საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როგორ ავიწროებს ხელისუფლება „ბალდის კანიონის მცველებს“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:10 - 24 იანვარი 2024 hits 6779

ეს ერთი საქმეც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ხელისუფლება ავიწროებს ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც ბალდის კანიონის დასაცავად იბრძვიან. თუმცა, ამის გარდა, არსებობს სხვა საქმეებიც: პროტესტის ორგანიზატორებისა და მონაწილეების წინააღმდეგ მარტვილის პოლიციაში არაერთი საჩივარია შეტანილი - აქტივისტები დაკითხვიდან დაკითხვაზე დაჰყავთ; ინვესტორი და მისი წარმომადგენლები „ბალდის კანიონის მცველებს“ ორჯერ დაესხნენ თავს და ცემეს; ინვესტორს, ხელისუფლების ხელშეწყობით, პროტესტის დისკრედიტაციისთვის სოციალურ ქსელებსა და მედიაში ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია აქვს გაჩაღებული.

სამართალდარღვევის ოქმი 2 წლის შემდეგ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოფელ ბალდაში მცხოვრებ ნინო სილაგავას, რომელიც ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად შექმნილი ჯგუფის აქტიური წევრია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 2023 წლის 7 დეკემბერს შეუდგინა. სილაგავას წყლის ობიექტის თვითნებურ დაკავებას ედავებიან (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 48-ე მუხლი).

მდინარე აბაშის წყალი ბალდაში დასახლებულ პუნქტსა და სახნავ-სათიბებს შუაზე ჰყოფს. მდინარეზე მხოლოდ ფეხით გადასასვლელი ხიდია, ბალდელებს კი მეორე მხარეს აქვთ კვების ობიექტები, საოჯახო სასტუმრო. იქვეა კაღუს ჩანჩქერიც. ამ ადგილს, წელიწადის ყველა დროს, განსაკუთრებით ზაფხულში, უამრავი ტურისტი სტუმრობს. მდინარის მეორე ნაპირზე აქვს რესტორანი მარტვილის მერის პირველ მოადგილეს ალექსანდრე ხურცილავასაც. ბალდელებმა შეშა და თივა რომ მოზიდონ, წყალში გავლა უწევთ. ამიტომაც, მერიას არაერთხელ სთხოვეს სამანქანო ხიდის მოწყობა. უარის შემდეგ, ორი წლის წინ, მდინარის ფსკერზე ბეტონის ფილები საკუთარი ძალებით დაალაგეს, რომ მანქანით, ტრაქტორითა თუ ხარებით, უფრო ადვილად და უსაფრთხოდ გაევლოთ.

გასულ წელს, მარტვილის მერიამ კაღუს ჩანჩქერისკენ საფეხმავლო ხიდამდე მისასვლელი გზა ბეტონის საფარით მოაწყო. ამის შემდეგ მერის მოადგილე ალექსანდრე ხურცილავამ, გზა მდინარეში დადებულ ფილებამდე მიაერთა.

ამ გზით სარგებლობდნენ არა მხოლოდ ბალდელები, არამედ მარტვილის მერის პირველი მოადგილე, სატყეო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტების, მარტვილის ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის თანამშრომლები და ორი წლის განმავლობაში არავის უთქვამს, რომ ბალდელებმა კანონი დაარღვიეს. 2022 წლის 27 დეკემბერს, მარტვილის ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორი ზაზა გაგუა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მადლობასაც კი უხდის მარტვილის მერიას კაღუს ჩანჩქერთან მისასვლელი ახალი გზის მოწყობისთვის. პოსტს თან ვიდეოც ერთვის, რომელიც გვაჩვენებს, ზაზა გაგუა ავტომობილით როგორ გადადის მდინარეში ჩადებული ფილებით მოწყობილ გზაზე.

საქმის მასალების მიხედვით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მდინარე აბაშის წყალში ფილების ჩადების ფაქტზე წარმოება 8 ოქტომბერს დაიწყო, ოქმი კი, რომელიც დაჯარიმებას ითვალისწინებს, მხოლოდ მას შემდეგ შეადგინეს, რაც ბალდელებმა ინვესტორს და მის მუშებს გზა გადაუკეტეს და სოფელში აღარ შეუშვეს. ამას წინ უძღოდა ინვესტორის წარმომადგენლების მხრიდან ერთ-ერთი აქტივისტის, თაზო რუხაიას ცემა, რის გამოც პროტესტი კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გამოხატა. იმ დღეს დადგეს კარავი ბალდაშიც, სადაც ადგილობრივები უწყვეტად მორიგეობენ და ბალდის კანიონზე სამუშაოები უკვე სამი თვეა შეწყვეტილია.

მარტვილის მაგისტრატ სასამართლოს სილაგავას მიმართ შედგენილი პირველი ოქმი ჯერ არ განუხილავს. ამასობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მეორე სამართალდარღვევის ოქმი დაწერა, რაც გაორმაგებულ ჯარიმას ითვალისწინებს - სილაგავას მდინარის კალაპოტიდან ფილების ამოღებას ავალდებულებენ.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადვოკატი ვლადიმერ ქუთათელაძე მიიჩნევს, რომ ნინო სილაგავას და მისი თანასოფლელების ქმედებაში სამართალდარღვევის შემადგენლობა არ არსებობს.

„სადავო ნორმის შინაარსის - „წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება“ სამართლებრივი განმარტების შედეგად, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოცემული ნორმა კრძალავს თვითნებურად (კანონმდებლობით განსაზღვრული და გაცემული ნებართვის გარეშე) წყლის ობიექტის, ან მისი ნაწილის (მდინარის, ტბის, წყალსაცავის, ღელის და ა.შ) შენობა-ნაგებობით შემოღობვას, ან სხვაგვარად წვდომის შეზღუდვას სხვა პირებისთვის.

მოცემულ შემთხვევაში ბეტონის ფილები მოთავსებულია მდინარის ფსკერზე. წყალი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიედინება და ფილები არანაირ გავლენას არ ახდენს. მდინარის აღნიშნული მონაკვეთი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის და სარგებლობს მთელი სოფელი. ნათელია, რომ ადგილი არ აქვს მდინარის რაიმე სახით დაპატრონებას. ფილები კალაპოტში მოთავსებულია მხოლოდ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა უსაფრთხოდ მოახერხონ მდინარის გადაკვეთა“

- იურისტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სილაგავს მიმართ ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყვიტოს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვკითხეთ, რატომ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 2023 წლის 7 დეკემბერს და არა მანამდე, როცა სამინისტროს სხვადასხვა უწყების, მათ შორის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა იცოდნენ მდინარეში ბეტონის ფილების განთავსების თაობაზე და ამ გზით თვითონაც სარგებლობდნენ; რაში გამოიხატა წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება? რამე დაბრკოლება აქვს მდინარეს, გაჩერდა და აღარ მიდის, დაგუბდა, თევზი ვეღარ მოძრაობს, ვინმემ დაიკავა და სხვას აფერხებს? სამინისტროს ეს ქმედება ნაკარნახევია თუ არა „ბალდის კანიონის მცველების“ წინააღმდეგ მოქმედებით, მათზე ზეწოლისა და ჩაგვრის მიზნით? სამინისტრომ არცერთ კითხვაზე არ გვიპასუხა და არც საჯარო ინფორმაცია მოგვაწოდა.

საინიციატივო ჯგუფი „ბალდის კანიონის შენარჩუნებისთვის“ აქტივისტის ცოტნე თვარაძის თქმით, მას და მის თანამოაზრეებს, ათამდე ახალგაზრდა მამაკაცს მარტვილის პოლიციაში უჩივის ინვესტორთან დაკავშირებული ქალი, რომელიც აქტივისტებს ადევნებაში ადანაშაულებს. ადევნება - უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულია. იმის მიუხედავად, რომ აქტივისტებს საპირისპირო მტკიცებულებები აქვთ, პოლიციაში დაკითხვაზე მაინც არაერთხელ დაიბარეს.  

„დაშინების კამპანიის ნაწილი იყო აგვისტო-სექტემბერში, ბალდაში მდებარე საოჯახო სასტუმროების მასობრივი შემოწმება. მხოლოდ ის სასტუმროები შეამოწმეს, ვინც ბალდის კანიონზე დაგეგმილი პროექტის განხორციელების წინააღმდეგია.

შუა აგვისტოში, როცა ყველაზე დატვირთული სეზონია, დღეში ორჯერ უგზავნიდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ჯგუფებს, რომ საჩივარია თქვენზე, თითქოს კანალიზაციას მდინარეში უშვებთ. ნახავდნენ რომ დარღვევა არ იყო, იმ საღამოს ან მეორე დილით ისევ მოდიოდნენ. ერთხელ და ორჯერ არაუშავს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ყოველ მეორე დღეს რომ ციმციმებიანი მანქანები ეზოში გყავს, ყოველ მეორე დღეს ვიღაც გამოწმებს, შენთვისაც და შენი დამსვენებლისთვისაც დისკომფორტია ეს“, - ცოტნე თვარაძის თქმით, „ინვესტორს და სახელმწიფოს

ერთადერთი მიზანი აქვთ - გამოგვფიტონ. ვინმე დააშინონ, ჩვენ რომ პრობლემას შეგვიქმნიან, სხვისთვის მაგალითი იქნება. უნდათ, რომ დაგვღალონ და გაგვტეხონ“.

ბალდის არაერთმა მცხოვრებმა დაგვიდასტურა, რომ გააფრთხილეს სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც ფულად დახმარებას იღებენ და სკოლის პედაგოგებიც, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ. რამდენიმე მასწავლებელი სამუშაო საათების შემდეგ კარავში მაინც მორიგეობს, თუმცა კომენტარზე უარი გვითხრეს.

 

არაზუსტი ინფორმაცია და აქტივისტების წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მედიაში

„პროტესტის მხარდამჭერმა ნინო სილაგავამ, მდინარეში ბეტონი ჩაასხა და თვითნებურად მოაწყო გადასასვლელი. ეს ჩვენს ნაცნობ აქტივისტებს არ გაუპროტესტებიათ. როგორც ვიცით, იმ ბეტონის გადასასვლელით სარგებლობისთვის ადამიანები გარკვეულ თანხასაც იხდიდნენ“, - ზემოთაღწერილ ამბავს ასე აწვდის მკითხველს გამოცემა businessinsider.ge, რომელმაც მანამდე არაერთხელ გამოაქვეყნა ინვესტორის მხარდამჭერი და აქტივისტების მადისკრედიტირებელი ინფორმაცია.

ათმა მედიამ [commersant.ge; imedinews.ge; interpressnews.ge; bfm.ge; bp.ge; expressnews.ge; bm.ge; rustavi2.ge; ipress.ge; kvira.ge] ზუსტად იდენტური სათაურითა და ტექსტით, რაიმე ცვლილების, დამატების, დაზუსტების / მცდელობის გარეშე გაავრცელა ინფორმაცია, ბალდის კანიონთან დაკავშირებით, 22 დეკემბერს გამართული შეხვედრის შესახებ, რომელშიც ინვესტორი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე დარგის ექსპერტების სტატუსით იმყოფებოდნენ უმეტესად ამავე სახელმწიფო უწყებებთან ტენდერებით დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 „შეხვედრაზე იმსჯელეს პროექტის როლზე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესების, ასევე მთელი რაიონისა და ქვეყნის განვითარების კუთხით. პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „კანიონი 350-ის“ დამფუძნებელმა, გოგა მერკვილაძემ. „ტურისტულმა სექტორმა ნათლად დაინახა ის სარგებელი, რომელიც ამ პროექტს მოაქვს. ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნა გოგა მერკვილაძემ.

„ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, ვიზიტორების ნაკადის ნაწილმა მარტვილიდან სვლა ბალდისკენ გააგრძელოს. მომავალ წლებში სამეგრელოს რეგიონში არსებული სხვა ძეგლების განვითარებაც იგეგმება,“ - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ კუსიდიმ.

„კერძო ინვესტორის შემოყვანა იდეალური მიდგომაა. ეს იმის გარანტიაა, რომ სერვისი ხარისხიანი იქნება. კერძო ინვესტორი ყოველთვის ორიენტირებულია, ხარისხიანი სერვისის შეთავაზებით, მეტი მომხმარებელი გაიჩინოს“, - განმარტა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, მედეა ჯანიაშვილმა.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბალდის კანიონის პროექტის ეკონომიკურ სარგებლიანობაზე გააკეთა აქცენტი მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა, ზაზა გაგუამ.

„მარტვილის კანიონის, ოკაცეს კანიონისა და კინჩხას ჩანჩქერის მაგალითი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ იგივე სიკეთეები იქნება ბალდასა და მიმდებარე სოფლებში. თუ 10 წლის წინ მარტვილში ორიოდე სასტუმრო იყო, დღეს 60-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საოჯახო სასტუმრო, 10-ზე მეტი რესტორანი და 5-ზე მეტი საოჯახო მარანია“, - განაცხადა ზაზა გაგუამ.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი დადებითად შეაფასეს ტურისტული კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სათავგადასავლო და ეკოტურისტული მიმართულებით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, მსგავსი პროექტები კი, ამ პოტენციალის გამოყენებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ბალდის კანიონის განვითარება მეტ სტიმულს მისცემს ადგილობრივებს თავად შესთავაზონ ტურისტებს სხვადასხვა მომსახურება, დასაქმდნენ ადგილზე და მიიღონ შემოსავალი.

სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეომასალა და ტექსტი, ასევე, უცვლელად გაავრცელეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა (ეთერში და ვებგვერდზე), აჭარის მაუწყებელმა, ტელეკომპანია „მაესტრომ“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

იმის მიუხედავად, რომ ბალდის კანონის შესანარჩუნებლად ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მიმდინარე პროტესტის, სასამართლო დავის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია, არცერთმა საინფორმაციო საშუალებამ საზოგადოების მიმართ არ გამოიჩინა პატივისცემა, რომ მიეწოდებინათ ზუსტი, სრული, სამართლიანი და დაბალანსებული ინფორმაცია; ყველა შემთხვევაში მკითხველს, მაყურებელს დაუმალეს (მიჩქმალეს), რომ „ბალდის კანიონის პროექტს“ ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს, ხალხი ეწინააღმდეგება ბუნების უნიკალურ ძეგლზე ჩარევას, დაბეტონებას და დამახინჯებას, გადაწყვეტილებები მიღებულია თემისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე, გაუმჭვირვალედ და კანონდარღვევით. ჟურნალისტმა მნიშვნელოვანი ფაქტები არ უნდა მიჩქმალოს.

სააგენტოებმა Ipress-მა და frontnews-მა 2022 წლის 22 დეკემბერს სრულად გაავრცელეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის, ონისე ჯანაშიას მიერ, სოციალურ ქსელში 21 დეკემბერს გამოქვეყნებული პოსტი. იგივე პოსტი შემოკლებით გაავრცელა commersant-მაც, 28 დეკემბერს. ჯანაშია წერს, რომ „პროექტი ყველა ეტაპზე კანონის სრული დაცვით ხორციელდება... პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია), სანამ არ გამოჩნდა კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც პირადი ინტერესები აქვს და ცდილობს მთელი სოფელი დააშანტაჟოს და პროექტის მხარდაჭერა აუკრძალოს...  პროტესტის აქტივისტები გამოირჩევიან აგრესიული, შეურაცხმყოფელი ქცევით არა მხოლოდ კომპანიის წარმომადგენლების, არამედ იმ ადგილობრივების მისამართითაც, ვინც მხარს უჭერს პროექტს (ამაზე ძიებაც დაწყებულია). ისინი მიუვარდნენ ინვესტორს ოფისში და ადგილზე მოაწყეს პროვოკაცია, მერე იჩივლეს და ახლა ცდილობენ ინვესტორის ოფისში პროვოკაციული მივარდნა ინვესტორის მხრიდან ძალადობად გაასაღონ სასამართლოში“.

არცერთი ინფორმაცია, დეტალი, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელი იყო „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ აქტივისტებთან სატელეფონო ზარით, მიმოწერით, პირისპირ შეხვედრით, ონლაინჩართვით, სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციით, სააგენტოების/ინტერნეტგამოცემების მიერ არ ყოფილა შემოწმებული.

მასალაში არ არის არანაირი მითითება იმის შესახებ, მედიასაშუალებებმა რა ძალისხმევას მიმართეს, რა ნაბიჯები გადადგეს, რომ პატივი ეცათ საზოგადოების უფლებისთვის და მკითხველისთვის ზუსტი ინფორმაცია მიეწოდებინათ.

 

კანონდარღვევის შესახებ სამინისტროს აღიარება

15 იანვარს, ბალდის კანიონში დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. მანამდე, ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციამ (საბუკო) გამოაქვეყნა შეფასება, რომ კანონმდებლობის თანახმად, დაცული ტერიტორიის ფარგლებში არ უნდა დაიგეგმოს არანაირი საქმიანობა ბიომრავალფეროვნების კვლევის ჩატარების გარეშე, ასეთი კვლევა კი არ არსებობს. „საბუკოს“ დირექტორის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები დაეთანხმნენ მათ შეფასებას და სხდომაზე განმარტეს, რომ ამ კვლევას ჩაატარებენ.

სწორედ ამ სხდომის შემდეგ ინვესტორის წარმომადგენელმა გიორგი ჩინჩალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „შეთანხმებული შეხვედრა შედგა. ყველა დაინტერესებული მხარე იყო მოწვეული აღნიშნულ შეხვედრაზე.

ასეც გაგრძელდება და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

ზუსტად ის ხალხი ღებულობს კვლევაში მონაწილეობას, ვისაც ბალდის კანიონის პროტესტანტები ენდობიან და მათ რეკომენდაციებს ეყრდნობიან. უახლოეს პერიოდში იხილავთ საბუთს, რომელიც ასეთი პრინციპულია აღნიშნულ პროექტში“.

„ბალდის კანიონის მცველები“ ვარაუდობენ, რომ სამინისტროსა და ინვესტორს წინასწარ გაწერილი სცენარი აქვთ: „კვლევის შედეგად ისეთ დასკვნას დადებენ, თითქოს ამ პროექტის განხორციელებით არაფერი ზიანდება. კვლევას დრო დასჭირდება, შესაძლოა, რამდენიმე თვეც. ეცდებიან, ამ კვლევით ჩვენს ბრძოლას საფუძველი გამოაცალონ. სამინისტრო ამბობს, რომ კვლევის ჩატარებამდე სამუშაოები შეჩერდება. სამუშაოები ხალხს ისედაც შეჩერებული აქვს. ჩვენ ვითხოვთ, ჯერ გააუქმონ ეს პროექტი, რადგან გადაწყვეტილებები კანონდარღვევით აქვთ მიღებული და კვლევა მერე ჩაატარონ. ინვესტორმა ბალდის კანიონს უკვე ისეთი ზიანი მიაყენა იმ სამუშაოებით, რისი ჩატარებაც მოასწრო, კვლევა სრულყოფილი ვეღარც იქნება. ჩვენი მიზანია ბუნების ძეგლი ავთენტური სახით შევინარჩუნოთ“, - ამბობს ცოტნე თვარაძე.

ბალდის კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი 2013 წლიდან აქვს და 8,4 ჰექტარს მოიცავს. კანიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი [24130 კვმ], აუქციონის წესით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ 2022 წლის 29 ნოემბერს გადასცა შპს „კანიონი 350“-ს, 40  წლის ვადით. აუქციონში ერთადერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელიც აუქციონის გამოცხადებიდან 3 დღეშია რეგისტრირებული.

კომპანიის წილის 50% გიორგი და მამუკა მერკვილაძეებს ეკუთვნით. გიორგი მერკვილაძე ასევე ფლობს კომპანია „ზიპინ კინჩხას“, რომლის თანამფლობელიც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ირენა ხარაზოვაა.

ბალდის კანიონს დაპატრონებული კომპანიის რუსული კავშირების ქსელი ბევრად ფართოა - კომპანიის წილის 35%-ის მესაკუთრე მამუკა მერკვილაძე რუსეთში ქართული დიასპორების ვიცეპრეზიდენტია. 2021 წელს მან მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლება და ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილებოდა.

იგი ასევე გახლდათ „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანიის „GR Logistics & Terminals“-ის დირექტორი, რომელმაც 800-მდე ვაგონი, აუქციონის გარეშე, კაბალური სახელშეკრულებო პირობებით, რუსულ კომპანიას გადასცა.

მამუკა მერკვილაძის ცოლი თამარ დუდუნია პუტინის ადმინისტრაციის ბიუჯეტით განათლებამიღებული ექიმი და მომღერალია. ვოკალურ კონკურსში გამარჯვებულ დუდუნიას პრიზს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გადასცემს. ის მოღვაწეობს რუსულ შოუბიზნესში და ახლობლობს რუსეთის პროპაგანდისტებთან.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის პროექტი გულისხმობს 407 მ სიგრძის კიდული და საცალფეხო ბილიკის, 16, 5 და 23,9 მ სიგრძის ხიდების, 260 მ სიგრძის კიდული ბილიკის და 407 მ სიგრძის როლერის ატრაქციის მშენებლობას. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სასამართლოშიც იჩივლეს პროექტის გასაუქმებლად.

ავტორები: ქრისტინე ქათამაძე, გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში