საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შსს-ს განმარტება გუდაურში ქართველი, რუსი და უკრაინელი პარაპლანისტების დაპირისპირებაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:27 - 10 ივნისი 2018 hits 18221

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 9 ივნისს, გუდაურში ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომლის შედეგადაც რუსეთის 2 მოქალაქე დაშავდა, წინ უძღოდა 8 ივნისს ქართველ და უკრაინელ პარაპლანისტებს შორის მომხდარი ინციდენტი.

შსს-ს ინფორმაციით, 8 ივნისს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება, რომ ქართველ პარაპლანით მფრინავებსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც დაბა გუდაურის ახლოს იჯარით აქვთ აღებული პარაპლანით დაშვების ადგილები, კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ქართველმა მფრინავებმა უკრაინის მოქალაქეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სამართალდამცველები შემთხვევის ადგილას ოპერატიულად გამოცხადდნენ. დაპირისპირება პოლიციელების მისვლის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა მათ მალევე შეძლეს კონფლიქტის განმუხტვა“, - განაცხადეს შსს-ში.

სამინისტროს ცნობით, გამოძიების პირველ ეტაპზე დადგინდა, რომ ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და სამივე დაზარალებული გამოკითხა. ასევე, ტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. საქართველოსა და უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული კონფლიქტის მეორე დღეს, ქართველმა მფრინავებმა დაბა გუდაურში პარაპლანით საფრენ ტერიტორიაზე მისასვლელი გზაზე მოძრაობა შეაფერხეს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს - პარაპლანისტებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი მოხდა.

დაპირისპირების შედეგად, ქართველმა პარაპლანით მფრინავებმა რუსეთის მოქალაქეებს: სერგეი დემენტიევს და ფეოდორ ჩელიშევს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს.

კონფლიქტის დროს დაშავებული ფეოდორ ჩელიშევი ამ დროისთვის თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. დაზარალებულს ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. რუს მფრინავს ცხვირიც გატეხილი აქვს.

„გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა კონფლიქტში მონაწილე რუსეთის ორივე მოქალაქე, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირების მიზნით. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

რუსმა პარაპლანისტმა ფიოდორ ჩელიშევმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ მომხდარ დანაშაულს ეთნიკური საფუძველი არ აქვს და ის ბიზნესის განაწილების მცდელობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, გუდაურში ის ოფიციალურად მუშაობდა და ტურისტებს ემსახურებოდა, ადგილობრივმა კონკურენტებმა კი მას მუშაობის უფლების სანაცვლოდ ფულის გადახდა მოსთხოვეს, უარის გამო კი სცემეს.

ჩელიშევის თქმით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, გუდაურში მუშაობის დროს ადგილობრივი კონკურენტები მას და მის უკრაინელ მეგობრებს დაემუქრნენ.

„ერთი წლის წინ მითხრეს: ან მუშაობ და გვიხდი ჩვენ, ან აქ არ იმუშავებ... აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკას. ადგილობრივმა ბიჭებმა, რომლებიც იგივე საქმით არიან დაკავებული, რითიც მე - პარაპლანით ფრენით, გადაწყვიტეს სხვა პილოტებს, ვინც ადგილობრივი არ არის, ფრენა აუკრძალონ“

ჩელიშევის თქმით, მას ფრენის ლიცენზია აქვს და საქართველოს ბიუჯეტში გადასახადებსაც იხდის. „ეს საერთაშორისო მნიშვნელობის გზაა, კურორტია, სადაც ორგანიზებული დანაშაული ხდება. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ სიტუაციაში გაერკვევა“, - ამბობს ჩელიშევი ვიდეომიმართვაში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში