საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კონფლიქტი ქართველ და უცხოელ სათხილამურო ინსტრუქტორებს შორის გუდაურში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:43 - 19 იანვარი 2023 hits 26483

„ადვილია თბილისიდან წეროთ, რომ ტომობრივი კანონები გვაქვს და ამით მთიულებს შეურაცხყოფა მოგვაყენოთ. ვითომ უცხოელებს ყელის გამოჭრით ვემუქრებით, თავს ვესხმით, მაგრამ არაფერი ჰკითხოთ ადგილობრივ მცხოვრებლებს - რატომ ვითხოვთ ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას, რომ უცხოეთიდან, რუსეთიდან ე.წ. ინსტრუქტორების მასობრივად შემოსვლის გამო, ჩვენ, ვინც მთიულეთში ვცხოვრობთ, გამოცდილებაც გვაქვს და ინსტრუქტორის მოწმობაც, უმუშევრად და შემოსავლის გარეშე არ დავრჩეთ, ჩვენც არ მოგვიწიოს აქედან აყრა და ემიგრაციაში წასვლა“

- 50 წლის ანზორ ბედოიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედონის მკვიდრია. ოთხი შვილი ჰყავს. ოჯახის შემოსავალი გუდაურში მისი ინსტრუქტორად მუშაობით მიღებული ანაზღაურებაა. მთიულეთის სოფლებიდან - ბედონიდან, მლეთიდან, არახვეთიდან, სეთურებიდან, ქვეშეთიდან, ჯაღმიანიდან, ზაქათკარიდან, კაიშაურებიდან, ფასანაურიდან, გუდაურიდან, ხადის ხეობიდან, ყაზბეგიდანაც ახალგაზრდები წელიწადის ყველა დროს პარაპლანისტებად მუშაობდნენ, 70-მდე ახალგაზრდა კი ზამთარში სათხილამურო ინსტრუქტორად იყო დასაქმებული.

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური ტურისტებისთვის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. 2018-2019 წლების ზამთრის სეზონზე საქართველოს მთის კურორტებს 603 253 მომხმარებელი ჰყავდა, აქედან ყველაზე დიდი წილი გუდაურზე მოდის.

2022 წლის 29 ივლისს, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი შვეულმფრენის ჩამოვარდნისა და ბორტზე მყოფი რვავე ადამიანის დაღუპვის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა არამხოლოდ გუდაურში, მთელს საქართველოში პარაპლანით ფრენა აკრძალა. ქვეყანაში 250-ზე მეტი მფრინავი უმუშევარი დარჩა, აქედან ასამდე მაინც გუდაურში საქმიანობდა. ბევრმა მათგანმა, რომელსაც გამოცდილება სათხილამურო სპორტშიც ჰქონდა და პირველი დონის სასწავლო კურსიც გავლილი აქვს, მუშაობის გაგრძელება სათხილამურო ინსტრუქტორად სცადა.

ამ თემაზე - რის საფუძველზე აკრძალა შს მინისტრმა საქართველოში პარაპლანით ფრენა

წელს გუდაურში სათხილამურო სეზონი 11 იანვარს გაიხსნა. ხელოვნური გათოვლიანების შედეგად, მხოლოდ ორი სასრიალო ტრასა ფუნქციონირებს. უთოვლობის გამო კურორტზე შედარებით ცოტა ვიზიტორია, ინსტრუქტორები კი ბევრნი არიან. ქართველ და უცხოელ მწვრთნელებს შორის დაპირისპირება, რომელიც წელს არ დაწყებულა, თუმცა უფრო გამწვავდა, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და ავსტრალიამდეც ჩააღწია.

ABC NEWS, რომელსაც Facebook-ზე 4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ავსტრალიის ყველაზე სანდო მედია ორგანიზაციად არის მოხსენიებული, წერს, რომ ათობით უცხოელს, მათ შორის, ზოგიერთ ავსტრალიელს, აღმოსავლეთ ევროპის სათხილამურო კურორტზე მუშაობის საშუალება არ ეძლევა.

„ყოველთვის, როდესაც საერთაშორისო ინსტრუქტორები ცდილობდნენ გაკვეთილის ჩატარებას, მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ დონემდე, რომ ვეღარ ასწავლიდნენ. ფიზიკურად გვაშინებენ, გვემუქრებიან, ცდილობენ ჩვენი საშვების წართმევას, აღჭურვილობის ჩამორთმევას და არ გვაძლევენ საშუალებას, კლიენტებს ვასწავლოთ. ბოლო დღეებში სიტუაცია გაუარესდა“

- ციტირებს ABC სათხილამურო სკოლის უფროსი ინსტრუქტორის ტრისტრამ ტოდის კომენტარს, სადაც ის ამბობს, რომ არ აქვს ოპტიმისტური მოლოდინი, გუდაურში მყოფი 100-მდე უცხოელი ინსტრუქტორისთვის სასარგებლო გამოსავალი მოიძებნოს: „არა მგონია, რომ უახლოეს წლებში ადამიანებმა აქ ჩამოსვლა გადაწყვიტონ ამ სასაცილო სიტუაციის გამო“.

ABC წერს, რომ საერთაშორისო ინსტრუქტორებმა ადგილობრივ პოლიციასაც მიმართეს, მაგრამ, ამან სიტუაციას ვერ უშველა. გარდა ამისა, მათ წერილები საელჩოებსაც გაუგზავნეს. „ყველა ჩვენგანი შეშფოთებულია, რადგან მუშაობის კანონიერი უფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციის მიუხედავად, არ გვაქვს გარანტია, რომ თუ ამ ქვეყანაში მუშაობას გავაგრძელებთ, უსაფრთხოდ ვიქნებით“, - ნათქვამია წერილში.

 

14 იანვარს გამოქვეყნებულ ვიდეოში პოლონელი ინსტრუქტორი ამბობს, რომ ქართველებმა გონდოლის შესასვლელი გადაკეტეს და არ უშვებდნენ. ვიდეოდან ჩანს, რომ უცხოელმა ინსტრუქტორებმა დახმარებისთვის იქვე მყოფ საპატრულო პოლიციას მიმართეს:

ინსტრუქტორი: უკაცრავად, თავს მესხმიან (ინგლისურად მიმართავს).

პოლიციელი: რუსულად ილაპარაკეთ.

ინსტრუქტორი: ინგლისურად შემიძლია დაგელაპარაკოთ, საერთაშორისო ენაა.

პოლიციელი: რუსულად ილაპარაკეთ.

ინსტრუქტორი: რუსულად მეც ვსაუბრობ. (საუბარს იწყებს რუსულად) იქ ბიჭები თავს დამესხნენ, გონდოლასთან, 4-5 კაცია.

პოლიციელი: რა გითხრეს, დაგარტყეს?

მეორე ეპიზოდის მიხედვით, უცხოელი ინსტრუქტორი ქართველებს, რომლებიც მას გონდოლისკენ არ უშვებენ, ეუბნება, რომ გადახდილი აქვს სათხილამურო საშვში, იუსტიციის სახლში დარეგისტრირდა ინდმეწარმედ, დაიქირავა ბინა და მუშაობა სურს.

- შეგიძლია მარტო ახვიდე და ისრიალო, პასუხობს მას ქართველი ინსტრუქტორი.

- კი, მაგრამ, რა პრობლემაა? აქ მუშაობას ვგულისხმობ.

- შეგიძლია მარტო წახვიდე და ისრიალო, გასაგებია?

- და რა მოხდება, თუ  კლიენტებთან ერთად ვისრიალებ?

- აქ ვერ იმუშავებ.

- რატომ? ამიხსენით. მაქვს კანონიერი ნებართვა მთავრობისგან, იუსტიციის სახლისგან. წესს უნდა დაემორჩილოთ“.

ელიოტ ბერკოვიცი, რომელსაც საქართველოში ტურისტები ისრაელიდან ჩამოჰყავს, სოციალურ ქსელში წერს, რომ „თავს ადგილობრივების ბანდები ესხმიან და ნებისმიერ არაადგილობრივ სათხილამურო ინსტრუქტორს ხელს უშლიან საქმის კეთებაში“.

„გუდაურის სათხილამურო კურორტი სასრიალოდ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია მსოფლიოში. საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიციამ კარგად იცის იქ პრობლემების შესახებ, მაგრამ არაფერს აკეთებს. მათი პასუხია - „აქ რომ ასწავლოთ, ინსტრუქტორის ადგილობრივი ლიცენზია გჭირდებათ“ და „ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ინდივიდების მოქმედებებს“. მთავრობა არცერთ არა მოქალაქეს არ აძლევს უფლებას, გამოცდა ჩააბაროს. შესაბამისად, ისინი ვერაფერს მიიღებენ გარდა საერთაშორისო ლიცენზიებისა, რომელიც ყველას გააჩნია. ველაპარაკე მთის ტრასების სააგენტოს ადმინისტრაციას და ამბობენ, რომ ვერაფერს გააკეთებენ. პოლიციელები ადგილობრივი ბანდის წევრებს ეხუტებიან და თითს არ ატოკებენ ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

გუდაურში და ზოგადად საქართველოს ეკონომიკაში, ტურიზმში, ყოველწლიურად დაახლოებით 500 000 აშშ დოლარი შემაქვს ჩემი მრავალრიცხოვანი სათხილამურო ტურებით. ასევე SkiDeal ასობით სტუმარს აგზავნის. რა აქვთ მათ საერთო? ქართულად ვერ საუბრობენ და სჭირდებათ ინსტრუქტორი, რომელმაც იცის ინგლისური ან ჰიბრუ (ებრაული ენა). ადგილობრივ ინსტრუქტორებს შორის, ალბათ, 10 ლაპარაკობს ინგლისურად. უცხოელი ინსტრუქტორებისა და უსაფრთხოების გრძნობის გარეშე, იძულებული ვიქნები, ჩემი ბიზნესი სხვაგან გავაკეთო. არა მგონია, რომ მოულოდნელად ათასობით სტუმრის დაკარგვა ეკონომიკისთვის კარგი იყოს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კურორტების ასაშენებლად მილიარდები დაიხარჯა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვკითხეთ, გუდაურში მომხდარ ინციდენტებზე არის თუ არა დაწყებული გამოძიება. სამინისტროდან პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა მედიაში ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ, გუდაურის პოლიციაში, 18 იანვარს, ინციდენტის რამდენიმე მონაწილე გამოკითხეს.

„ჩვენ მხოლოდ საბაგიროებისა და სათხილამურო ტრასების მოვლა-პატრონობა გვეხება“, - ასეთია მთის ტრასების სააგენტოს პოზიცია. უწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკუთვნის.

შალვა აბრამიშვილი, რომელიც მეოთხე წელია სათხილამურო სკოლა „გუდაურას“ მართავს და ამჟამად 10 ქართველი ინსტრუქტორი ჰყავს, კურორტზე შექმნილი პრობლემის მთავარ მიზეზად უკონტროლობას ასახელებს.

„150 ქართველი ინსტრუქტორი ვიქნებით გუდაურში, ამდენივე უცხოელი. კურორტს ერთდროულად დაემატა ასზე მეტი უცხოელი ინსტრუქტორი. ისრაელიდან, რუსეთიდან არის საკმაოდ დიდი შემოდინება. რუსულმა სკოლამ შემოიყვანა თავისი ინსტრუქტორები, აღჭურვილობაც შემოიტანა, საკვებსაც თვითონ ამზადებენ, მძღოლიც რუსეთიდან ჰყავს, სახლი აქვს მხოლოდ ნაქირავები. რით სარგებლობს ჩვენი ქვეყანა? დასაქმებითაც კი არავის ასაქმებს. მეტი რესურსი აქვთ რეკლამირების კუთხითაც, ვებგვერდები აქვთ, სოციალურ ქსელებშიც მეტ ფულს ხარჯავენ. 300-დან 500 ლარამდეა გუდაურში ინსტრუქტორის დღიური ანაზღაურება. ამიტომ მოდიან. კვალიფიკაციას არავის უთანხმებენ, არც გადასახადებს იხდიან.

არ არის საუბარი იმაზე, რომ უცხოელმა ინსტრუქტორებმა გუდაურში არ იმუშაონ, მაგრამ იმის გამო, რომ არაფერი კონტროლდება, სახელმწიფო არავის არაფერს სთხოვს, ქართველი ინსტრუქტორები აღმოჩნდნენ უცხოელი ინსტრუქტორების და მეტი რესურსების მქონე სკოლების პირისპირ, არაკონკურენტუნარიან გარემოში. ადამიანებმა დაიწყეს ბრძოლა თავისი უფლებებისთვის, რომ გადარჩნენ.

გამოსავალი იმაშია, რომ კანონმდებლობით დარეგულირდეს“.

ტურიზმის შესახებ ახალ კანონს, რომლის განხილვაც პარლამენტს ჯერ არ დაუწყია, ტურიზმის სექტორში მთელი რიგი რეგულაციები შემოაქვს. სავალდებულო ხდება ტურისტული საქმიანობების სუბიექტების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, მათ შორის, გიდების. სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლები ტურისტებს სერტიფიცირების გარეშე ვეღარ მოემსახურებიან. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ადგილებში ტურისტულ გიდად მუშაობის უფლება მხოლოდ ოფიციალური სამკერდე მოწმობის მფლობელ პირებს ექნებათ. ამ მოწმობას კი პირი ვერ მიიღებს, თუ მას კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნება. კანონპროექტი დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის 3000 ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებს.

ამ თემაზე:

კონფლიქტი გუდაურში ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის

პოლიციამ გუდაურში მომხდარი ინციდენტის გამო 4 პირი დააკავა

ჩვენი მოთხოვნაა, რუსი და უკრაინელი პარაპლანისტები გუდაურიდან წავიდნენ - გიგა სეთურიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში