საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რაჭის ტყეების საქმეზე ონის ყოფილი მერის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:51 - 24 ივლისი 2023 hits 3878
დიმიტრი საყვარელიძე და ემზარ საბანაძე
ახალი ამბები
დიმიტრი საყვარელიძე და ემზარ საბანაძე

პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის საქმეზე, „მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ გენერალურ პროკურატურას მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ემზარ საბანაძისა და მისი პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის მიმართ, სამსახურებრივი სიყალბისა და ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

გარემოს დაცვის სამინისტრომ, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“, რომლის მეპატრონეც დავით ხიდაშელია, ტყეების გადაცემის გადაწყვეტილების მიღებამდე, პოზიციების წერილობით წარდგენა სთხოვა ლენტეხის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს. ონის მერმა ემზარ საბანაძემ საკითხის დადებითად გადაწყვეტაზე მყისიერი თანხმობა გასცა: „გაცნობებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება მერის წარმომადგენლების მეშვეობით. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, მერია თანახმაა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის საკითხი გადაწყდეს დადებითად“.

ანალოგიური შინაარსის წერილი ონის მერიამ სამინისტროს მეორედაც გაუგზავნა, რომელსაც ხელს აწერს მერიის პირველი მოადგილე, დიმიტრი საყვარელიძე: „გაცნობებთ, რომ ონის მერიამ უზრუნველყო მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება მერის წარმომადგენლის მეშვეობით. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, მერია თანახმაა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის 49 წლის ვადით გაცემის მიზნით გამოცხადდეს აუქციონი“.

„მთის ამბებმა“ ონის მუნიციპალიტეტის მერიიდან სრულად გამოითხოვა საქმისწარმოების მასალები, იმის დასადგენად, რას დაეყრდნო მერის ოფიციალური თანხმობა.

მერიას ერთი დოკუმენტიც არ აღმოაჩნდა, რაც დაადასტურებდა, რომ რწმუნებულებს ასეთი დავალება ნამდვილად მიეცათ, შეხვედრები ნამდვილად გაიმართა და მოპოვებული ინფორმაცია ვინმემ შეისწავლა.

ონისა და ამბროლაურის 30-ზე მეტ სოფელში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა „მთის ამბებს“ წერილობით დაუდასტურეს, რომ მათთვის არავის მიუწოდებია ინფორმაცია ლიცენზიის შესაძლო გაცემისა და რაჭის ტყეების 49 წლით სხვისთვის სარგებლობაში გადაცემის თობაზე. მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგია, რაჭის ტყეები ვინმეს, მითუფრო, რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირის მფლობელობაში ან სარგებლობაში გადავიდეს.

2023 წლის ივლისში, საგამოძიებო ფილმზე მუშაობისას, „მთის ამბებმა“ ჩაწერა ონის მერის წარმომადგენლები ღებისა და ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ორივე თემის სოფლების გარშემო მდებარე ტყეები ამჟამად უკვე გადაცემული აქვს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად.

მერის წარმომადგენლებმა ნოდარ გობეჯიშვილმა და პაატა ჯაფარიძემ „მთის ამბებთან“ ვიდეოინტერვიუში დაადასტურეს, რომ სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სპეციალური ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, მერის ან მერიის რომელიმე წარმომადგენლის მიერ, მათთან და შესაბამისად, არც მათი მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობასთან არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი სიყალბეა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ან გაცემა, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით.

აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე, სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე თანხმობის გაცემიდან 4 თვეში, ონის მერი ემზარ საბანაძე ხიდაშელის კომპანიის, „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ დირექტორად დაინიშნა და პირველივე 7 თვეში, ხელფასის სახით 32 ათასი ლარი მიიღო.

ემზარ საბანაძისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის მამა იყო, არავის მოუთხოვია პასუხი სამსახურებრივ სიყალბეზე, თითქოს მოსახლეობის ინფორმირება რწმუნებულების საშუალებით მოახერხა და მათგან თანხმობა მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ონის მერის ეს ქმედებები იძლევა ვარაუდის საფუძველს, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასა“ და ემზარ საბანაძეს შორის, ჯერ კიდევ მერად მუშაობის პერიოდში, გარკვეული შეთანხმების არსებობის შესახებ, რამაც ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, კომპანიის ინტერესები გატარება განაპირობა.

სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის თანახმად, ქრთამის აღებას წარმოადგენს მოხელის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება, აგრეთვე, სამსახურებრივი მფარველობა.

„მთის ამბებმა“ 17 ივლისს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება - რაჭის ტყეების ოკუპაცია. რაჭის ტყეები სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორს დავით ხიდაშელს მრავალი კანონდარღვევით გადაეცა - ამ ტყეებით მოსარგებლე ადამიანებისგან საიდუმლოდ, გარემოსდამცველების, სათემო ორგანიზაციების, მედიისთვის ფარულად. ათობით ათასი ჰექტრის გადაცემამ საფრთხე შეუქმნა რაჭველების კერძო საკუთრებას. ეს გადაწყვეტილება არღვევს როგორც ეროვნულ კანონებს, ისე ევროპულ კონვენციებს, ქმნის ეკოლოგიურ და ისტორიულ აბსურდებს - საკუთარი ნებით, საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებით გავაფორმოთ ოკუპანტის კონტროლი ქვეყანაში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში