საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ეს არის რუსული საქმე, ქვეყნის მტრობა და ღალატი - დეპუტატები რაჭის ტყეების გადაცემაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:58 - 26 ივლისი 2023 hits 3702

„რუსეთის საზღვრისპირა ტერიტორია რუს ბიზნესმენს ისე გადასცეს, რომ საკითხი უსაფრთხოების კუთხით შესწავლილი არ არის. მკვიდრ მოსახლეობას დღეს სახელმწიფო ებრძვის სისხლის სამართლის საქმეებით, რათა რუს ბიზნესმენს სასათბურე პირობები შეუქმნან. აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული გარემოსდაცვითი საკითხები და ვალდებულებები. რაჭასა და ქვემო სვანეთში ტყეების გადაცემა, იქაური მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენის ინტერესების სასარგებლოდ, არის ქვეყნის მტრობა და ღალატი“, - განაცხადეს საქართველოს პარლამენტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატებმა თამარ კორძაიამ, თეონა აქუბარდიამ და ხათუნა სამნიძემ.

ოკუპაციის შემდგომ ყველაზე დიდი რუსული პროექტიუწოდა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ რაჭასა და ქვემო სვანეთში, ნახევარი საუკუნით, 104 712 ჰექტარი ტყის გადაცემას დავით ხიდაშელისთვის, რომელიც სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორია.

ეს ტყეები არის საქართველოს ტერიტორიის 1,4%. გადაეცა ხიდაშელს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები კარგად იცნობენ, როგორც დავით გარეჯის საქმის მთავარ პერსონაჟს.

ტყეების გადაცემასთან დაკავშირებით არაერთი დავასასამართლოში, პროკურატურაშიც, თუმცა ხიდაშელი ხელშეუხებელი ადამიანი და არცერთი საკითხი არ დაძრულა.

მნიშვნელოვანია, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო, მთელს რაჭაში დაცული ტერიტორია დაფუძნებულიყო. საერთაშორისო ორგანიზაცია ერთ კვადრატულ მეტრში 45 დოლარს იხდიდა ბუნების კონსერვაციის, ეკოსისტემების დაცვის მიზნით. მაგრამ, საქართველოს ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენს გადასცა 11 ლარად. ამითაც ჩანს ხელისუფლების პრიორიტეტები“, - პრესკონფერენციაზე თამარ კორძაიამ ისაუბრა პროკურატურის მიერ ადგილობრივი მცხოვრებლების მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზეც. პროკურატურა რაჭაში, 224 მოქალაქეს ტყესთან ახლოს მდებარე მამაპაპისეული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებას ედავება. პროკურორის მოთხოვნით, მხოლოდ სოფელ უწერაში, სასამართლოს 39 მიწის ნაკვეთი აქვს დაყადაღებული. დეპუტატებმა გენერალურ პროკურატურას მოუწოდეს, შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე და მოქალაქეებს კერძო საკუთრებაზე შეზღუდვა მოეხსნათ.

„არცერთი წესი არ არის დაცული გარემოსდაცვითი კანონმდებლობიდან. არსებობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილი, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება ლიცენზია გაიცეს რამდენიმე პირობის დაცვის გარეშე. კეძოდ, როგორ მოხდება ტყის დაცვა, როგორ გადამუშავდება ნარჩენები, ეკოსისტემას როგორ დაიცავს. 49 წლით რუსები ბიჭვინთაში რომ ითხოვენ ტყეების გადაცემას, რომელიც სასაზღვრო ზოლში არ არის, იქ ხალხი გამოვიდა და აქციები გამართეს. ჩვენთან, რუსეთის საზღვრის პირას, მამისონის უღელტეხილთან არსებულ ტერიტორიას აძლევენ რუს ოლიგარქს.

წინა დღეებში ჩვენ ვიყავით რაჭაში, საოკუპაციო ხაზიც გადაკვეთეთ. აბსოლუტურად თავისუფალი, უკონტროლო გზაა, სადაც ოკუპანტები მანქანით თავისუფლად გადმოვლენ“ - განაცხადა კორძაიამ.

თეონა აქუბარდიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წერილზე, რომლის თანახმადაც, ხიდაშელისთვის გადაცემული ტყეები კი მდებარეობს საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ, თუმცა სცდება ხუთკილომეტრიან სასაზღვრო ზონას.

„საქმე იმაშია, რომ რაჭაში საოკუპაციო ხაზი სცდება ფაქტობრივ საზღვარს. უსაფრთხოების კონტექსტში უამრავი კითხვა არსებობს.

ვაპირებთ, სადეპუტატო კითხვები გავგზავნოთ უწყებებში და პასუხები მოვითხოვოთ. ამ საკითხზე, სექტემბერში პარლამენტში მინისტრებსაც დავიბარებთ.

დავიცავთ ყველა იმ მოქალაქის საკუთრების უფლებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რუსული თუ კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე დაარღვია.“, - აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეონა აქუბარდიამ.

საქმე არის მთლიანად რუსული. არ არის გათვალისწინებული ქვეყნის და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, არც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია დაცული. რუსული საქმე ნიშნავს, როცა იცავ ოკუპანტი ქვეყნის გავლენის ქვეშ მყოფი ბიზნესმენის ინტერესებს და არა საკუთარი მოსახლეობისა და თვითმმართველობის უფლებებს. არავითარი კომუნიკაცია, დიალოგი და შეთანხმება არ ყოფილა ადგილობრივ მოსახლეობასთან“, - თქვა „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.

მანვე რაჭის ტყეების გადაცემის საქმეში შესაძლო კორუფციის ფაქტებზე ისაუბრა: „საქმის მასალებში არის ორი წერილი, სადაც ონის მერი ამბობს, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია და შეუთანხმდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ეჭვებს, რომ ეს არის კორუფციული გარიგება, ზრდის ისიც, რომ ონის ყოფილი მერი ბატონი საბანაძე გადადგომიდან მალევე დაინიშნა ხიდაშელის კომპანიის ერთ-ერთ დირექტორად. სწორედ მას შემდეგ, რაც მან ხელი შეუწყო იმას, რომ რუს ბიზნესმენს რაჭის ტყეები მოსახლეობასთან დიალოგის და კომუნიკაციის გარეშე მიეღო. საბანაძე მოსახლეობის ინტერესების იგნორირების ხარჯზე გახდა ხიდაშელის კომპანიის დირექტორი“, - დეპუტატებმა პროკურატურისგან ამ საქმის გამოძიება მოითხოვეს.

„მთის ამბებმა“ 17 ივლისს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება - რაჭის ტყეების ოკუპაცია. რაჭის ტყეები სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორს დავით ხიდაშელს მრავალი კანონდარღვევით გადაეცა - ამ ტყეებით მოსარგებლე ადამიანებისგან საიდუმლოდ, გარემოსდამცველების, სათემო ორგანიზაციების, მედიისთვის ფარულად. ათობით ათასი ჰექტრის გადაცემამ საფრთხე შეუქმნა რაჭველების კერძო საკუთრებას. ეს გადაწყვეტილება არღვევს როგორც ეროვნულ კანონებს, ისე ევროპულ კონვენციებს, ქმნის ეკოლოგიურ და ისტორიულ აბსურდებს - საკუთარი ნებით, საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებით გავაფორმოთ ოკუპანტის კონტროლი ქვეყანაში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში