საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ENKA-მ ნამახვანჰესის ხელშეკრულება მთავრობასთან ოფიციალურად გაწყვიტა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:22 - 24 მარტი 2022 hits 5593

კომპანია ENKA Renewables-მა, რომელსაც ნამახვანჰესი უნდა აეშენებინა, საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვიტა. ამის შესახებ ENKA Insaat-ის 2021 წლის ფინანსურ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, 2019 წლის 25 აპრილს დადებული კონტრაქტი გაუქმებულია, 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონება კი ჩამოიწერა. კომპანია საქართველოში 800 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებდა.

„ჯგუფის 90%-იანი მფლობელობის ქვეშ მყოფმა შპს ENKA Renewables-მა გაწყვიტა 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან, ესკოსთან და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან.

ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზია საქართველოს მთავრობის მხრიდან პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი. გამომდინარე იქიდან, რომ საკუთრება, საწარმოო დანადგარები და აღჭურვილობა ვერ იქნება გამოყენებული, მისი ღირებულება - 40 389 000 აშშ დოლარი ჩამოიწერა“, - წერია ანგარიშში.

რიონის ხეობაში ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, 2021 წლის გაზაფხულზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა. მთავრობამ კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

მორატორიუმის გამოცხადებიდან რამდენიმე თვეში, 2021 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ კომპანია საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტდა. ENKA Renewables-ი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მთავრობის მიერ პირობების დარღვევას და ფორსმაჟორს ასახელებდა.

ხელშეკრულების გაწყვეტის დაანონსების შემდეგ კომპანიამ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში დაიწყო. საკითხზე ბოლოს სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან დავაში იურიდიული კომპანიები არიან ჩართულნი, კონკრეტული შედეგის დადგომამადე კი ინფორმაციას ვერ გაავრცელებენ.

მინისტრმა დაამატა ისიც, რომ ნამახვანჰესი, ხუდონჰესი და ნენსკრაჰესი სტრატეგიული პროექტებია და მათი განხორციელება ენერგოუსაფრთხოებისათვის აუცილებელია.

რა ეტაპზეა კომპანიასთან სასამართლო დავა, ითხოვს თუ არა კომპანია კვლავ კომპენსაციას და რა ბედი ეწევა მიტოვებულ სამუშაოებს? - ამ კითხვებით „მთის ამბებმა“ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა და პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყო და მოგვიანებით მრავალათასიან აქციებში გადაიზარდა. მშენებლობაზე უარის თქმის მოთხოვნით, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ პროტესტს ბოლო დრომდე არ წყვეტდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში