საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგსა და თიანეთში დიალიზის ცენტრები გაიხსნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:39 - 02 აპრილი 2022 hits 5019
დედა-შვილი, ზაირა ფარჯიანი და მაია წერედიანი ინგოროყვას კლინიკაში
ახალი ამბები
დედა-შვილი, ზაირა ფარჯიანი და მაია წერედიანი ინგოროყვას კლინიკაში

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, მესტიაში, ამბროლაურში, ყაზბეგსა და თიანეთში დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდება. ადგილობრივ მცხოვრებლებს, ვისაც აღნიშნული მომსახურება სჭირდებათ, სიცოცხლის გასაგრძელებლად მშობლიური კუთხეებიდან აყრა და საცხოვრებლად სხვა ქალაქებში იძულებით გადასვლა აღარ მოუწევთ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მესტიაში, ამბროლაურსა და თიანეთში უკვე არსებული სამედიცინო დაწესებულებები დიალიზის თერაპიისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება და პაციენტებს პროფესიონალი მედპერსონალი მოემსახურება:

„ქალაქების იდენტიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე,

თიანეთის, მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, დიალიზის ცენტრები, საქართველოს კიდევ 4 ქალაქში, ეტაპობრივად გაიხსნება“.

ადამიანებს დიალიზი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება დაგვჭირდეს. ყველაზე ხშირად ეს თირკმლის უკმარისობის გამო ხდება. დიალიზის დაწყების გადაწყვეტილება ადვილი მისაღები ისედაც არ არის, რადგან ეს ცხოვრების წესის მკვეთრ ცვლილებას გულისხმობს - ადამიანი აპარატზე ხდება დამოკიდებული. დიალიზის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 1996 წლიდან ხორციელდება. 2022 წლის ბიუჯეტი, წლის დასაწყისში, 53 259 000 ლარია. პროგრამით ქვეყანაში 3400-მდე ადამიანი სარგებლობს, თუმცა დიალიზის ცენტრი საქართველოს არცერთ მაღალმთიან რეგიონში არ არის.

პრობლემის მოგვარებისთვის ადვოკატირების კამპანიის დაწყება მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც დიალიზდამოკიდებული პაციენტების შესახებ სპეციალური რეპორტაჟი გადავიღეთ. „აყრა ან საკვდილი“ სამი ადამიანის და მათი ოჯახების მაგალითზე ჰყვება იმ პრობლემის შესახებ, რომელიც ზემო სვანეთში წლებია დგას.

რეპორტაჟს მოჰყვა მესტიაში დიალიზის ცენტრის გახსნის მოთხოვნით შედგენილი პეტიციაც, რომელიც 10 ათასზე მეტ ხელმოწერასთან ერთად, 2022 წლის 25 იანვარს, გამოცემამ მთავრობის ადმინისტრაციაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სახალხო დამცველთან წარადგინა. მთავრობისგან ვითხოვდით, განეხილა აღნიშნული პეტიცია და რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები გადაედგა, რომ სვანეთის მცხოვრებლებმა მესტიის საავადმყოფოში შეძლონ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა; არ ხდებოდეს მათი დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის და გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მიხედვით.

დიალიზის პრობლემამ მეზობელ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მცხოვრები პაციენტებიც ლტოლვილებად ან მომთაბარეებად აქცია.

რაჭის სათემო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, „მთის ამბებმა“ მაღალმთიან რეგიონებში დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ხელმისაწვდომობის მიზნით დაწყებული ადვოკატირების კამპანია გააფართოვა და მესტიასთან ერთად, დიალიზის ცენტრის გახსნა ამბროლაურშიც მოითხოვა. 

ამასთან, „მთის ამბებმა“, თებერვალში 20-ზე მეტი მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რამდენი დიალიზდამოკიდებული ადამიანია რეგისტრირებული, დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის რა სახის დახმარებას, რა ტიპის ხარჯების დაფინანსებას ან თანადაფინანსებას ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი; რაზე დაყრდნობით განისაზღვრა გასაწევი დახმარების სახეობა და რაოდენობა.

ზოგიერთი მუნიციპალიტეტი დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს ყოველთვიურად, 150, 200, 250 ლარით ეხმარება იმისათვის, რომ პაციენტებმა კვირაში 3-ჯერ სერვისის მისაღებად, საცხოვრებელი ადგილიდან სხვა ქალაქის კლინიკებში ტრანსპორტირება შეძლონ. მაღალმთიან რეგიონებში მუნიციპალური ტრანსპორტის არქონის პირობებში, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები დიალიზდამოკიდებულ პირებს ერთი კვირის განმავლობაშიც არ ჰყოფნით კლინიკაში სიარულისთვის. „მთის ამბები“ ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში მუშაობს იმისთვისაც, რომ თვითმმართველობის ორგანოებმა დიალიზდამოკიდებული პირებისთვის გამოყოფილი ტრანსპორტირების თანხები სულ მცირე გააორმაგონ, იმ მუნიციპალიტეტში კი, სადაც ასეთი პროგრამა საერთოდ არ არის, ამოქმედდეს.

ეს თემა ცენტრალური სატელევიზიო მედიის დღის წესრიგშიც მოექცა.

პეტიცია სვანეთში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად - TV პირველი:

სვანეთში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად - ტელეკომპანია "ფორმულა":

მთიან რეგიონებში დიალიზის სახელმწიფო პროგრამა ხელმისაწვდომი არ არის - მთავარი არხი:


Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში