გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამართალდარღვევის ოქმები მას შემდეგ შეადგინა, რაც ბალდის მცხოვრებლები კანიონზე დაგეგმილ პროექტს დაუპირისპირდნენ და მისი გაუქმება მოითხოვეს.
პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის დამტკიცებული და მას შპს „კანიონი 350“ ახორციელებდა.
სამართალდარღვევის ჩადენას ნინო სილაგავას ედავებოდნენ, რომელიც წარმოადგენს საინიციატივო ჯგუფს „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“. სამართალდარღვევის ოქმების თანახმად, სილაგავამ წყლის ობიექტი თვითნებურად დაიკავა.
ბალდელებმა მარტვილის მერიას არაერთხელ სთხოვეს მდინარეზე სამანქანო ხიდის მოწყობა. უარის შემდეგ, ორი წლის წინ, ფსკერზე ბეტონის ფილები საკუთარი ძალებით დაალაგეს, რომ მანქანით, ტრაქტორითა თუ ხარებით, უფრო ადვილად და უსაფრთხოდ გაევლოთ.
ამ გზით არამხოლოდ ადგილობრივები სარგებლობდნენ, არამედ, დადასტურებული მონაცემებით, მარტვილის მერის პირველი მოადგილე, სატყეო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტების, მარტვილის ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის თანამშრომლები. ორი წლის განმავლობაში არავის უთქვამს, რომ ბალდელებმა კანონი დაარღვიეს.
„დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და წარდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, მოსამართლემ განმარტა, რომ ნინო სილაგავას ქმედება არ წარმოადგენს წყლის ობიექტის თვითნებურად დაკავებას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას). ასევე, მიუთითა, რომ საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა, რომ ფილების ჩალაგებამ მდინარეს რაიმე ზიანი მიაყენა. ამის დასადასტურებლად ჩვენ წარვადგინეთ „მთის ამბების“ მიერ გადაღებული ვიდეომასალა“, - უთხრა „მთის ამბებს“ სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადვოკატმა ვლადიმერ ქუთათელაძემ. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა „ბალდის კანიონის მცველების“ ინტერესებს აღნიშნულ საქმეზე.
სამ თვეზე მეტია სოფელ მეორე ბალდაში კარავი აქვთ გაშლილი და ხალხი ინვესტორს სამუშაოების გაგრძელების უფლებას აღარ აძლევს.
სამინისტრომ ბალდის უნიკალური კანიონი აუქციონის გამოცხადების შემდეგ დაფუძნებულ შპს-ს, 407 მ სიგრძის როლერის ატრაქციის, კიდული და საცალფეხო ბილიკების მშენებლობისთვის და იქ ბიზნესის საკეთებლად 40 წლით ისე გადასცა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ბალდელებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პროექტი კანიონის უნიკალურ ლანდშაფტს მთლიანად ცვლის და ანადგურებს. გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების კვლევაც არ ჩაუტარებია იმის დასადგენად, რა გავლენას მოახდენს ეს პროექტი ბალდის უნიკალურ კანიონზე. „მთის ამბების“ რეპორტაჟებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო უწყებები, „ინვესტორი“ ერთად ცდილობენ „ბალდის კანიონის მცველების“ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, პროტესტის დასუსტებას და პროექტის გაგრძელებას. პროტესტის ორგანიზატორებისა და მონაწილეების წინააღმდეგ მარტვილის პოლიციაში არაერთი საჩივარია შეტანილი - აქტივისტები დაკითხვიდან დაკითხვაზე დაჰყავთ; ინვესტორი და მისი წარმომადგენლები „ბალდის კანიონის მცველებს“ ორჯერ დაესხნენ თავს და ცემეს. პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.