საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ონის რაიონის 49 სოფელში 6 წლამდე ასაკის ბავშვები აღარ არიან - სპეციალური რეპორტაჟი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:33 - 03 აპრილი 2023 hits 26723

„ბაღი ჩემ ბავშვობაში იყო, 40-50 მაინც ვიქნებოდით. ახლა იქ საბანკეტო დარბაზია. საბანკეტო რა, სულ ქელეხებია. ახალგაზრდები კი არიან სოფელში, მაგრამ ვერ ქორწინდებიან. მე და ჩემ ბიძაშვილს გვყავს ბევრი შვილი, თორემ უმრავლესობას ცოლი არ ჰყავს, შვილი საიდან ეყოლება და თუ ჰყავს, ერთი ან ორი ბავშვი. ჩვენ ან ყველაზე ჭკვიანები ვართ, ან ყველაზე სულელები“

- ღები მთის რაჭაში ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია, 30 ბავშვით, პავლე და გია ბოხაშვილების ოჯახების წყალობით.

პავლეს 7, გიას კი 6 შვილი ჰყავს. მათგან ხუთი სკოლამდელი ასაკისაა. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლად კი ჩავწერეთ, რომ ყველას აქვს განათლების, მათ შორის, სკოლამდელი განათლების მიღების უფლება, მაგრამ ღებელმა ბავშვებმა არ იციან, საბავშვო ბაღი რა არის.

„აქ ბავშვები ყველაფერს მოწყვეტილები არიან. ამიტომაც მიდიან ახალგაზრდები სოფლიდან. ეს ორი წელია, რაც ჰესის მშენებლობა დაიწყო. მოდიან ზაფხულში ხელფასის გულისთვის, მიდიან ზამთარში. რა უნდა გააკეთოს, ახალგაზრდას რა პერსპექტივა აქვს აქ? არაფერი. საქონელი იყოლიონო, არ უნდა ყველას - საქონელს მოუაროს. ტურიზმის პერსპექტივა კი არის, მაგრამ ტურისტებს გარემონტებული სახლი უნდათ. კარგი პირობების შექმნას ფული სჭირდება, თანხა არ არის. ბანკში მიხვალ, უნდა გაგატყაონ. გრანტს არავინ გაძლევს, არანაირ პრიორიტეტს არ განიჭებენ. გარბის ხალხი ქალაქში. პირველი შემთხვევაა, ზამთარში მანქანით ჩემ ეზოში რომ მოხვედით. სამხიდიან მანქანას ვერ ვატოკებთ ხოლმე. გზა ისე იკეტება. ზოგჯერ ვერ ვიკვლევ, ბავშვები სკოლამდე რომ ჩავიყვანო. წინა წლებში თოვლი 2 მეტრს აღწევდა ან აღემატებოდა. აღარც მასწავლებელს უნდა აქ ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასს მთის დანამატი აქვს. ერთ მასწავლებელს რომ ხუთ საგანს ჩააბარებ, ის სწავლა აღარ არის“, - პავლე ჯერ არა, მაგრამ გია ბოხაშვილი უკვე ეძებს ადგილს ან ბინას, ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ ონში ან ონთან ახლოს მაინც რომ გადავიდეს:

„რამდენიმე წლის წინ მოვითხოვეთ საბავშვო ბაღი. გაკეთდებაო. აბა, გაკეთდა? იმის მერე არც მიგვიკითხებია. სკოლის გარდა აქ არაფერია. ბავშვებს სხვა ინტერესებიც აქვთ, სპორტზე სიარული უნდათ, მუსიკაზე, განვითარება. იმიტომაც ვცდილობ, რომ ონში სახლი ან რამე ვიყიდო და იქ გადავიდე ბავშვების გამო. ნამდვილად არ მინდა აქედან წასვლა, მაგრამ ბავშვებს სწავლა უნდათ. ყველაფერს მოკლებულები არიან. სუფთა ჰაერი და კარგი ბუნება გვაქვს, მთაც, მდინარეც, თოვლიც, მაგრამ აღარ არის ეს საკმარისი, სხვა დროა. ამიტომაც დაიცალა სოფლები. ჩახვალ თბილისში, აღარ ეტევა აღარც მანქანა, აღარც სახლი“.

ღებამდე სოფელი ჭიორაა. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის დოკუმენტი ჭიორაში 116 ადამიანს ითვლის. ბოლო 8 წელში, მუდმივად მცხოვრებთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა. სკოლამდელი ასაკის 2 ბავშვი, ორი და ოთხი წლის, მხოლოდ ვაჟა გობეჯიშვილს ჰყავს. სკოლაშიც მხოლოდ ხუთი მოსწავლეღაა, არადა, შენობა 150 ბავშვზეა გათვლილი. მე-5 კლასში სამი ბავშვია, მე-6 და მე-7 კლასებში თითო-თითო.

„სოფელში 35 წლამდე ასაკის 10-ზე მეტი ახალგაზრდა მაინც არის, ცოლ-შვილი რომ არ ჰყავს. ყველა ერთმანეთის ახლობელი და ნათესავია. ახალგაზრდები ძირითადად არ გადიან აქედან, სოფელში არიან ჩაკეტილები. სტაბილური შემოსავლის არქონასთან ერთად, დაუქორწინებლობის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა.

ახლა, რაც ჰესის მშენებლობა დაიწყო, სეზონურად მაინც მუშაობენ. ეგ სეზონური სამუშაოც რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ახალგაზრდები საერთოდ აღარ ყოფილიყვნენ“, - გვიხსნის ვაჟა, რომელიც სოფელში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელია. მასწავლებელს და რწმუნებულს თუ არ ჩავთვლით, სოფელში სხვა სტაბილური სამსახური არც არის.

ღები და ჭიორა ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე სოფლებია. „ერთი, ორი, სამი, ოთხი უღელტეხილია ღებისა და ჭიორის მონაკვეთზე, ისეთი, ზაფხულში თავისუფლად რომ გადავა და გადმოვა ადამიანი. საზღვარი თუ დაიცალა ხალხისგან, მარტო მესაზღვრე რას უშველის? მართალია, მათი, ჩრდილოეთ ოსეთის მთის სოფლებიც დაცლილია, მაგრამ ახლა სხვანაირი სტრატეგიით მოდიან“, - პავლე, ბოლო დროს, რაჭაში ერთბაშად თავმოყრილ რუსულ ინტერესებსა და თბილისსა და მოსკოვს შორის დამთბარ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს გულისხმობს.

ღებში მთელი სოფელი წინააღმდეგია, საქართველოს მთავრობამ, რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორს, დავით ხიდაშელს რომ გადასცა. მტკიცე უარია ერთადერთი პასუხი მამისონის უღელტეხილის ქვეშ საავტომობილო გვირაბის გაბურღვის საკითხის განხილვაზეც კი - „როკის გვირაბი რომ არა, შესაძლოა, ერთით ნაკლები ოკუპირებული რეგიონი გვქონოდა“.

ვინ დახვდება? - პავლე ბოხაშვილი მურმან ლებანიძის ცნობილ ლექსს („მეშინია“) იშველიებს:

  • ვაითუ ვინმეს მოეწონოს ეს სოფლები
  • ვაითუ ვინმე მოვიდეს და დაესახლოს!

დახვდნენ და ამიტომაც ვეღარ გადმოდიან რუსი სამხედროები კიდევ უფრო აქეთ, წედისში. ათობით ჰექტარ სათიბ-საძოვარს კი წედისელები ვეღარ იყენებენ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ. ომიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რუსმა ოკუპანტებმა წედისის სათიბებში მამა-შვილი აბესალომ და მათე მაისურაძეები ხეზე რომ მიაბეს, ხარები კი წაიყვანეს.

ომის შემდგომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელში გაჩენილი შიშიც იყო, წედისიდან, უფრო მეტად ახალგაზრდების წასვლის ერთ-ერთი მიზეზი. 2002 წელს წედისში 163 ადამიანს უცხოვრია, 2014 წელს მხოლოდ 53-ს. აღწერიდან აღწერამდე, 12 წელში მოსახლეობა სამჯერ შემცირდა. ახლა ამდენიც აღარ ცხოვრობს. „ზამთარში ოცამდე ვრჩებით“, - გვეუბნება მედიკო მაისურაძე, წედისის მუდმივი მცხოვრები და სკოლის ყოფილი დირექტორი. წედისის სკოლას ბოლო მოსწავლე 2011 წელს ჰყავდა, მერე დაიხურა, სოფელში ბავშვი აღარ იყო. შენობას დღემდე პატრონობს, იქნებ, იმედის სხივი გამოჩნდესო. გამოჩნდა კიდეც. „ზემოთ უბანში ორი ბავშვი შეეძინათ, მაგრამ საბავშვო ბაღი რომ არ იყო, ონში გადავიდნენ საცხოვრებლად. ვერც გაამტყუნებ. მე და ჩემი ასაკის ადამიანებსაც არ გვივლია ბაღში, ისე მივდიოდით სკოლაში, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, დღეს სხვა საჭიროებებია. ამჟამად მათე და მარიამ მაისურაძეებს ჰყავთ სამი ბავშვი - ერთი უკვე გახდა 6 წლის და სკოლაში უნდა მივიდეს, მეორე 4 წლის არის, მესამე ერთ წლამდეა“.

მაისურაძეების ერთადერთი ბავშვებიანი ოჯახი მეორე წელია სოფელში საბავშვო ბაღის გახსნას იხვეწება. სხვაგან საცხოვრებელი არ აქვთ, თორემ აღარც ეს ბავშვები შემორჩებოდნენ წედისს.

„ბევრი პრობლემაა წედისში, უტრანსპორტობაც - რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტი ორ კვირაში ერთხელ დადის, ზოგჯერ ისიც არ არის. ადრე კვირაში ერთხელ იყო. გაერომ მანქანა გვაჩუქა, მაგრამ მუნიციპალიტეტის მერიამ წაიღო, ჩვენ უკეთ მოვუვლითო და თვითონ დადიან. საქონლის მოვლა და მოსავლის მოყვანაც ხელით გვიწევს, ჯერ კიდევ ხარებით ვხნავთ, ტექნიკა არ არის. ამიტომაც წავიდნენ ახალგაზრდები. 10-12 მაინც, კიდევ იქნება დარჩენილი სოფელში, 40 წლამდე, მაგრამ ყველა დაუქორწინებელია“, - სოფლის დაბერებისა და გაქრობის საფრთხის შესამცირებლად, მედიკო მაისურაძე, გამოსავალს, წედისში საბავშვო ბაღისა და სკოლის გახსნაში ხედავს - „თუ არ იქნა, ეს ერთადერთი ბავშვიანი ოჯახიც წავა აქედან და აღარავინ მოვა“.

6 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლამდელ განათლებაზე ხელი რომ მიუწვდებოდეთ, ეს მთლიანად მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა. „მთის ამბების“ მიერ ონის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, წედისში საბავშვო ბაღის გახსნა დაგეგმილი არ არის. გადაწყვეტილების მიმღები პირები პატარა სოფლებში საბავშვო ბაღის გახსნაზე უარის მიზეზად, ხშირად ბავშვების არასაკმარის რაოდენობას უთითებენ. საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ ხაზს უსვამს, რომ სკოლამდელი აღზრდა და განათლება არის საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის. კანონი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად აღსაზრდელთა საჭირო მინიმალური რაოდენობის ზღვარს არ ადგენს.

ონის მუნიციპალიტეტში სულ ორი საბავშვო ბაღია - ქალაქ ონში, 82 აღსაზრდელით და სოფელ გლოლაში 7 ბავშვით. ონის ბაგა-ბაღმა წელს სასკოლო მზაობის ცენტრები გახსნა უწერასა და ჭიორაში. პროგრამა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველდღიურად მხოლოდ სამსაათიან მეცადინეობას მოიცავს, რაც სრულყოფილ საბავშვო ბაღს ვერ ანაცვლებს.

არასაკმარისი კონტინგენტი - უმეტესად, სწორედ ამ საბაბით ვერ იღებენ სკოლამდელ განათლებას ბავშვები რაჭის დაცლილ სოფლებში.

მთელ რაიონში, სოფლად, 6 წლამდე ასაკის სულ 61 ბავშვია: ღებში 5, ჭიორაში 2, გლოლაში 11, უწერაში 2, ჯინჭვისში 7, ლაგვანთაში 6, საკაოში 5, ღარში 9, კომანდელში 2, ჟაშქვაში 1, ცხმორში 3, ქვედრულაში 1, წედისში 2, კვაშხიეთში 1, სორში 4.

49 სოფელში 6 წლამდე ასაკის ბავშვები აღარ არიან.

ღებისგან და ჭიორისგან განსხვავებით, სორი ამბროლაური-ონის დამაკავშირებელი გზისპირა სოფელია, მაგრამ მაინც დაცლილი. სორის საშუალო სკოლას 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით არცერთი მოსწავლე აღარ ჰყავს. მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში თითო-თითო ბავშვია, მე-9-ში ორი, ერთი მოსწავლე ახლახან შეუერთდათ ქალაქ რუსთავიდან.

რუსუდან მეტრეველი 1993 წლიდან ამ სკოლაში მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, 2004 წლიდან კი დირექტორია. ახსოვს, როცა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სორის სკოლა 150 მოსწავლეს ითვლიდა - სორიდან, გადამშიდან, ჭვებარიდან, ფარახეთიდან, შარდომეთიდან და სხვა სოფლებიდან. გადამშში დაწყებითი სკოლა ცალკე ჰქონდათ. ახლა ქალაქ ონიდან ამბროლაურის რაიონამდე ეს ერთადერთი სკოლაა.

ლევან კერვალიშვილი თბილისიდან რაჭაში, მამაპაპისეულ სახლში საცხოვრებლად, ხუთი წლის წინ დაბრუნდა. იონა მაშინ 3 თვის იყო, მეორე შვილი - ისაია, სორში ცხოვრებისას დაიბადა. ბევრი პრობლემიდან, რაც რაჭაში ახალდაბრუნებულ ოჯახს აქვს, ლევანი პირველ რიგში სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის არქონას გამოჰყოფს. სორში სკოლამდელი ასაკის ორი ბავშვი კიდევ ერთ ოჯახს ჰყავს. ლევანს მერიიდან შესთავაზეს, რომ სკოლის შენობის ერთ ოთახში სასკოლო მზაობის პროგრამას გახსნიდნენ, რაზეც უარი თქვა.

„ბაღის მთავარი მიზანი უნდა იყოს ბავშვის განვითარება, სკოლისთვის მომზადება, რაც ითვალისწინებს ინტელექტუალურ, ფიზიკურ, შემეცნებით, შემოქმედებით განვითარებას, ინდივიდუალური და გუნდური თვითგამოხატვის უნარების გამოვლენას, სოციალიზაციას, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დღეისათვის რაჭაში მცხოვრებ ბავშვებს. ძალიან გამიხარდება, რომ ჩემ სოფელში ბაღი და სკოლა იყოს, ბევრმა ბავშვმა იაროს. თუ ვინმეა ამ სოფლის და კუთხის პატრიოტი, ერთ-ერთი მეც ვარ, მაგრამ არავინ ჩანს ახლა, ვინც აქ მობრუნებას და დასახლებას აპირებს ოჯახთან ერთად. ამ პირობებში მართლა ძალიან მეცოდებიან ბავშვები. როცა იონა სასკოლო ასაკის გახდება, მაგ დროს, სორის სკოლაში 2 მოსწავლე იქნება. კლასში კი არ მოუწევს მარტო ყოფნა, სკოლაშიც მარტო რჩება. ვიღაც ფიქრობს, რომ ბავშვისთვის ეს კარგია, მასწავლებელი მთელ დროს მას დაუთმობს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ. ბავშვი კონკურენტულ გარემოში უნდა იყოს. ერთბავშვიანი და სამბავშვიანი სკოლები და ბაღები არ არის იმ შედეგის მომტანი, რასაც სკოლამდელი ან სასკოლო განათლება უნდა აძლევდეს ბავშვებს. რა თქმა უნდა, სორს აქვს ისეთი მდებარეობა, რომ ბავშვები შემიძლია ონის ბაღში ან სკოლაში ვატარო.

რაც შეეხება მაღალმთიან სოფლებს, რომლებიც რაიონული ცენტრიდან შორსაა, სადაც სხვა გზა და გამოსავალი არ არის, იქ გამართლებული კი არა, აუცილებელია ბაღის და სკოლის გახსნა. ოღონდ, იქაც იმით არ უნდა დამთვრდეს, რომ ბავშვი ბაღში დადის. ამ ბავშვებს ხელს სხვაგვარადაც უნდა უწყობდნენ. კვირაში ერთხელ მაინც, შეიძლება ისინი რაიონში ჩაიყვანონ, ერთი დღე იქ გაატარონ ბაღში, სხვადასხვა წრეზე ატარონ, რაიმე აქტივობით დატვირთონ“

 - ლევანმა იცის, რომ თუ ის თავის შვილებს სორის სკოლაში არ შეიყვანს, შესაძლოა, სოფელში სკოლა დაიხუროს, რაც მისთვის მტკივნეულია, მაგრამ „მეორე მხრივ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ზვარაკად ვერ შევწირავ ჩემ შვილს. რომ ვხედავდე პერსპექტივას, თუნდაც 4-5 წელში ვინმე საცხოვრებლად დაბრუნდება და ბავშვები მომრავლდებიან, შეიძლებოდა მეფიქრა, მაგრამ ამ სოფელს ეს პერსპექტივა არ აქვს“.

2021 წლის მონაცემებით, ონის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 5500-მდე ადამიანი ცხოვრობდა, 630-ით ნაკლები 2014 წელთან შედარებით. 2022 წელს ონის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 47 ბავშვი დაიბადა, გარდაიცვალა 134 ადამიანი. სიკვდილიანობა შობადობას თითქმის სამჯერ აღემატება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში