებებით, განაშენიანების რეგულირების გეგმით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მიმართ იმგვარი ზონების დადგენა, რომლითაც კერძო საკუთრების უფლებაში ხდება არათანაზომადი ჩარევა და არ დგინდება ამგვარი შეზღუდვით საჯარო ინტერესების დაცვის უპირატესობა, არათუ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს არღვევს, არამედ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვის კრიტერიუმებსაც. ამ მიზეზით უზენაეს სასამართლოს გაუქმებული აქვს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზოგიერთი ნაწილი. უზენაესი სასამართლოს დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკით, შეზღუდვის ხარისხი არ უნდა გასცდეს გონივრულ ზღვარს, რომლის შემდეგაც იწყება საკუთრების უფლების რღვევა და თავისი შინაარსით უთანაბრდება საკუთრების უფლების ჩამორთმევას.

არც გრგ-შია და არც კორექტირებულ რუკას ერთვის რაიმე დასაბუთება, რამდენად თანაზომიერია საჯარო ინტერესის მისაღწევად მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების ასეთი ხარისხის შეზღუდვა. ამ საკითხზე არც ონის მერიამ და საკრებულომ იმსჯელეს. ბიძიშვილისა და გუტაშვილის კონკრეტულ კითხვებს საკრებულოს სხდომაზეც არ უპასუხეს.

„მთის ამბებმა“ მიმართა „არტსტუდიო პროექტს“ კურორტ შოვის გრგ-ს ავტორთან, გიორგი სულაბერიძესთან ინტერვიუს ჩაწერის თხოვნით. ინტერვიუზე უარი მივიღეთ. კითხვაზე, რამ განაპირობა გრგ-ს რუკის პირველ ვარიანტში ცვლილებების შეტანა და გლოლის მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება, განმარტება ვერც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მოვისმინეთ.

„გრგ-ს ავტორმა გიორგი სულაბერიძემ მითხრა, რომ სამინისტროდან როგორც დაავალეს, რუკაც ისე შეიცვალა. კორპუსების მშენებლობის შემდეგ, შემოვლენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც იყიდიან ბინებს, ამ ტერიტორიებზე გაუჩნდებათ კერძო საკუთრება. რეალურად მოხდება ის, რომ საქართველოში, აქ, რომელიც საზღვრისპირა რეგიონია, არსებობს რისკი, უცხო ქვეყნის, მოქალაქეების მასობრივი ჩასახლება მოხდეს“, - გიორგი ბიძიშვილის და სხვა გლოლელი ახალგაზრდების ორგანიზებით, მოსახლეობის საერთო კრება გაიმართა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იმ გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვეს, რომლითაც გრგ დამტკიცებულად გამოაცხადეს.

 

გაზრდილი რუსული საფრთხე მამისონთან

1-ელ თებერვალს, იუთუბზე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

„ვესაუბრე ჩვენი ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას. მიმანიშნეს კიდეც იმაზე, რომ მათ აქვთ პერსპექტივაში გეგმა რაღაც ახალი დერეფნის მშენებლობის, რომელიც თქვენ და ჩვენ დაგვაკავშირებდა“, - ეუბნება კარასინი აბაშიძეს.

ჩანაწერის მიხედვით, კარასინი საქართველოსთან დამაკავშირებელი „ახალი დერეფნის“ მშენებლობის ადგილად სამხრეთ ოსეთის მარცხნივ არეალს ასახელებს.

აბაშიძე კარასინს უხსნის, რომ ყაზბეგი-ლარსის მხარეს (სამხრეთ ოსეთის მარჯვნივ) ახალი მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს და წელიწადნახევარში დასრულდება (საუბარია ხადისა ხეობის გავლით რუსეთისკენ მიმავალ გზაზე). „ახლა არ არის იმაზე საუბრის დრო, რომ კიდევ სადღაც რაღაც იწყება და არც ინფორმაციის გავრცელებაა საჭირო“, - მიმართავს კარასინს აბაშიძე, რომელმაც პირველ არხთან ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ კარასინს გასული წლის ივნისში ესაუბრა, როდესაც ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით რთული ვითარება იყო და ორივე მხარეს რიგში ათასობით მანქანა იდგა.

ადგილზე ორიენტირების განსაზღვრის საერთაშორისო წესების (ჰორიზონტის მხარეები) მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარცხნივ რაჭაა, მამისონის უღელტეხილით, ზღვის დონიდან 2819 მეტრზე. უღელტეხილი 2009 წლიდან რუსეთს აქვს ოკუპირებული. რუს სამხედროებს სექტორი მამისონის მეტეოსადგურზე აქვთ მოწყობილი. 2008 წლის ჩათვლით, მეტეოსადგურში ქართველი მესაზღვრეები იდგნენ. თოვლის მოსვლის შემდეგ, როცა კავკასიონზე საზღვარი ბუნებრივად იკეტება, ისინი მეტეოსადგურს ტოვებდნენ და შოვთან ახლოს ჩამოდიოდნენ. 2009 წლის გაზაფხულზე ქართველ მესაზღვრეებს მეტეოსადგურზე რუსეთის დროშა და რუსი სამხედროები დახვდნენ.

საოკუპაციო ხაზს იქით არის დარჩენილი ნასოფლარი ღურშევი, მდინარე ჭანჭახის ხეობის ნაწილი და მამისონისკენ მიმავალი საავტომობილო გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთიც კი, რომელიც ღურშევის მოპირდაპირე მხარეს მდებარე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგომდე მისასვლელი ერთადერთი სამანქანო გზაა. ამ გზით სარგებლობენ გლოლელებიც ჭანჭახის ძირში მდებარე კუთვნილ სახნავ-სათეს ნაკვეთებსა და სათიბებში მისასვლელად, სადაც ზაფხულობით საქონლის ფერმები აქვთ და კარტოფილი მოჰყავთ. 

მამისონის უღელტეხილზე გადის ე.წ. ოსეთის სამხედრო გზა, რომელიც ქალაქ ქუთაისს (საქართველო) რკინიგზის სადგურ დარგკოხთან (ჩრდილოეთი ოსეთი) აკავშირებდა. გზის მშენებლობა 1858 წელს დაიწყო და 1888 წელს გაიხსნა. რაჭველები და ოსები ამ გზით რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე სარგებლობდნენ, ომის შემდეგ კი ჩაკეტილია. ზაფხულში რუსი სამხედროები მამისონის უღელტეხილზე მაღალი გამავლობის მანქანებით ამოდიან.

სწორედ ამ გზის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობდა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი დავით საგანელიძე, 2020 წლის 2 სექტემბერს, ონში, მოსახლეობასთან შეხვედრისას: „ველოდები, როდის გაიხსნება და აუცილებლად გაიხსნება მამისონი და აუცილებლად უნდა გაიხსნას. ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან იმიტომ, რომ ეს გზა ონისთვის და ამ კუთხისთვის არის უმნიშვნელოვანი და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად ამისთვის“.

ჩრდილოეთ ოსეთში, ნიჟნი ზარამაგამდე, რომელიც მამისონის უღელტეხილთან მდებარე უახლოესი ადმინისტრაციული ცენტრია - გზის რეკონსტრუქციის (ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მოწყობის) სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, 2022 წლის 13 დეკემბერს კი ნახევარკილომეტრიანი გვირაბიც გახსნეს. ღონისძიებაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დისტანციურად მონაწილეობდა.

„ვლადიკავკაზის აეროპორტში  ვხსნით შიდა ფრენების ახალ ტერმინალს და გვირაბს „მამისონის“ რეკრეაციულ კომპლექსთან. ეს ყველაფერი კარგ ბიძგს მისცემს ქვეყნის სამხრეთით ტურიზმის ზრდას. გაძლიერდება ამ რეგიონის კონკურენტუნარიანობა და მისი საინვესტიციო მიმზიდველობა“, - განაცხადა პუტინმა.

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ აღნიშნა, რომ „გვირაბის მშენებლობა პირველი ნაბიჯია. კიდევ გზის ორი მონაკვეთი გვაქვს - უკვე მშენებლობის პროცესშია. თავად „მამისონზე“ გავედით“.

ტრანსკავკასიური მაგისტრალიდან (ერთადერთი გზა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს რუსეთთან აკავშირებს) ნიჟნი ზარამაგამდე საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის დასრულებას 2023 წლის ბოლომდე აპირებენ. ტარიელ სოლიევმა, ჩრდილოეთ ოსეთის ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის კომიტეტის თავმჯდომარემ 2023 წლის 10 თებერვალს განაცხადა, რომ 100%-იანი დაფინანსება უკვე დამტკიცებულია. ნიჟნი ზარამაგიდან გზა „მამისონის“ კომპლექსამდე გრძელდება.

ოთხ სეზონზე გათვლილ კურორტ „მამისონზე“ პირველი ტურისტების მიღება 2018 წელს იგეგმებოდა, თუმცა პროექტი შეჩერდა. 2019 წელს, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „მამისონი“ კვლავ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა გახდა. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებით ცნობილი ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ის შვილობილი „დოპელმაიერ რაშა“ დაკავდა. დავალების მიხედვით, კურორტს უნდა ჰქონდეს ორი საბაგირო გზა, რომელიც საათში 2600 და 2400 ადამიანს გაატარებს, სათხილამურო ტრასების კომპლექსი საერთო სიგრძით 14 კმ და გასართობი კომპლექსი „სნოუპარკი“.

კურორტ „მამისონის“ პროექტის განხორციელების ვადამ 2024 წლის ბოლომდე გადაიწია, რადგან უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიზეზით, კომპანია „დოპელმაიერმა“ უარი თქვა სასრიალო აღჭურვილობის მიწოდებაზე. „მიმდინარეობს სასრიალო გზების აღჭურვილობის ალტერნატიული მომწოდებლების ძიება ჩინეთსა და თურქეთში“, - განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯანაევმა.

რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტის მიერ 25 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად მუშაობენ საინჟინრო და საგზაო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ნიჟნი ზარამაგიდან მამისონამდე.

ამ თემაზე:

104 ათასი ჰექტარი ტყე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში, 49 წლით, სანქცირებული რუსი ოლიგარქის პარტნიორს

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში