საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთავრობამ პარაპლანით ფრენის დროებითი წესი დაამტკიცა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:04 - 08 მაისი 2023 hits 1873

მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე დროებითი წესი დაამტკიცა, რომელიც საქართველოში პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს არეგულირებს. დროებითი წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე გარკვეული მოთხოვნები განისაზღვრება.

პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა.

დროებითი წესი პარაპლანით ფრენებს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე დაარეგულირებს.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, პარაგლაიდინგის ფედერაცია, რომელიც ამ წესის შემუშავებაში იყო ჩართული, ხდება გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია:

„ამ წესის მიღების შემდეგ, ვერცერთი ინდ. მეწარმე, იურიდიული პირი ვერ განახორციელებს ფრენას, თუ თვითონ მფრინავი არ არის პროფესიონალი - არ აქვს ჩაბარებული გამოცდა; ასევე, ამ წესის თანახმად, თავად აპარატურა უნდა იყოს გამართული.

ეს თითქოს ელემენტარული რაღაცებია, მაგრამ აქამდე გაწერილი არ იყო, ანუ ვალდებულება არ არსებობდა, რომ გამართული აპარატურით ეფრინათ სხვადასხვა პირებს. მეორე, ის, ვინც არის ფრენაზე პასუხისმგებელი, სავალდებულოდ ყოფილიყო ამ საქმის მცოდნე. შემოდის ასევე მონიტორინგი, რომელსაც ფედერაცია განახორციელებს. ფედერაციაზე კი სახელმწიფო ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს საჰაერო ნავიგაციის დეპარტამენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ფუნქციად, რომ როდესაც ფედერაცია განსაზღვრავს ფრენისათვის ვარგის არეალებს, რომლის მიღმა ფრენა იქნება აკრძალული, სწორედ ამ არეალის ფარგლებში წესების დაცვაზე პასუხისმგებელი იყოს ფედერაცია და საჭიროების შემთხვევაში ამ წესების აღსრულების საკითხში ფედერაციას დახმარება აღმოუჩინოს შსს-მ; ასევე, ამავე სამინისტრომ უზრუნველყოს ის, რომ აღკვეთოს მოცემული არეალების მიღმა ნებისმიერი ფრენა, რომელიც უკანონო ფრენა იქნება“.

მინისტრის თქმით, პარაგლაიდინგის ფედერაციას ერთი თვის ვადა მიეცა კომისიის შესაქმნელად და სხვადასხვა მონიტორინგის პროცედურის დასანერგად.

2022 წლის 29 ივლისს, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი „მი 8“ ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი. დაიღუპა ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი. ვერტმფრენს გამოცდილი მფრინავი ზაზა ლორია მართავდა. ეკიპაჟის წევრებს შორის იყვნენ დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი. ბორტზე იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ქეთევან გულაღაშვილი, გიორგი ვენეცკი, მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა.

ვერტმფრენის დახმარებით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტის და მისი თანმხლები პირის სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენს კუდა ხრახნი დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც ვერტმფრენმა მართვა დაკარგა. ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქების შედეგად ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა.

ტრაგედიის შემდეგ მთელს საქართველოში შს მინისტრმა პარაპლანით ფრენა აკრძალა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზად მისი შესაძლო გაუმართაობაც დასახელდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო და თქვა, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენზე ძველი კუდა-ხრახნები ახლებით 2022 წლის მარტში ჩანაცვლდა, საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესების საფუძველზე და ამ წესების სრული დაცვით.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, მაგრამ საზოგადოებისთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში