საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ნამახვანი, ხუდონი, ნენსკრა სტრატეგიული პროექტებია და აუცილებელია - დავითაშვილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:38 - 21 თებერვალი 2022 hits 3531

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე უარის თქმის მოთხოვნით, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 15 თვეა, პროტესტს არ წყვეტს. ჯერ პრემიერის წინასაარჩევნო განცხადებებმა, რომ „ენკასთან“ დადებული კონტრაქტის ზოგიერთი პირობა მისთვისაც მიუღებელი იყო, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი „ენკას“ გადაწყვეტილებამ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ, გააჩინა განცდა, რომ ნამახვანჰესი აღარ აშენდება. მართალია, რიონის ხეობაში სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა ეკონომიკის ახალმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ნამახვანჰესი, ხუდონჰესი და ნენსკრაჰესი სტრატეგიული პროექტებია და მათი განხორციელება ენერგოუსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია.

„ნამახვანი და დიდი პროექტები არის ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი. ენერგო სექტორზე როცა ვსაუბრობთ, ერთია, რამდენ მეგავატ სიმძლავრეს, გენერაციას შევქმნით ჩვენს ქვეყანაში და მეორეა, შინაარსობრივად როგორ შევქმნით. ნამახვანს და რამდენიმე ტიპის მნიშვნელოვან წყალსაცავიან ჰიდროელექტროსადგურს ენერგოსისტემის სტაბილურობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. მასზეა დამოკიდებული განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების განვითარება. ისეთის, როგორიც არის ქარი, მზის ენერგია და ა.შ. ამაზე ხშირად საუბრობდა ხოლმე ქალბატონი ნათია (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი თურნავა). სამწუხაროდ, არ ხდებოდა ადეკვატურად აღქმა. ბევრი საუბრობს, რომ მეტი მცირე ჰესი განვავითაროთ და არ გვინდა ნამახვანი. ეს ერთი და იგივე არ არის.

ჩვენთვის სტრატეგიული პროექტები, როგორიც არის ნამახვანი, როგორიც არის ხუდონი თუ ნენსკრა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს. ეს არის ენერგო უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის, ეკონომიკისთვის და ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ძალიან აქტიური იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა განმარტა, რომ სახელმწიფოს აქტიურობაში ამ პროექტების ხარისხიანად განხორციელება იგულისხმა, მაღალი პასუხისმგებლობით გარემოს მიმართ და მოსახლეობის სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, - „მე არა მგონია, ადამიანები რომლებიც ხშირ შემთხვევაში კითხვებს სვამდნენ და იყვნენ მოწინააღმდეგე ამ ჰესის, ისინი იყვნენ ზოგადად ადგილობრივი ჰიდროგენერაციის მოწინააღმდეგეები, თუმცა, ხშირად ისმოდა კითხვა, რომ ისინი შეიძლება არ არიან საკმარისად ინფორმირებულნი ან მათ სჭირდებათ დამატებითი გარანტიები იმისთვის, რომ ეს პროექტები განხორციელდეს“.

 

„კითხვებზე პასუხს ვითხოვთ, 15 თვეა ქუჩაში ვართ“

დღეს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელმა ვარლამ გოლეთიანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუწოდა, პასუხი გასცეს „რიონის ხეობის მცველებს“ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ კითხვებზე.  

ჩვენი მიზანია, პირდაპირ მივმართოთ უკვე შეცვლილ მინისტრს, ბატონ დავითაშვილს და თან ვურჩიოთ ისიც, რომ ნუღარ გაიმეორებს მისი წინამორბედის შეცდომებს. გახსოვთ, ქალბატონი თურნავას გაპარვის საკითხი და საერთოდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა ის მინისტრი იყო, ჩვენ ვერ მივაღწიეთ საჯაროობას, რომ დავმსხდარიყავით ჩვენ და სამინისტრო და გვესაუბრა ამ საკითხებთან დაკავშირებით. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს როგორც პროექტის უსაფრთხოებასთან, ისე მის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებასთან, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. სხვადასხვა დროს გარკვეული ინფორმაცია პრემიერისგანაც გაჟღერდა, რომ თვითონაც არ მოსწონდა ხელშეკრულების რაღაც დეტალები, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ ამ ყველაფერში ისინი პრობლემას ვერ ხედავენ და დავითაშვილის თქმით, აბსოლუტურ პრიორიტეტად არის მიჩნეული ნამახვანჰესი. ის, რასაც ჩვენ 15 თვეა ვითხოვთ, სრულიად იგნორირებული გამოდის. როცა საზოგადოებაში რეზონანსი იყო შექმნილი, ამბობდნენ, რომ რაღაც პრობლემები მართლაც არსებობს, რომ ეს აღმოიფხვრება და ა.შ. არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაუციათ და ბუნებრივია, ვერც ერთი პრობლემა ვერ აღმოიფხვრებოდა.

კომპანია „ენკამ“ გასული წლის სექტემბერში გააკეთა განცხადება გასვლასთან დაკავშირებით. მოვიდა გაზაფხული და ჯერ კიდევ აქ არიან. ეს დრო იწელება და თან აქ პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება არ ამბობს, სინამდვილეში რა ბედი ელის ამ პროექტს.

ბოლოს მოვისმინეთ თურქეთის ელჩის განცხადება, სადაც ამბობს, რომ ჩვენ გვინდა „ენკა“ დარჩეს და პროექტი გააგრძელოს. აგერ, ვისმენთ დავითაშვილის და ხელისუფლების განცხადებას, რომ ეს არის მათი აბსოლუტური პრიორიტეტი. ახლა ვნახეთ, ღარიბაშვილს უთქვამს, მაინინგის ჰაბად უნდა აქციოს საქართველო და ამისთვის პირდაპირ ინიცირდება ისეთი პროექტების მშენებლობა, როგორიც ნამახვანჰესია.

ფაქტია, რომ მოსახლეობის ასე ყოფნა და წელიწადნახევარი ქუჩაში ხალხის ასე დგომა ხელისუფლებას არ აღელვებს. ამიტომ, კატეგორიულად ვითხოვთ ჩაინიშნოს ერთი შეხვედრა, სადაც მინისტრი გაგვარკვევს, როგორც თვითონ ამბობს რაღაცაში, რაშიც ამდენ ხანს ვერ გაგვარკვიეს.

თუ აქვთ დასაბუთება და დამაჯერებლობა ამ ყველაფერში, ააშენონ ეს ჰესი, არც ამაზე არ გვაქვს პრობლემა, თუ აქვთ კითხვებზე პასუხი პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ საზოგადოებამ მიიღოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებას დღესვე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა მინისტრმა დავითაშვილმა და ღია დიალოგის მზადყოფნა გამოთქვა. მინისტრმა „რიონის ხეობის მცველებს“ სასაუბროდ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების პლატფორმა შესთავაზა:

„აქ საჭიროა ექსპერტების მოსმენა და იმ ცოდნის გათვალისწინება, რომელიც სპეციალისტებს აქვთ. ამიტომ, შეიქმნა პლატფორმა, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მეშვეობით. ეს არის ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაცია ევროპაში, რომელიც ამ ტიპის კომუნიკაციის კუთხით არის გამოცდილი. მათ აქვთ გამოცდილება, ბევრ ასეთ კონფლიქტურ სიტუაციაში ეწარმოებინათ მედიაცია საზოგადოების და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პლატფორმის მუშაობაში მონაწილეობდნენ. მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ „რიონის ხეობის მცველების“ ძალიან ბევრი აქტივობა და ენთუზიაზმი. თუმცა, ეს პლატფორმა არის და ვთხოვდი, რომ იქნებ გამოვიყენოთ ის“.

რაც შეეხება ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტას, მინისტრის თქმით, პროცესი რთულია, - „„ენკას“ თავისი პრეტენზიები აქვს. ისინი შეფერხდნენ მუშა პროცესში. მათ ასევე რაღაც გარკვეული წინადადებები აქვთ. თუმცა ჩვენ რაღაცეებს ვითვალისწინებთ და რაღაცეებში არ ვეთანხმებოდეთ. ამიტომ ეს პროცესი იქნება სამართლებრივი და ბუნებრივია, რომ ვიდრე არ იქნება რაღაც პროგრესი, ჩვენ ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ მივაწვდით, რაც არ უნდა გვინდოდეს, რომ მივაწოდოთ. ეს პროცესი თავის თავში მოიცავს ბევრ ელემენტს. ამიტომ, ჩვენი მხრიდან ჩართული გვყავს საექსპერტო, საკონსულტაციო, იურიდიული კომპანიები, მათ შორის, სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციები, რომლებსაც პროექტთან დაკავშირებით აქვთ თავიანთი შენიშვნები რაღაცების შესრულებასთან თუ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. არსებობს ასევე სასამართლო პროცესები. ეს პროცესი ძალიან ბევრი რამისგან შემდგარია, კომპლექსური საკითხია“.

ნამახვანჰესთან დაკავშირებით მედიაციის პროცესი გასულ წლის გაზაფხულზე, გიგანტური ჰესის წინააღმდეგ გამართული, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო. პროცესს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვისა და მოლაპარაკების ცენტრი უძღვებოდა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მოიწვია. ჰესის მოწინააღმდეგეები და მომხრეები დახურულ შეხვედრებზე მსჯელობდნენ. ამ პერიოდში ხელისუფლებამ აიღო რიონის ხეობაში დადგმული რკინის კედელი, თუმცა შენარჩუნდა აქტივისტების გადაადგილების შეზღუდვა; პატიმრობიდან გაათავისუფლეს ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციების რამდენიმე მონაწილე; შეჩერდა ჰესის სამშენებლო სამუშაოები.

19 ნოემბერს, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნომ მედიაციის პროცესი დასრულებულად გამოაცხადა და დასკვნითი ანგარიში გამოაქვეყნა.

რა წერია ანგარიშში

პირველი საკითხი ეხებოდა რიონის ხეობაში არსებულ სიტუაციას. დოკუმენტში წერია, რომ ამ საკითხზე მუშაობა დასრულებულია. 

„2021 წლის ივლისისთვის ადგილზე ვითარება დასტაბილურდა და მთლიანობაში სიმშვიდე იყო. მედიატორები რეგულარულად ახსენებდნენ მომიტინგეებს მათი ვალდებულების შესახებ, გააგრძელონ საპროტესტო აქციები მშვიდობიანად და უპირობოდ პატივი სცენ საქართველოს კანონებს, რაც გულისხმობს ადამიანებისა და მანქანების სამშენებლო მოედანზე შესვლის არდაბლოკვას. შუამავლების და შეხვედრების მონაწილეების მოლოდინი იყო, რომ საქართველოს პოლიცია დაიცავს საზოგადოებრივ წესრიგს და პატივს სცემს ხეობაში დაზარალებული ყველა კერძო პირისა და საწარმოს უფლებებს, მაგრამ ასევე პატივს სცემს კანონის აღსრულებისას პროპორციულობის პრინციპს, რათა ადამიანის უფლებები იყოს დაცული და თავიდან იქნეს აცილებული ესკალაცია“.

მეორე საკითხი ეხებოდა თვითონ პროექტს. მედიატორის ინფორმაციით, ამ საკითხის სტატუსი იყო შემდეგი - „შეთანხმებები შესრულებულია, შემდგომი აქტივობები შეჩერებულია“. ამ ნაწილში ეკონომიკის სამინისტროს უნდა გაესაჯაროებინა მშენებლობის ნებართვასთან შესაბამისობის ინსპექტირების ოქმი; გარემოს დაცვის სამინისტროს კი უნდა შეემოწმებინა გარემოსდაცვითი ნებართვის შესაბამისობა და გაესაჯაროებინა ის. „ინსპექტირების დასკვნა და მისი თანმხლები დოკუმენტები ეკონომიკის სამინისტრომ ნატახტრის შეხვედრიდან ორ კვირაში გაავრცელა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექტირება კოვიდ ინფიცირებისა და ინსპექტირების სააგენტოს თანამშრომლების სავალდებულო კარანტინის გამო გადაიდო. ადგილზე ინსპექტირება ჩატარდა 2021 წლის ივლისის ბოლოს/აგვისტოს დასაწყისში. საფუძვლიანი გამოძიების და პროექტის სირთულის გამო, ინსპექტირების დასკვნა არ არის დასრულებული ამ ანგარიშის დაწერის დროს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოაქვეყნებს საბოლოო ანგარიშის შედეგს.

რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელ მიმოხილვას და კონტრაქტის კომერციულ პირობებს, საერთო აზრი იყო, რომ ასეთი შეფასება მიზნად უნდა ისახავდეს იმის შემოწმებას, არის თუ არა პროექტთან დაკავშირებული სერიოზული და ობიექტური რისკები („წითელი დროშები“), როგორც ერთადერთი ლეგიტიმური მიზეზი არსებული კონტრაქტებისა და ნებართვების გადახედვისათვის მედიაციის პროცესის ფარგლებში“.

კერძოდ, სამუშაოების შეჩერება შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორი დამოუკიდებელი მიმოხილვის შედეგად გამოვლინდება ე.წ. „წითელი დროშები“, ანუ მნიშვნელოვანი რისკები, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის გაგრძელებასთან.

ივლისში, რამდენიმე ვირტუალური შეხვედრისა და მხარეებს შორის ხანგრძლივი კომუნიკაციის შედეგად, განისაზღვრა და შეთანხმდა პროექტის გარემოსდაცვითი შემოწმების/გადახედვის ტექნიკური დავალება (TOR). გარემოსდაცვითი გადახედვის დაფინანსება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მეშვეობით.

რაც შეეხება პოტენციურ გარემოსდაცვით მიმომხილველს და მის შერჩევას, მხარეებმა ერთობლივად მოამზადეს პოტენციური კონსულტანტების სია ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრული ამოცანების საფუძველზე და შეიმუშავეს შერჩევის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც უზრუნველყოფენ შესყიდვის გამჭვირვალე და მიუკერძოებელ პროცესს. გარდა ამისა, შეიქმნა ერთობლივი კომისია, რომელიც შედგებოდა საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლებისგან, რომელსაც თავმჯდომარეობდა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარმომადგენელი.

ამ ერთობლივმა კომისიამ დაასკვნა, რომ გარემოსდაცვითი შემმოწმებლების შერჩევის პროცესში გამოყენებული უნდა იყოს მსოფლიო ბანკის შესყიდვის წესები და კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდი. ამ დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს მეშვეობით დაიწყო საქართველოს მთავრობის სპეციალური განკარგულების გამოცემის პროცედურა. მომზადდა ინტერესთა გამოხატვის მოთხოვნის პროექტი და კონსულტაციები გამართა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან. გარემოსდაცვითი მიმომხილველის შერჩევა შეჩერდა Enka Renewables-ის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შემდეგ.

2021 წლის ივლისში, ასევე შეთანხმებული იქნა ტექნიკური დავალება პროექტის კომერციული გადახედვისთვის. ამისთვის, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნომ თავის ექსპერტებს დაავალა, მოემზადებინათ ანგარიში შეთანხმებულ ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრული ამოცანების საფუძველზე. ანგარიშის დასრულება შეჩერდა Enka Renewables-ის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შემდეგ.

პროექტის გარემოსდაცვითი და კომერციული მიმოხილვა შეჩერებულია მანამ, ვიდრე ნათელი არ იქნება ნამახვანჰესის პროექტის მომავალი.

მესამე საკითხი ეხებოდა ენერგეტიკის ეროვნულ პოლიტიკას. ამ საკითხის სტატუსში მითითებულია, რომ შეთანხმებები შესრულდა და  შემდგომი აქტივობები მედიაციის ფარგლებს გარეთაა გასაკეთებელი.

30 ივლისს გარემოს დაცვის სამინისტრომ გაგვიზიარა ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ პროექტი, რომელიც უნდა შევიდეს საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ გეგმაში (NECP). პირველი (ვირტუალური) შეხვედრა ამ პროექტის განსახილველად და შემდგომი ნაბიჯების შესათანხმებლად შედგა 2021 წლის 17 სექტემბერს. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ჩართულნი უნდა იყვნენ საქართველოს ენერგომოთხოვნისა და მიწოდების მომავლის შესახებ დისკუსიაში.

ეს დისკუსია შედგება საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ გეგმის მომზადების მთელ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი ექსპერტების ჩართვით.

ამ პროცესის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ გეგმაში თავისი წვლილი შეიტანონ - ეს მოიცავს მათი მონაცემების შეტანას გეგმაში, პოტენციური მიწოდების, მოთხოვნისა და იმპორტის სცენარების შემუშავებას.

იდეალურ შემთხვევაში, ერთობლივი მუშაობის პროცესში შემუშავდება შესაბამისი ჰიდროენერგეტიკული პროექტების რუკა, რომელსაც შეუძლია წინასწარ განსაზღვროს შესაბამისი მდებარეობები/რეგიონები როგორც ენერგეტიკული, ისე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ან დაადგინოს კრიტერიუმები მათი განსაზღვრისთვის.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კონსტრუქციული დამოკიდებულების ერთგულნი არიან და აღიარებენ, რომ პოლიტიკისა და ზომების შემუშავება საჭიროებს კონკრეტული ფაქტებით, მონაცემებით და პროგნოზების მოდელირებით გამყარებას, ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ გეგმაში პოლიტიკებისა და ზომების შესახებ მთავრობას ეკუთვნის.

2021 წლის 20 ოქტომბერს, გარემოს დაცვის სამინისტრომ გააკეთა გეგმის წინასწარი პრეზენტაცია. ამას მოჰყვება რამდენიმე შემდგომი სესია. გეგმა ასევე დაექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ჩაერთვებიან შეფასების მომზადებაში და წვლილს შეიტანენ შეფასების სკოპინგის ანგარიშში. შემუშავების შემდეგ, როგორც გეგმა, ასევე შეფასება, დაექვემდებარება ფართო საჯარო კონსულტაციებს.

შემდგომი ნაბიჯები: მედიატორებმა გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომი ჩართულობისთვის. 2021 წლის 17 ნოემბერს მხარეები და მედიატორები შეთანხმდნენ უწყვეტი გაცვლისა და დისკუსიებისთვის შესაბამისი ჩარჩოს შექმნაზე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში