საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა კავშირი აქვს უწერაში მიწის ნაკვეთების წართმევის საქმეს ხიდაშელისთვის ტყეების გადაცემასთან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:15 - 18 ივლისი 2022 hits 4421

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არანაირ კავშირში არ არის ამ ლიცენზიასთან. ამის დაკავშირება არასწორია. ეს არის პროცესი - თუ ვინმეს ტყის ფონდის მიწა დაკავებული აქვს უკანონოდ და მას არ ჰქონდა ამის უფლება, ეს დარღვევაა და ამასთან დაკავშირებით გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს ხდება ყველა რეგიონში და რაჭა გამონაკლისი არ არის, ვერც იქნება“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც სოფელ უწერაში ადგილობრივ მცხოვრებლებს მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებას ედავებიან.

„მთის ამბებმა“ ორი დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაჭაში, დავით ხიდაშელისთვის გადაცემულ ტყეებთან ახლოს ადგილობრივებს მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთებს ართმევენ. ვისაც მიწა საჯარო რეესტრში კერძო საკუთრებად აქვს რეგისტრირებული, მათ წინააღმდეგ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის მუხლებით სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, ვინც ახლა ითხოვს რეგისტრაციას, მათ უარს ეუბნებიან. უწერის ტერიტორიაზე, მდინარე სკოდორულასთან ახლოს, ამ ნაკვეთებს ადგილობრივი მცხოვრებლები ათობით წელია ამუშავებენ და ბოსტნეული მოჰყავთ.

პროკურატურის მოთხოვნით, სოფელ უწერაში 20-ზე მეტ ოჯახს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიწის ნაკვეთები უკვე დაუყადაღა. გამოძიება რაჭის სხვა სოფლებსაც მოიცავს.

პროკურატურამ უწერაში მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით გამოძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. როგორც „მთის ამბებს“ პროკურატურაში განუმარტეს, ეროვნული სატყეო სააგენტოდან მიღებული მასალების თანახმად, უწერაში, 21 მიწის ნაკვეთი, სააგენტოს ინფორმირებისა და მონაწილეობის გარეშე, უკანონოდ იქნა ამოღებული ტყის კონტურიდან, მაშინ როცა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ ტყის ფონდს იყო მიკუთვნებული.

„მთის ამბებმა“ სატყეო სააგენტოდან გამოითხოვა ის წერილები, რომლითაც სააგენტომ პროკურატურას მიმართა. სააგენტომ საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

როგორც ცნობილია, „მთის ამბებმა“ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირისთვის, დავით ხიდაშელისთვის, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, რაჭასა და ქვემო სვანეთში, 49 წლით, 104 712 ჰექტარი ტყის გადაცემის საქმისწარმოების მასალები მხოლოდ მას შემდეგ მოიპოვა, რაც სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

საქმისწარმოების მასალების მიხედვით, ხიდაშელისთვის 104 712 ჰექტარი ტყის გადაცემა მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 თებერვლის მონაცემებით. პროკურატურა უწერასა და რაჭის სხვა სოფლებში ადგილობრივებს ტყესთან ახლოს მდებარე სწორედ იმ მიწის ნაკვეთებს ედავება, რომლებიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, კერძო საკუთრებად, 2020 წლის თებერვლის შემდეგ არის რეგისტრირებული.

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრი ოთარ შამუგია ხიდაშლისთვის სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტყეების საქმესაც გამოეხმაურა.

„არავითარ შემთხვევაში არ მომხდარა არანაირი ტერიტორიის გასხვისება. არ არის საუბარი გასხვისებაზე. საუბარია გარკვეულ ტერიტორიაზე, დაახლოებით 105 000 ჰექტარ ფართობზე – დიდ ფართობზეა საუბარი, რა თქმა უნდა, სალიცენზიო პირობების შესაბამისად, კომპანიისთვის გარკვეული უფლებამოსილების გადაცემაზე, რომელსაც თან სდევს ძალიან ბევრი ვალდებულება, რაც ამ კომპანიამ უნდა აიღოს თავის თავზე და უნდა განახორციელოს. არავითარ შემთხვევაში არ იზღუდება მოსახლეობის უფლება, რომ თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, მოიპოვოს არამერქნული რესურსი, ასევე, სათბობი შეშით უზრუნველყოფის საკითხი პრობლემის გარეშეა და არ იზღუდება ამ ლიცენზიის პირობებით. ლიცენზიატს აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას ტყე უკანონოდ ტყით სარგებლობისგან, ხანძრისგან, ასევე, დაიცვას იქ არსებული ჰაბიტატები, სახეობები და განახორციელოს ინვესტიცია – მინიმუმ 5 მილიონი ლარის ფარგლებში პირველი 5 წლის მანძილზე და ამ ინვესტიციის ფარგლებში, განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ადგილზე, სადაც უნდა დაასაქმოს ისევ და ისევ ადგილობრივი მცხოვრებლები. სალიცენზიო პირობებში პირდაპირ არის ვალდებულება, რომ იქ დასაქმებულების 80 % უნდა იყოს ადგილობრივი მცხოვრებელი.

რაც შეეხება კონკრეტულ პირობებს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ძალიან დეტალურად ვუპასუხოთ ყველა კითხვას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ინტერესი, რაც შეიძლება იყოს აქ და ასევე, ადგილობრივი მცხოვრებელების ინტერესი ამ სალიცენზიო პირობებში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია.

კომპანია ვალდებულია ლიცენზიის აღებიდან ერთი წლის განმავლობაში წარმოადგინოს სანადირო მეურნეობის მართვის გეგმა. რას გულისხმობს ეს - მანამდე იქ არანაირი ღონისძიების გატარების უფლება არ აქვს, გარდა ტყის დაცვითი ღონსიძიებისა. მან უნდა წარმოადგინოს სრული ნუსხა, თუ რის გაკეთებას აპირებს იქ, რის განვითარებას აპირებს, როგორი იქნება ის პროექტები, რომლებსაც განახორციელებს და რა იქნება თანამონაწილეობა.

ყველა შემთხევაში, ეს არ არის პირველი შემთხვევა – 2003 წლიდან 16 სამონადირეო მეურნეობაზეა ლიცენზია გაცემული ქვეყნის მასშტაბით და ყველა შემთხვევაში ეს ასე ხდება, რომ წარმოადგენს მართვის გეგმას, რომელიც განიხილება სამინისტროს და ყველა უწყების ფარგლებში. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მაქსიმალურად ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული პირი, ადგილობრივი მცხოვრებლები, ვინაიდან მათთან შეთანმხებით უნდა შედგეს ის გეგმა, რომელიც შემდგომ ლიცენზიანტმა უნდა განახორციელოს“, - განაცხადა მინისტრმა.

„მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ, 14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინეს საქართველოს მთავრობის იმ განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს თანხმობა მიეცა, რომ რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეები (104 712 ჰექტარი) აუქციონის გზით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, 49 წლით, დაინტერესებული პირისთვის, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული დავით ხიდაშელისთვის გადაეცა. ამავე ორგანიზაციებმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, რათა ბათილად იქნას ცნობილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ის ბრძანებები, რომლითაც რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა და ლიცენზია გაიცა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში