ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა „მთის ამბებს“ დაუდასტურა, რომ კონცერტი ონში, დავით ხიდაშელისა და დავით საგანელიძის ორგანიზებით, ნამდვილად არის დაგეგმილი. კითხვაზე - ჩართულია თუ არა მუნიციპალიტეტის მერიაც საორგანიზაციო საკითხებში, მერმა განაცხადა, რომ მერია აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში არ მონაწილეობს.
ანსამბლი „ერისიონი“ კი თავის ფეისბუკგვერდზე, კონცერტების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ონის, ამბროლაურისა და ლენტეხის მერებს. ონამდე კონცერტები 19 ივლისს ლენტეხში, 21 ივლისს კი ამბროლაურში გაიმართება. იქვე, ანსამბლი მადლობას უხდის დავით საგანელიძესაც, ონში კონცერტის გასამართად მხარდაჭერისათვის.
ანსამბლის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კონცერტი „ქართული საგანძური“ ლენტეხსა და ამბროლაურში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის (ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში) ფარგლებში ტარდება.
უწერა სწორედ ის სოფელია, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს პროკურატურა მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთებს ედავება მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ რაჭასა და ქვემო სვანეთში, 104 712 ჰექტარი ტყე, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირს, დავით ხიდაშელს, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადასცა.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, უწერაში მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით გამოძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პროკურატურის მოთხოვნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 46 ადგილობრივი მკვიდრის მიწის ნაკვეთს ყადაღა დაადო. გამოძიება თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის მუხლებით მიმდინარეობს.
უწერის ტერიტორიაზე, მდინარე სკოდორულასთან ახლოს, ამ ნაკვეთებს ადგილობრივები ათობით წელია ამუშავებენ და ბოსტნეული მოჰყავთ. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი, 2020-2022 წლებში კერძო საკუთრებად დაირეგისტრირეს.
საქმე იმაშია, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორს, დავით ხიდაშელს, საქართველოს მთავრობამ, 2022 წლის 23 მარტს, 104 712 ჰექტარი ტყე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 თებერვლის მონაცემებით გადასცა. პროკურატურა უწერასა და რაჭის სხვა სოფლებში ადგილობრივებს ტყესთან ახლოს მდებარე სწორედ იმ მიწის ნაკვეთებს ედავება, რომლებიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, კერძო საკუთრებად, 2020 წლის თებერვლის შემდეგ არის რეგისტრირებული.
დავით ხიდაშელისთვის ტყეების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ სასამართლოში გაასაჩივრეს და საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოვლენილი კანონდარღვევების გამო, მის გაუქმებას ითხოვენ. დავით ხიდაშელისთვის გადაცემული ტყეები რაჭის 79 სოფლის გარშემო მდებარე ტერიტორიებს მოიცავს.
რაც შეეხება დავით საგანელიძეს, ის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. საპარტნიორო ფონდი სახელმწიფო საკუთრებაშია.
2020 წლის სექტემბერში, დავით საგანელიძე, ონში, მოსახლეობასთან შეხვედრისას მამისონის უღელტეხილზე გამავალი საქართველო-რუსეთის საავტომობილო გზის გახსნის ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, ეს გზა აუცილებლად უნდა გაიხსნას და საქართველომ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს, რადგანაც რაჭისთვის აღნიშნული გზა უმნიშვნელოვანესია.
მამისონის უღელტეხილი და იქ მდებარე მეტეოსადგური, რომელსაც 2008 წლის ჩათვლით ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ, 2009 წლიდან რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.