საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ერთი ბავშვი მთაში - უპრეცედენტო დავა განათლების კონსტიტუციური უფლებისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:03 - 21 ივნისი 2023 hits 3637

მაისურაძე საქართველოში ყველაზე გავრცელებულ გვარებს შორის მე-4 ადგილზეა. ამ გვარის წარმოშობის ადგილას, რაჭის სოფელ წედისში კი მაისურაძეების ერთადერთი ბავშვებიანი ოჯახიღა ცხოვრობს. იმის გამო, რომ ოჯახს სხვაგან სახლი არ აქვს, ანასტასია მაისურაძე 6 წლის ისე გახდა, სკოლამდელი განათლება ვერ მიიღო. ანასტასიას ორი პატარა ძმა ჰყავს - 5 წლის გიორგი და 1 წლის ნიკოლოზი. ახლა გიორგიმ მაინც რომ შეძლოს სკოლამდელი განათლების მიღება, სამოქალაქო აქტივობების ცენტრს სასამართლოში სარჩელი შეაქვს და სოფელ წედისში, ერთი ბავშვისთვის საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვს.

წედისი ონიდან 16 კილომეტრშია, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მახლობლად. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, სოფლის კუთვნილ ათობით ჰექტარ სათიბ-საძოვარს წედისელები ვეღარ იყენებენ. ომიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რუსმა ოკუპანტებმა წედისის სათიბებში მამა-შვილი აბესალომ და მათე მაისურაძეები ხეზე რომ მიაბეს, ხარები კი წაიყვანეს.

ომის შემდგომ გაჩენილი შიშიც იყო წედისიდან, უფრო მეტად ახალგაზრდების წასვლის მიზეზი. 2002 წელს წედისში 163 ადამიანს უცხოვრია, 2014 წელს მხოლოდ 53-ს. აღწერიდან აღწერამდე, 12 წელში მოსახლეობა სამჯერ შემცირდა. ახლა ამდენიც აღარ ცხოვრობს, ზამთარში ოცამდე ადამიანი რჩება. ერთი ოჯახი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა, სოფლიდან სწორედ საბავშვო ბაღისა და სკოლის არქონის გამო აიყარა. წედისი გამონაკლისი არ არის. ონის რაიონის 49 სოფელში 6 წლამდე ასაკის ბავშვები რომ აღარ არიან, ერთ-ერთი მიზეზი, დასაქმების პრობლემასთან ერთად, სწორედ განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობის არქონაა.

ბავშვების განათლებისთვის წედისიდან წასვლას ფიქრობდა მათე მაისურაძეც, მაგრამ ვერ შეძლო. ოჯახი სოციალურად დაუცველია. წედისიდან უახლოესი საბავშვო ბაღი ქალაქ ონშია, ბინა იქ უნდა დაექირავებინათ. რაიონული ცენტრიდან სოფელში, მანქანა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციას ასრულებს, ორ კვირაში ერთხელ ადის. ონში გადაცხოვრება ოჯახის კიდევ უფრო მეტად გაღარიბებას ნიშნავდა. წედისში რამდენიმე სულ საქონელს უვლიან, კარტოფილიც მოჰყავთ.

ერთი ბავშვის გამო ბაღს ვერ გავხსნით, - წლების განმავლობაში ასეთია ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი მშობლების თხოვნაზე, რომ მათ შვილებსაც ჰქონდეთ სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა.

5 აპრილს, სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა ონის მერიას წერილით მიმართა და წედისთან ერთად, ღებსა და სორში მცხოვრები ბავშვებისთვისაც მოითხოვა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება. ღებში ხუთი, სორში კი ოთხი ბავშვია საბავშვო ბაღის მიღმა დარჩენილი.

ონის რაიონში სულ ორი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, ქალაქ ონში და სოფელ გლოლაში. წედისის მსგავსად, სორსა და ღებში მცხოვრები ბავშვებისთვის არცერთი არ არის ხელმისაწვდომი.

სოფელი ღები ონიდან 35 კილომეტრითაა დაშორებული. ორივე გზა 70 კილომეტრია. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ყოველდღიურად ამ მანძილის გავლა ძალიან ძნელია - იმ შემთხვევაშიც კი, მუნიციპალიტეტი რომ უზრუნველყოფდეს ბავშვების ტრანსპორტირებას.

რაც შეეხება სორს, სოფლიდან რაიონულ ცენტრამდე მანძილი 14 კილომეტრია. იმის გამო, რომ სორი ამბროლაური-ონის საავტომობილო გზისპირა სოფელია და ღებისგან და წედისისგან განსხვავებით, ნაკლებად ხასიათდება მკაცრი კლიმატური პირობებით,  დიდთოვლობით, რთული სამანქანო გზით, არასრულწლოვნების მშობლებს მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია, ბავშვებმა სკოლამდელი განათლება ონის საბავშვო ბაღში მიიღონ, თუ მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას.

ონის მერის პირველი მოადგილის გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის მუნიციპალიტეტის ყველა იმ სოფელში, სადაც ბაღს მიღმა დარჩენილი სკოლამდელი ასაკის ბავშვი იმყოფება, სასკოლო მზაობის ჯგუფები გაიხსნება. სასკოლო მზაობის ჯგუფი საბავშვო ბაღს არ ნიშნავს. მასში შესაძლებელია ბავშვების სწავლა 5 წლიდან სკოლაში შესვლამდე. აქ ბავშვს დღის განმავლობაში რამდენიმე საათი ამეცადინებენ.

მერიის ინფორმაციით, წელს დაიწყება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

გაუგებარია, რით არის დასაბუთებული ღარში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა (სატენდერო ღირებულებით 1 291 246 ლარი), როცა სოფელში ორ წლამდე ასაკის 6 და ორი წლიდან ზემოთ პირველ კლასში შესვლამდე ასაკის 3 ბავშვი ცხოვრობს.

მერია ვერ აკონკრეტებს, რა კვლევებს ან/და რა მონაცემებს ეყრდნობა ეს გადაწყვეტილება და რის საფუძველზე მოხდა საბავშვო ბაღის მშენებლობის დაგეგმვა 50 ბავშვზე, როცა, ამ რესურსით, შესაძლოა, სხვა სოფლებში (ღებში, სორში, წედისში) მცხოვრები 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც გამხდარიყო შესაძლებელი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება.

„რაჭის ამ სამ სოფელში მცხოვრებ ბავშვებს სკოლამდელ განათლებაზე ხელი რომ არ მიუწვდება, ეს არის საცხოვრებელი ადგილისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით მათი დისკრიმინაცია, რაც დაუშვებელია“, - ამბობს ვლადიმერ ქუთათელაძე, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის იურისტი.

კანონმდებლობა სკოლამდელი განათლების მიწოდებაზე პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტებს აკისრებს და არ განსაზღვრავს, სოფელში რამდენი ბავშვი უნდა იყოს, რომ საბავშვო ბაღი გაიხსნას. სკოლამდელი განათლების მიღება კონსტიტუციური უფლებაა და ის საყოველთაო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის. ამასთან, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ უფასო კვებით, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ეს არ არის პირველი სარჩელი საბავშვო ბაღების გახსნის დავალდებულების მოთხოვნით, რომლითაც სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა წელს სასამართლოს მიმართა, მაგრამ პირველია, როცა ორგანიზაცია სასამართლო დავას იწყებს მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ერთი ბავშვის სკოლამდელი განათლების უფლების რეალიზებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსაც ედავებოდა პეტიციების განუხილველობას, რომლითაც მოსახლეობა სოფლებში - ამამლოსა და ირგანჩაიში საბავშვო ბაღების გახსნას ითხოვდა. რაიონული სასამართლოდან სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა სარჩელი უკან მას შემდეგ გაიხმო, რაც დმანისის საკრებულომ პროცესზე დოკუმენტები წარადგინა, რომ ორივე სოფელში საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერები გამოცხადდა და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარი გამოიყო. თითოეულ სოფელში 125 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდება. სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა 18 მაისს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოსაც, ჭიათურის სოფლებში ვაჭევსა და ზედა ჭალოვანში საბავშვო ბაღების გახსნის დავალების მოთხოვნით. 

გასული წლის ბოლოს, საბავშვო ბაღების გახსნისა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა 11 მუნიციპალიტეტის საკრებულოში 16 პეტიცია წარადგინა. 11 მუნიციპალიტეტიდან 9-ში (ახალქალაქი, წალკა, დმანისი, საგარეჯო, ბორჯომი, საჩხერე, ჭიათურა, ცაგერი, ასპინძა) პეტიციის მექანიზმი პირველად იქნა გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ პეტიცია, როგორც მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა თვითმმართველობის განხორციელებაში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით 7 წლის წინ განისაზღვრა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ბოლოს მთავრობის სხდომაზე საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალი სამთავრობო პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბორჯომის, ტყიბულის, დმანისის, წალკის, საგარეჯოს იმ სოფლებში, სადაც ბაღების გახსნა პეტიციებით იყო მოთხოვნილი, მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა და დაახლოებით 25 მილიონი ლარი გამოყო.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში