საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რას გადაეკიდეთ ონს - ყოფილი მერი რაჭის ტყეების საქმეში სიყალბესა და ქრთამის აღებას უარყოფს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:19 - 27 ივლისი 2023 hits 4052

„მთის ამბები“ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებას ონის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერთან ემზარ საბანაძესთან, რომლის მიმართაც, რაჭის ტყეების საქმეზე „მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას მიმართეს. საბანაძე სამსახურებრივ სიყალბესა და ქრთამის აღებას უარყოფს.

- ბატონო ემზარ, თქვენს წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ პროკურატურას მიმართეს, რაჭის ტყეების საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი სიყალბისა და ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

- სულელურ რაღაცას ლაპარაკობს. ჩემ დროს არ იყო და ჯერ დააზუსტოს ვის დროს იყო, ვინ იყო მაშინ. საიდან მოაქვთ ეს. ჯერ დააზუსტეთ იმ პერიოდში ვინ იყო. [საბანაძემ ტელეფონი გათიშა. მას განმეორებით დავუკავშირდით].

- რატომ იყო სამსახურებრივი სიყალბე? ვინ გითხრათ, რომ არ იყო მოსახლეობა ინფორმირებული. ამაზე სპეციალურად ჩავატარეთ... ნახეთ თვითონ ის დოკუმენტები. ამაზე კრების ოქმიც არსებობს, ხალხთან შეხვედრების გრაფიკიც და ხალხთან შეხვედრების სიტუაციის აღწერის ნიუანსებიც. რა მაინტერესებს იცი? ეს თემა არ არის მარტო ონის მუნიციპალიტეტის. ეს იყო ონის, ამბროლაურის, ლენტეხის. რა მაინც და მაინც ჩემთან გაქვთ პრეტენზია? წადით, შეეკითხეთ იმათაც. რას გადაეკიდეთ ონს?

- ბატონო ემზარ, ჩვენ სამივე მუნიციპალიტეტის წერილები და საქმისწარმოების მასალები სრულად შევისწავლეთ. მხოლოდ თქვენ წერთ, რომ თითქოს მერიამ უზრუნველყო სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება მერის წარმომადგენლების მეშვეობით. თითქოს მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეისწავლეთ და ამის შემდეგ დასთანხმდით  სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის 49 წლის ვადით გაცემის მიზნით, აუქციონის გამოცხადებას. სინამდვილეში არც რწმუნებულებისთვის დაგივალებიათ ამ საკითხზე რაიმე, არც მოსახლეობასთან ყოფილა შეხვედრები და არც არანაირი ინფორმაცია არ შეგისწავლიათ. ამასთან, თქვენ შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაშიც“ იყავით დასაქმებული 2020 წელს.

- კი ბატონო, ვიყავი სამი თვე.

- თქვენს მიერვე შევსებულ და საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული გაქვთ, რომ შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაში“ 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ბოლომდე მუშაობდით. არადა, ამ პერიოდში ონის არჩეული მერი იყავით.

- არა, არა, ეგ არ არის. რამდენიმე თვე ვიყავი და წამოვედი მერე, ონში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს ვიყრიდი. რა პრობლემაა ვერ გავიგე, გინდათ ესე იყოს, გინდათ, ისე.

- ის პრობლემაა, რომ მერობის პარალელურად ამ კომპანიაში მუშაობის უფლება არ გქონდათ. ინტერესთა შეუთავსებლობაა. გამოდის, გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ, კომპანიის ინტერესებს ატარებდით.

- რა მერობის პარალელურად?

- ქონებრივ დეკლარაციაში ასე გაქვთ მითითებული.

- მერიც ვიყავი და იქაც ვმუშაობდი? რეებს ლაპარაკობთ, ლოგიკასთან ახლოს ხომ უნდა იყოთ, რაღაცას რომ ამბობთ?

- ვეყრდნობით თქვენს მიერ წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციას.

- არ ვიცი, რას ამოწმებთ, მაგრამ სადღაც ლოგიკურად ხომ უნდა იაზროვნოთ? როგორ შეიძლება მერიც იყო და იქაც მუშაობდე.

- ზუსტად ამაზე ვცდილობთ თქვენგან განმარტების მიღებას.

- ხოდა გაარკვიეთ, რაღად უნდა მაგას... მე მაგალითად, თქვენს ადგილზე არ დავრეკავდი მაგ სისულელეზე, რომ მერიც იყო და იქ კიდევ გაფორმებული იყო იმის იმად. ხომ უაზრობაა?! არ ვიცი, შეიძლება რაღაც შეცდომაა [დეკლარაციაში], მაგრამ ლოგიკურად როგორ შეიძლება, ვინ მოგცემს მაგის უფლებას, რომ იყო მუნიციპალიტეტის მერი და დასაქმებული იყო სადღაც კომპანიაში.

- მრჩეველი რომ იყავით, რა იყო თქვენი ფუნქცია?

- რა მრჩეველი, რის მრჩეველი. როგორ ვიქნებოდი მერი და იქ მრჩეველი. ლოგიკასთან ახლოა?

- რას აკეთებდით შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაში“ მუშაობის დროს, რა იყო თქვენი ფუნქცია?

- ეგ რა თქვენი საქმეა მე როდის სად ვიყავი მერობის შემდეგ. [საბანაძემ ტელეფონი ისევ გათიშა. მას კიდევ ერთხელ დავუკავშირდით].

- ოფიციალურად გეუბნებით, რამდენიმე თვე ვიყავი მაგ კომპანიაში და წამოვედი მერე, დამთავრდა. დანარჩენი არანაირი შეხება არ მქონია მაგათთან. რაღა მაინც და მაინც მე გაინტერესებთ? აქ იყო ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი. ანალოგიურად ყველამ, როგორც მე, ისე ყველა მერმა ასე მოაწერა ხელი ამ იმას.

- სხვები ხომ არ მუშაობდნენ „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაში“? კი, ისინიც დასთანხმდნენ ტყეების გადაცემას, მაგრამ არ დაუწერიათ, რომ მოსახლეობას შეხვდნენ და მათგან თანხმობა მიიღეს. ყალბი ჩანაწერები მხოლოდ თქვენ გაქვთ წერილში შეტანილი. სინამდვილეში, არცერთ მუნიციპალიტეტში არ იცოდნენ მოქალაქეებმა, რომ თქვენი ხელშეწყობით ხელისუფლებამ პუტინის კარის ოლიგარქის პარტნიორს გადასცა 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით და ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისგან ფარულად იქნა მიღებული. სამსახურებრივ სიყალბეზე რატომ არ მოგთხოვეს პასუხი, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მამა იყავით?

- მერე რა, რომ არ მუშაობდნენ. მე არ ვმუშაობდი აქ, წამოვედი და ვიმუშავე, სამი თვე ვიყავი იქ მრჩევლად და წამოვედი, თუ რაღაცაზე, არ მომეწონა და წამოვედი. გაანებეთ თავი ამ სისულელეების ლაპარაკს.

- არსებობდა თუ არა თქვენსა და კომპანიას შორის შეთანხმება?

[საბანაძემ ტელეფონი კვლავ გათიშა].

ემზარ საბანაძე „ქართული ოცნებიდან“ ონის მერად 2017 წელს აირჩიეს. თანამდებობიდან ის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, 2020 წლის 5 აპრილს გადადგა.

პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის საქმეზე, „მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ გენერალურ პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ემზარ საბანაძისა და მისი პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის მიმართ, სამსახურებრივი სიყალბისა და ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

როგორც „მთის ამბებს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის და განცხადების შესწავლა მიმდინარეობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში