საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რუსული კომპანიების ხელმძღვანელები ქვემო სვანეთში ახალი ჰესების ასაშენებლად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:19 - 17 ივნისი 2022 hits 9325
ფოტოზე - კარენ დარბინიანი და კარენ ჰარუტუნიანი  /  ფოტო © tert.am
ახალი ამბები
ფოტოზე - კარენ დარბინიანი და კარენ ჰარუტუნიანი / ფოტო © tert.am

გზის რეაბილიტაციის როგორ უნდა გეშინოდეს, მაგრამ საჩხერე-რაჭის გზა ახალი გახსნილი იყო, საეჭვო კომპანიები ეგრევე რომ მიჰყვნენ და მანგანუმის ამოსაღებად შქმერის გადათხრა დაიწყეს.  ჭიათურაში ნანახითა და გაგონილით შეშინებულმა შქმერელებმა სამუშაოების შეჩერება მოახერხეს. ქვემო სვანეთიდან უშგულში გადასასვლელი გზის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის და ზესხო-ყორულდაშის ხეობაში, ორი ჰესის მშენებლობაზე უკვე ნებართვას ითხოვენ - თანაც რუსული კომპანიების ხელმძღვანელი პირები.

მდინარე ზესხოსა და ყორულდაშზე 20.3 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (ზესხო - 1 ჰესის) ასაშენებლად, ზესხოს 3.1 კილომეტრზე, ხოლო ყორულდაშს 5.3 კილომეტრზე ლითონის მილსადენში მოაქცევენ. პროექტის ღირებულება 9 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 3 მაისს, 14:00 საათზე, სოფელ ცანაშია დაგეგმილი. შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 5 მაისის ჩათვლით არის შესაძლებელი.

21.85 მგვტ დადგმული სიმძლავრის იქნება ცხენისწყალი 1 ჰესი. პროექტი ითვალისწინებს მდინარე ცხენისწყლის თითქმის 8 კილომეტრზე (7788 მეტრი) 2.4 მ. დიამეტრის ლითონის მილსადენში მოქცევას. ღირებულება 21 მილიონი აშშ დოლარია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, ორივე ჰესის მშენებლობაზე ნებართვის მიღებას, თბილისში დაფუნებული კომპანია „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“ ითხოვს. კომპანია 2021 წლის 25 მარტს არის რეგისტრირებული. საწარმოს 50 % წილის მესაკუთრე, ამ კომპანიაზე ორი დღით ადრე რეგისტრირებული, თითქმის იგივე დასახელების შპს „ჰაიდრო ინვესტია“, დანარჩენი 50 % კი სომხეთის მოქალაქეს კარენ ჰარუტუნიანს ეკუთვნის.

ვიდრე გავარკვევთ ვინ არის კარენ ჰარუტუნიანი, ჯერ „ჰაიდრო ინვესტზე“ მოვიძიოთ ინფორმაცია. შპს „ჰაიდრო ინვესტში“ წილის 85 %-ს საქართველოს მოქალაქე ზურაბ გელენიძე ფლობს. იგი სააქციო საზოგადოება „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის მოადგილეა. „თელასი“, რომელიც თბილისში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ერთადერთი კომპანიაა, რუსული „ინტერ რაოს“ საკუთრებაშია (აქციების 75 %). „ინტერ რაოს“ მთავარი აქციონერია რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტეგაზი“ (27.63 %). აქციების 8.57 % ეკუთვნის „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური ქსელის კომპანიას“ (ФСК ЕЭС), რომლის 80 %-საც რუსული კომპანია „როსსეტი“ ფლობს. თავის მხრივ „როსსეტის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი „როსნეფტეგაზია“. „ინტერ რაო კაპიტალის“ წილი 29.56 %-ს შეადგენს.

„ინტერ რაოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ბორის კოვალჩუკი. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის გამო, კოვალჩუკი 2022 წლის 11 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა.

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა დმიტრი შუგაევი, რომელიც ამავე დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორია. 2022 წლის 12 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შუგაევიც სანქცირებული იქნა, როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი. შუგაევი სანქცირებულია ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობების მიერაც. „ინტერ რაოს“ დირექტორთა საბჭოს არა-აღმასრულებელი თავმჯდომარეა იგორ სეჩინი - რუსი ოლიგარქი, ყოფილი სახელმწიფო მაღალჩინოსანი, რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანია „როსნეფტის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. 2022 წლის 24 თებერვალს ისიც მოხვდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ სანქცირებულთა სიაში, 10 მარტს კი ფინანსური სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც.

რაც შეეხება „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეიში“ წილის 50 %-ის მფლობელს კარენ ჰარუტუნიანს, იგი „სომხეთის ელექტროქსელების“ გენერალური დირექტორია.

2006 წლიდან, „სომხეთის ელექტროქსელებიც“ რუსულ „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა. 2015 წელს, ერევანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რაც „ინტერ რაოს“ მიერ ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდას მოჰყვა, „ინტერ რაოსა“ და კომპანიების ჯგუფ „ტაშირს“ შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას, სომხეთის ელექტროენერგეტიკული აქტივების შესყიდვის შესახებ. „ტაშირისთვის“ „სომხეთის ელექტროქსელების“ გადაცემა, მაშინ, ერევანში დადებითად შეფასდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ სომხეთის ენერგეტიკა რუსული გავლენისგან გარკვეულწილად გათავისუფლდა, თუმცა ექსპერტები იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ეს „რუსული პროექტი“ იყო და რუსეთი თავის გავლენას არ კარგავდა.

„ტაშირი“ აერთიანებს 200-ზე მეტ კომპანიას რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. „ტაშირის“ პრეზიდენტია სამველ კარაპეტიანი. იგი სომხეთის ქალაქ ტაშირში, 1965 წელს დაიბადა, 1990-იან წლებში კი რუსეთში გადავიდა და ქალაქ კალუგაში დასახლდა. 1999 წელს დააფუძნა კომპანია „ტაშირი“, რომელიც 20 წლის განმავლობაში ფედერალური მნიშვნელობის უმსხვილეს ჯგუფად გადაიქცა. 

ამჟამად „სომხეთის ელექტროქსელების“ 70 %-ს „ტაშირ კაპიტალი“ (Tashir Capital) ფლობს, ხოლო 30 %-ს კვიპროსში, 2010 წელს დაფუძნებული Liormand Holdings Limited-ი. ეს კომპანიაც სამველ კარაპეტიანს და მის ოჯახს ეკუთვნის.

ორი კვირის წინ, 2022 წლის 15 აპრილს, შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, კარენ ჰარუტუნიანმა, საკუთარი წილის 50 %-დან, ჯამში 33.2 % უსასყიდლოდ დაუთმო სომხეთის მოქალაქეებს, 1993 წელს დაბადებულ არა და 1994 წელს დაბადებულ აიკ დარბინიანებს. ორივე მათგანი, ერევანში, ერთი და იგივე მისამართზეა რეგისტრირებული - აჩაპნიაკი, შირაზის ქ. სახლი 48, ბინა 61.

სომხეთის რესპუბლიკის ელექტრონული რეესტრის მონაცემებით, ამავე მისამართზეა რეგისტრირებული „სომხეთის ელექტროქსელების“ დირექტორთა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარენ დარბინიანი. არა და აიკი მისი შვილები არიან.

ამგვარად, შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“, რომელიც ქვემო სვანეთში „ცხენისწყალი 1 ჰესის“ და „ზესხო 1 ჰესის“ მშენებლობაზე ნებართვის მიღებას ითხოვს, რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პირების ხელშია.

ნახეთ სპეციალური რეპორტაჟი - რუსეთი საქართველოს ენერგეტიკაში

Russia involved in Energy of Georgia and new hydropower plants under the auspices of Inter RAO

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში