საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ადვოკატირების შედეგად, რაჭაში 40 ოჯახს ქონებაზე ყადაღა გაუუქმდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:26 - 28 ივლისი 2024 hits 1763
უწერის მცხოვრებლები
ახალი ამბები
უწერის მცხოვრებლები

„მთის ამბების“ ადვოკატირების შედეგად, რაჭაში, სოფელ უწერაში მცხოვრებ 40 ოჯახს მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთებზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მოთხოვნით დადებული ყადაღა მოეხსნა.

ვიდრე „მთის ამბები“ საქმეს გამოიძიებდა, პროცესში ადვოკატი ჩაერთვებოდა და პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდებოდნენ, პროკურატურამ რამდენიმე ადგილობრივს შესთავაზა, რომ გართულების, დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად, ბრალს რომ წარუდგენდნენ, საპროცესო შეთანხმება დაედოთ -

უწერლებს არჩადენილი დანაშაული უნდა ეღიარებინათ, თითქოს მამაპაპისეული ნაკვეთები თაღლითურად მიითვისეს, ყველა ნაკვეთი სახელმწიფოსთვის გადაეცათ და პროკურატურა სასამართლოში მათთვის სასჯელის სახით, მხოლოდ ჯარიმის ან პირობითი მსჯავრის შეფარდებას მოითხოვდა.

უწერა მდინარე რიონის ვიწრო ხეობაშია გაშენებული. ისედაც მცირემიწიან რაჭაში, ეს გამორჩეულად მცირემიწიანი სოფელია. ადგილობრივებს მეურნეობისთვის ტყისპირას მდებარე პატარა მდელო აქვთ დარჩენილი. უწერლებმა ეს მამაპაპისეული მიწები 2020 წელს, საკუთრებად, ოფიციალურად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაირეგისტრირეს. როგორც კი რაჭასა და ქვემო სვანეთში, 104 712 ჰექტარი ტყე, მთავრობამ, ხალხისგან ფარულად და მრავალი კანონდარღვევით, 49 წლით, რუსი ოლიგარქის პარტნიორს დავით ხიდაშელს გადასცა [რაჭის ტყეების ოკუპაცია], გლეხებს ერთ თვეში კერძო საკუთრება დაუყადაღეს. უწერაში ეს ერთადერთი თავისუფალი ადგილია, სადაც მშენებლობა მოსახერხებელია და ტურისტული ბიზნესისთვისაც მიმზიდველია.

ხელისუფლება უწერლებს თაღლითობის გზით მიწის ნაკვეთების მიტაცებას ედავება. გამოძიება ერთი წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა, პროკურატურას, უწერაში მცხოვრებთაგან, ერთი მოქალაქეც კი არ ჰყავს დაკითხული, არათუ ვინმეს მიერ თაღლითობის ჩადენა დაემტკიცებინა და ბრალი წარედგინა. ამის მიუხედავად, უწერლებს კერძო საკუთრების უფლება შეზღუდული ჰქონდათ.

„მთის ამბების“ მიერ, რაჭის ტყეების საქმეზე ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, უწერლების უფლებების დასაცავად საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ ჩაერთო. ადვოკატმა ვლადიმერ ქუთათელაძემ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მიმართა და უწერლების ქონებაზე ყადაღის გაუქმება მოითხოვა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2022 წლის 29 სექტემბერს შესული ცვლილებების თანახმად, ქონებას ყადაღა ედება 2 ეტაპად და თითოეულ ეტაპზე, ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 12 თვეა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ქონებას ყადაღა გამოძიების ვადით დაედო, გამოძიებას კი განსაზღვრული ვადა არ აქვს, რითაც დაირღვა საკანონმდებლო მოთხოვნები და შეიზღუდა მათი კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. ამიტომაც, პროკურატურას მოვთხოვეთ, შუამდგომლობით მიემართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის და დაყადაღებული მიწის ნაკვეთების ყადაღისგან გათავისუფლება მოეთხოვა“, - ადვოკატმა რეაგირების შესახებ ერთი თვეში დასავლეთ საქართველოს პროკურატურიდან პასუხი რომ ვერ მიიღო, საოლქო პროკურორის უმოქმედობა გენერალურ პროკურატურაში გაასაჩივრა.

იმავე პერიოდში უწერაში ჩავიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები ხათუნა სამნიძე, თეონა აქუბარდია და თამარ კორძაია. თბილისში დაბრუნების შემდეგ, დეპუტატებმა წერილობით მიმართეს შესაბამის უწყებებს და განმარტებები მოითხოვეს, ასევე, პარლამენტში პრესკონფერენცია გამართეს და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდეს.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სწორედ ამის შემდეგ მიმართა შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და უწერაში მცხოვრები 40-ვე ოჯახის მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთზე ყადაღა მოეხსნა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში