საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კონფლიქტი გუდაურში ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:50 - 09 ივნისი 2018 hits 31293
არქივის ფოტო
ბიზნესი
არქივის ფოტო

დაბა გუდაურში ქართველმა პარაპლანისტებმა რუს მფრინავს, ფიოდორ ჩელიშევს სცემეს. დაზარალებულს ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. რუს მფრინავს ცხვირიც გატეხილი აქვს.

საქართველოს პარაპლანისტთა ფედერაციის ხელმძღვანელის ირაკლი კაპანაძის განცხადებით, ჩელიშევი ქართველმა პარაპლანისტებმა საკუთარი ავტომობილიდან იმ დროს გადმოათრიეს, როცა ის გუდაურში ასაფრენი მოედნისკენ მიემართებოდა.

„რატომ არის რომ სულ შენ გყავს კლიენტები და ჩვენ არ გვყავსო. არ შეუშვეს ასაფრენ მოედანზე, გადმოათრიეს მანქანიდან და სცემეს. გუდაურელ და უცხოელ მფრინავებს შორის ჩხუბი ფულის გამო ჩვეულებრივ ამბად იქცა. ვერ გაინაწილეს და ახლაც სცემეს. ეს არ არის კონფლიქტის პირველი ასეთი შემთხვევა“, - უთხრა „მთის ამბებს“ ირაკლი კაპანაძემ.

ქართველი პარაპლანისტები, რომლებიც დღეს მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ, საქართველოს პარაპლანისტთა ფედერაციის წევრები აღარ არიან. მათ ცალკე ფედერაცია აქვთ შექმნილი.

უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დღეს მომხდარი ინციდენტის ნაწილს ასახავს, რუსი პარაპლანისტის ავტომობილში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერებია. ვიდეოდან ჩანს, რომ რუსი მფრინავი ასაფრენი მოედნისკენ მიდის, წინ სავალი ნაწილი ავტომობილებით გადაკეტილი ხვდება და ოცზე მეტი ადამიანია შეკრებილი.

- გამარჯობა, რა მოხდა? - ეკითხება ფიოდორ ჩელიშევი შეკრებილებს.

- აქცია, აქცია გვაქვს - პასუხობენ ადგილობრივები.

- იქ გავლა შეიძლება?

- არა, არ შეიძლება.

- რატომ?

იმიტომ, რომ გუშინ თქვენმა ხალხმა ჩვენი ადამიანის მოკვლა სცადა. უკვე ყველა საზღვარს გადავიდნენ. აქ, არაადგილობრივები ამის შემდეგ ვეღარ იქნებით იმიტომ, რომ უკვე ჩვენი მოკვლა მოინდომეთ, გესმით? ჩვენიანის კლდიდან გადმოგდება გინდოდათ.

- ვფიქრობ, რომ ეს სიმართლე არ არის. ასე არ ხდება.

- ეს შენ ფიქრობ ასე, მაგრამ ეს მოხდა.

- მინდა, გავიარო, ვიკითხო რა ხდება იქ.

- არა. იქ არაფერი არ ხდება... აქ არ უნდა იყოთ. უკვე ყელში ამოხვედით, თქვენი საქციელით. 

- მე ახლა არავის ვეხები, უბრალოდ გავლა მინდა.

- ახლა არავის ეხები და აქამდე ყველა გვეხებოდა ყოველთვის.

- ვინ გეხებოდათ?

- ყველა თქვენგანი.

რამდენიმე წამის შემდეგ რუს მფრინავს უცენზურო სიტყვებით აგინებენ, ათამდე მამაკაცი მუშტებით და წიხლებით მას თავსა და მუცელში ურტყამს. რამდენიმე თვითმხილველი თავდამსხმელებს მიმართავს: „კარგი, ეყოფა, მოკვდება“ – „მოკვდეს ამის დედაც“, - ისმის თავდამსხმელების ხმა ვიდეოში.

დაახლოებით წუთნახევრის შემდეგ, ერთ-ერთი პირი მანქანაში სვამს ჩელიშევს, რომელიც ავტომობილის ქოქავს და წინ წასვლას, სავარაუდოდ, ინციდენტის ადგილის დატოვებას ცდილობს. ავტომობილი ადგილიდან სწრაფად წყდება და მალევე ყოვნდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩელიშევი მათთვის მანქანის დაჯახებას ცდილობდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან მის მანქანას ქვებს. ქვების სროლა მას შემდეგაც გრძელდება, რაც რუსი პარაპლანისტი თავდამსხმელებს სცდება და სხვა მიმართულებით მიდის.

„მთის ამბები“ ადგილობრივ პარაპლანისტებს, გიორგი და ვაკო ზაქაიძეებსაც დაუკავშირდა. მათ თქვეს, რომ ეს იყო პროვოკაცია რუსი მფრინავის მხრიდან, რაზეც კომენტარს არ გააკეთებენ. მათ აინტერესებთ, რატომ არ გაავრცელა რუსმა მფრინავმა ის მასალა, რაც ამ კონფლიქტს წინ უძღოდა. ადგილობრივმა პარაპლანისტებმა არ დააკონკრეტეს, რა უძღოდა წინ დღევანდელ ინციდენტს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ მფრინავს მოუხდა იმ ტერიტორიაზე დაჯდომა, რომელიც რუს პარაპლანისტებს აქვთ იჯარით აღებული და რუსებმა ის ხევში გადააგდეს, რის შედეგადაც ქართველმა მფრინავმა დაზიანებები მიიღო.

გუდაურის სამედიცინო ცენტრში „მთის ამბებს“ განუცხადეს, რომ ქართველი პარაპლანისტის დაზიანების შესახებ მათ არაფერი იციან და არავის მიუმართავს.

ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით, „მთის ამბებმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ გუშინ, 8 ივნისს, გუდაურში ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის ნამდვილად მოხდა ინციდენტი. გუდაურელების ცნობით, ფრენის შემდეგ, დაშვებისას რუსმა პარაპლანისტმა ქართველ მფრინავს პრობლემა შეუქმნა, ისე რომ ქართველი პარაპლანისტი ხევში იჩეხებოდა, ადგილზე მყოფ ქართველებს დახმარება რომ არ აღმოეჩინათ. ამ ამბავს დაპირისპირება გუშინვე მოჰყვა, თუმცა პოლიციაში აღნიშნეს, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა გუშინ სამართალდამცველებთან არ ითანამშრომლეს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, გუდაურში პარაპლანით ფრენის ლიცენზია ორ ჯგუფს აქვს. „ჩემთვის ცნობილი იყო ამ ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება კერძო ბიზნესის საკითხებში ვერ ჩაერევა. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ქართველი მფრინავი რუსების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაჯდა და რუსებმა ის ხევში გადააგდეს, ასეთი ამბავი მე არ მსმენია და ვერ დავადასტურებ“, - აღნიშნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა.

გუდაურში დღეს მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 187-ე (ნივთის დაზიანება) მუხლებით დაიწყო.

ვალერი მანშინიც რუსი პარაპლანისტია. „მთის ამბებს“ მან უთხრა, რომ გუდაურში სამუშაოდ ერთი წლის წინ ჩავიდა, თუმცა იქ მუშაობაზე მალევე უარი თქვა. „მაშინვე ვიგრძენი ეს მტრობა. ადგილების გამო იქ ომია. კახეთში ჩამოვედი, აქ ჩემს მიმართ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. ამიტომ ჯობია მეგობრებთან ერთად ვიყო და ჯანმრთელობა შევინარჩუნო, ვიდრე იქ ფულის გამო ვიჩხუბო. ერთ-ერთ მოსკოველ მფრინავს, იაროსლავსაც სცემეს, კლუბი „სოკოლი“ კი ერთი წლის წინ გააძევეს იქიდან“, - აღნიშნავს მანშინი.

„მთის ამბები“ განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას.

 

ამ თემაზე:

შსს-ს განმარტება გუდაურში ქართველი, რუსი და უკრაინელი პარაპლანისტების დაპირისპირებაზე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში